logo_geo
გელა ზედელაშვილი: კაცებმა ეს გაითვალისწინეთ!
- +

18 ივლისი. 2017. 17:59


 

„დიახ, არანაირი პატრიოტიზმი არ ღირს ქალის გინებად. რა აზრებიც არ უნდა აწუხებდეს და რა ქარიშხალიც არ უნდა ტრიალებდეს ქალის გონებაში, ის მაინც ხელშეუხებელია. თუ შენ კაცობაზე, მამულიშვილობასა და პატრიოტობაზე დებ თავს, მაშინ ეს უნდა იცოდე", - ამის შესახებ ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი წერს და შემდეგი სახის განცხადებას ავრცელებს:


„რა უნდა თქვას და გააკეთოს ქალმა ისეთი, რომ გაუპატიურებით, აჩეხვით და ცემით დაემუქრო? არ ვიცი, სიტყვა „მდედრი" შემაკავებელი ფაქტორი უნდა იყოს ყველა მამრისთვის!

 

არ არსებობს დედამიწის ზურგზე ქალი, რომელთან საუბარიც არ შეიძლება. ყველას გააჩნია თავისი გასაღები, მორალი, გაგება, სითბო, სიყვარული. თუ შენ კაცი ხარ, უნდა იცოდე ამ გასაღების შესახებ. ბოლოს და ბოლოს, თუ ქალს ვერაფერს გააგებინებ, თუკი აუტანელია საუბარი, ზრდილობიანად დაამთავრე ურთიერთობა.

 

კაცი, რომელიც ლანძღავს ქალს, ემუქრება და „დუელში" იწვევს, ის არის ქათამი, უკეთეს შემთხვევაში - ინდაური!

 

ამას არ ვწერ „ქართველთა მარშის" ორგანიზატორებსა და იმ გოგოზე, რომელსაც შეურაცხყოფა მიაყენეს. არ ვიცი, იძახიან, ჩვენ არ ვიყავით, „ჩაგვიდესო", „ფეიკ-გვერდები" გაგვიკეთესო, გაგვიჩალიჩესო. არაფერს გამოვრიცხავ. თუმცა ყველა ვარიანტში ბოდიშია მოსახდელი. თუ ჩემი სახელით ვინმეს შეურაცხყოფას მიაყენებენ, ბოდიშს მაინც მე მოვიხდი.

 

ჰოდა, იმას ვამბობდი, ქართულ საზოგადოებაში უკვე ძალიან ცუდადაა საქმე - გამონაკლისების გარდა, აღარავინ დაგიდევთ, ქალს ელაპარაკება, ბავშვს, მოხუცს თუ უფროსს, დედის ტრაკი ორი შაური გახდა. იყო დრო, დედის ხსენებას ვერავინ გაბედავდა, დედა და ქალი იყო ხელშეუხებელი, უზენაესი, წმინდანი. ახლა რა ხდება, რა დაავადება შეგვყრია ისეთი, რომ ერთმანეთს დედას, ცოლსა და შვილს ვულანძღავთ? აშკარად ფსიქოლოგიური პრობლემები გვაწუხებს, ძალიან სერიოზული გამოკვლევაა ჩასატარებელი!

 

თუ შენ მართლა კაცი ხარ, ქალმა რომც გაგინოს, ხმა არ უნდა ამოიღო, უბრალოდ გაიცინე და გაიარე... თუ გინდა, მოეფერე, დაუყვავე, ეს უკეთესი ვარიანტია. რას მიქვია „ნაციონალობა" და „ქოციონალობა"? შეგიძლია, გააკრიტიკო, ამას არავინ გიკრძალავს, შეგიძლია იკამათო, სარკაზმიც გამოიყენო, არც ამას გიკრძალავს ვინმე, მაგრამ მუქარა? გინება? შეურაცხყოფა? არა, მართლა არ ღირს არანაირი პატრიოტიზმი და ქვეყანა ქალის გინებად. არის კი ასეთი საქციელი პატრიოტობა და ქვეყნისადმი პატივისცემა? არა მგონია!" - წერს ზედელაშვილი.

 

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი