logo_geo
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვის ვალდებულებას ითვალისწინებს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
- +

1 დეკემბერი. 2023. 11:45

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლითაც ცვლილება შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს  კანონში, საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით, 81 ხმით, მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიზანს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს.

 

ცვლილებების თანახმად, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ზონებში/გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას სავალდებულო იქნება სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა.

 

ამასთან, განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, შესაძლოა დადგინდეს ზემოაღნიშნული პერიოდისგან განსხვავებული დროის მონაკვეთი ან დაწესდეს დამატებითი მოთხოვნა, სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებთან ერთად მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით აღჭურვის შესახებ.

 

ზემოაღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

 

სანქციად წესდება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 5 ქულით შემცირება. ზამთრის საბურავების ტექნიკური მახასიათებლები საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.

 

 

big_banner
არქივი