logo_geo
ია მეტრეველი: ბუტა ვნახე, ძალიან ცხადად, სიტყვა სიტყვით ასე მითხრა...
- +

10 ივლისი. 2017. 16:50




2004 წლის 24 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულის ღამეს, პატრულის თანამშრომელმა გიორგი ბაშალეიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა ბუტა რობაქიძე, ხოლო ბუტა რობაქიძის თანმხლები ახალგაზრდები ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ყალბი ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ. ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობა, რასაც გარდაცვლილის ოჯახის წევრების, მისი ახლობლების და საზოგადოების მხრიდან დიდი პროტესტი მოყვა. ბუტა რობაქიძის დედა წლების განმავლობაში იბრძოდა ერთადერთი შვილის მკვლელობაში თანამონაწილეების სამართლებრივად დასჯას.


ია მეტრეველი „მარშალპრესს" ბუტას დაბადებაზე, მის ბავშვობაზე, ბუტას სიყვარულის ისტორიასა და დედა-შვილობაზე უამბობს.


ამდენი წელი გავიდა, თუმცა ამ ტკივილს არაფერი შველის, უბრალოდ ტკივილთან ერთად ცხოვრებას ეჩვევი. ის რომ ხარ უბედური, ამას ეჩვევი... ცხოვრობ ამ ტრაგედიასთან ერთად....

 

21 წლის ვიყავი როდესაც ბუტა გამიჩნდა. ძალიან მძიმე მშობიარობა მქონდა, საკეისრო დამჭირდა. დედაჩემს ხელიც კი მოაწერინეს შეიძლება ბავშვი ან დედა დაიღუპოსო, ძალიან რთული მდგომარეობა მქონდა. ამ ეტაპმაც ჩაიარა. იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როდესაც დედა ხდები, პირველად მოგიყვანენ და გულში ჩაიკრავ შვილს.

 

ბუტა ურთულესი გასაზრდელი ბავშვი იყო. სამი წელი ტანსაცმლით მეძინა. სულ ხელში უნდოდა ყოფნა... ჩემი მთელი ოჯახი ჩართული იყო მის დაძინებაში. თუმცა ძალიან ჯანმრთელი იყო. განსაკუთრებული ბავშვი იყო, მისი ბედიც ასე განსაკუთრებულად წარიმართა. მის გამო პრობლემა არასდროს შემქმნია. სულ ვარჯიშობდა, სიგარეტს არ ეწეოდა, უნდოდა, ჯანმრთელი ყოფილიყო. ხან ტრენაჟორებზე დადიოდა, ხან ცურვაზე. თავის გამოჩენა არ უყვარდა. არ მახსოვს რამე გაეფუჭებინოს, გაეტეხოს. ძალიან კარგი მეგობრები ჰყავდა. დღემდე განიცდიან მისი მეგობრები ბუტას დაღუპვას. დღემდე მოდიან ჩემთან, შვილებივით მყავს. მოდიან და იხსნებენ ისტორიებს ბუტაზე. ბევრი ადამიანი მეუბნებოდა ხოლმე, ვერ ამჩნევთ, რომ ბუტა რაღაცნაირად სხვანაირიაო... საოცრად ფრთხილი ბავშვი იყო. ძმაკაცები რამდენჯერმე გადაარჩინა თავისი სიფრთხილით. ერთხელ მთვრალები დაუტოვებია და მერე რატომღაც მიბრუნებულა. უნახავს, რომ ჩაიდანი გაზზე იდგა, ადუღებული წყალი გადმოსულა, გაზი ჩაუქრია და ვერ იგებდნენ, რომ იწამლებოდნენ. ბიჭები სულ ამბობენ, ბუტა რომ არ ყოფილიყო, გავიგუდებოდითო. ძალიან მზრუნველი და თავის ასაკთან შედარებით ძალიან სერიოზული იყო. როგორც მამა ისე ჰყავდათ ამ ბიჭებს ბუტა, მათი პატრონი იყო ფაქტობრივად, მათზე მზრუნველი და თბილი.

 

ძალიან ღრმა და ნიჭიერი ბიჭი იყო. ხატავდა. სხვათაშორის, ფორტეპიანოზეც დადიოდა პატარა რომ იყო. ძალიან უყვარდა სპორტი. ღამეებს ათენებდა ხოლმე ფეხბურთის ყურებაში. ძალინ უყვარდა ფილმი „უძინართა მზე", ძალიან ხშირად უყურებდა ამ ფილმს, ასევე „დათა თუთაშხია".

 

უყვარდა ერთი ძალიან კარგი გოგო... ახლა შეგნებულად არ დავასახელებ მის ვინაობას, რადგან იმ გოგონას უკვე ოჯახი ჰყავს, ღმერთმა ბედნიერი ამყოფოს. ძალიან უყვარდა ეს გოგო. მორიდებული იყო, არ საუბრობდა ამ თემაზე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვმეგობრობდით, მაინც არ საუბრობდა ამ თემაზე ჩემთან. თუმცა როგორც შემდეგ მითხრეს, მასზე დაქორწინებას ფიქრობდა. სრულიად შემთხვევით ბუტას ბალიშის ქვეშ ვიპოვნე ამ გოგონას ფოტოსურათი, რომელიც მე თვითონ ძალიან მიყვარდა. ძალიან გამიხარდა ეს ამბავი.

 

ერთი საოცარი რამ მინდა გავიხსენო. ბუტას ორმოცი გასული არ იყო, მისი ნივთები, ყველაფერი ბიჭებს, მის მეგობრებს დავურიგე, ბუტას სამახსოვროდ. ვფიქრობდი, რომ იმ გოგონასაც მივცემ რაღაც ნივთს-მეთქი, მაგრამ მითხრეს, არ გინდა, გოგონა გათხოვდება, თავის გზა ექნებაო და ბიჭებს მიეცი ყველაფერიო. არაფერი აღარ მიმიცია მისთვის.

 

40 არ იყო გასული, ცხადად მესიზმრება ბუტა... ყველაფერი ძალიან რეალური იყო. მეუბნება - დედა, შენ იცი რომ მე ცოლი მომყავდა, იცი დედა ვინ მომყავდაო და მისი სახელი მითხრა... დედა, რამე ნივთი, ხომ არ გაქვს ჩემი ცოლისთვის, რომ მისცეო?-მეკითხება. არა, არაფერი არ მაქვს მეთქი - ვპასუხობ. სიტყვა-სიტყვით ასე მითხრა - ხო, რა ვიცი, რაღაცას მთხოვსო. რომ გამომეღვიძა, იმდენად ცხადად მესიზმრა ეს ყველაფერი, საშინელი განცდა დამეუფლა. გაოგნებული ვიყავი. მართლაც ვიყიდე ბეჭედი, დავურეკე ამ გოგონას, რომ ჩემთან მოსულიყო. არ იცოდა ჯერ რასთან დაკავშირებით ვიბარებდი. რომ მივიდა, სანამ ამ თემაზე საუბარს დავიწყებდი, გოგონას ბუტას კლასელიც ახლდა თან, რომელმაც მითხრა, იცით ია დეიდა, თიკოს ნივთი უნდოდა სამახსოვროდ და თქმა ერიდეობოდაო, არაფერი არ დარჩა ბუტასგან, სულ ყვავილებს უგზავნიდა და რაიმე ნივთი ხომ არ გაქვთ დარჩენილიო, როდესაც ვუამბე რაც დამესიზმრა, ორივე გაოგდნენ.

 

ბუტა მას ყვავილებს უგზავნიდა მეგობრის ხელით, თხოვდა ასე გადაეცი - „ერთი კარგი ბიჭისგან".

 

ხშირად ვფიქრობ, რომ რაღაცას გრძნობდა, იმდენად ფრთხილი იყო ყოველთვის. ზედმეტს არასდროს საუბრობდა, თვალებში კი მუდმივი ნაღველი ჰქონდა. თითქოს ძალიან უფრთხილდებოდა და ეტრფოდა სიცოცხლეს.

 

ბუტა ჩემთვის უდიდესი ბედნიერება და უდიდესი უბედურებაა. ალბათ, არცერთი დედა არ უნდა მოესწროს შვილის სიკვდილს. მე მართლა ძალიან მიკვრის, რომ დღეს ცოცხალი ვარ. ამხელა ბიჭი იყო და ღამე მაინც ვდგებოდი, რომ შემემოწმებინა საბანი ხომ არ ჰქონდა გადახდილი, ახლა კი სად მყავს ბავშვი... და დღეს მე ცოცხალი ვარ... წლების განმავლობაში საერთოდ საღ გონებაზე არ ვიყავი, ქვეყნიერებას დავცილდი... ახლა საზრუნავი დამრჩა ჩემი ძმის შვილები, დის შვილები, დედა და ალბათ ეს მაძლებინებს ამ ქვეყნად. რაღაცებმა დამაფიქრა და მივხდი, რომ ცხოვრება უნდა განვაგრძო, რადგან სხვა გზა არ მაქვს", - ამბობს ია მეტრეველი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი