logo_geo
ნინო თანდილაშვილი იაპონიის ელჩს იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა
- +

19 თებერვალი. 2024. 13:50

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა. შეხვედრაზე კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების და საქართველო-იაპონიას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში ერთობლივი საკრედიტო მექანიზმის (JCM) იმპლემენტაციის საკითხები განიხილეს.

 

ნინო თანდილაშვილმა მადლობა გადაუხადა იაპონიის ელჩს იმ მხარდაჭერისთვის, რასაც იაპონური მხარე საქართველოში გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით ახორციელებს.

 

„იაპონიასთან თანამშრომლობა დაეხმარება  საქართველოს მწვანე  ეკონომიკაზე გადასვლის, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების  და  სათბურის აირების ემისიების შემცირების პროცესში, რაც ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) მიღწევას. იაპონური მხარის შემდგომი მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება ერთობლივი დაკრედიტების მექანიზმის (JCM) ეფექტიანი განხორციელების, ეკომეგობრული სოფლის მეურნეობის  და ალტერნატიული ენერგიის შესაძლებლობების განვითარებისთვის და დაგვეხმარება მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგათ ევროინტეგრაციის გზაზე აღებული ვალდებულებების შესრულების მიმართულებით“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

 

იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ხაზი გაუსვა ერთობლივი დაკრედიტების მექანიზმის (JCM) მნიშვნელობას ორივე მხარისთვის და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით იაპონიამ და საქართველომ უკვე გადადგეს მნიშვნელოვანი ნაბიჯები. იშიძუკა ჰიდეკის  განცხადებით, საქართველოს აქვს პოტენციალი კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების  და სათბურის აირების ემისიების შემცირების კუთხით.  იაპონური მხარე მზად არის ითანამშრომლოს საქართველოსთან როგორც სამთავრობო, ასევე კერძო სექტორის დონეზე, ურთიერთობების გაღრმავების და ორივე მხარისთვის მომგებიანი პროექტების განხორციელების კუთხით.

 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა როგორც სოფლის მეურნეობის, ისე გარემოს დაცვის მიმართულებით აქტიურად გაგრძელდება.

 

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და იაპონიის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

big_banner
არქივი