logo_geo
მინისტრის დადგენილებით სასჯელთაღსრულების დაწესებულების დროებით დატოვება უფასო ხდება
- +

31 ივლისი. 2017. 02:57

 

 

„პატიმრობის კოდექსში" ცოტა ხნის წინ ცვლილებები შევიდა. აღნიშნული ცვლილებების შედეგად, იქმნება ახალი ტიპის - გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, რომელშიც პატიმრებს კონკრეტული პროფესიის დაუფლების, ასევე, დაწესებულების დროებით დატოვების შესაძლებლობა ექნებათ; ამასთან, გათავისუფლებისთვის მომზადების, დაბალი რისკისა და არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების მიღების უფლება მიეცემათ.


ცვლილებათა პაკეტით გათვალისწინებული სიახლეების ნაწილი უკვე ამოქმედდა კანონის გამოქვეყნებისთანავე, ნაწილი - 2017 წლის 1 სექტემბრიდან და 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.


რა ცვლილებები იგეგმება ქართულ ციხეებში საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით:


იცვლება ტელევიზორით სარგებლობასთან დაკავშირებული წესები;


მინისტრის მიერ დადგენილი წესით შესაძლებელი იქნება დაწესებულების დროებით დატოვება საფასურის გადაუხდელად. მანამდე ეს სერვისი ფასიანი იყო;


ფართოვდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეების დაცვის გარანტიები;


დაწესდება რეგულაციები დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე პირთა ქცევის შესახებ;


დაბალი რისკისა და ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს მიეცემათ უფლება, დაწესებულების დირექტორის ნებართვით იქონიონ მაცივარი;


საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულებისთვის იზრდება სატელეფონო საუბრებით სარგებლობის ოდენობა და ხანგრძლივობა, ასევე, მათ ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება მიენიჭებათ;


ქალ მსჯავრდებულებს, რომლებსაც პენიტენციურ დაწესებულებაში ჰყავთ 3 წლამდე ასაკის შვილი, 3 წლის ასაკის მიღწევის გამო დაწესებულებიდან ბავშვის გაყვანის შემდეგ, 1 წლის განმავლობაში, უფლება მიეცემათ უქმე და დასვენების დღეებში დაწესებულება დროებით დატოვონ და შვილი მოინახულონ;


მცირდება დისციპლინური პატიმრობის ვადები;


სასჯელის ახალი სახე - შინაპატიმრობა სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც ინერგება;


მკაცრდება მსჯავრდებულის მიერ გაქცევის ან სასჯელის მოხდისგან თავის არიდებისთვის გათვალისწინებული სასჯელი; იხვეწება მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის თაობაზე ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი;


იხვეწება უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულის გათავისუფლების, ასევე, ავადმყოფობის გამო მსჯავრდებულისთვის სასჯელის გადავადების და სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების მექანიზმები და სხვა.


ამასთან, 3 წლის ასაკის მიღწევის გამო დაწესებულებიდან ბავშვის გაყვანის შემდეგ დედის მიერ მისი მონახულების წესი 2017 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შევა; ხოლო 2018 წლის 1 იანვრიდან: გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებასთან დაკავშირებული საკითხები; მსჯავრდებულის მიერ უმაღლესი განათლების მიღების წესი და პირობები; შინაპატიმრობის დანერგვასთან დაკავშირებული ნორმები.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი