logo_geo
ახალი წარწერა კვირიკე მეფის საფლავზე
- +

6 სექტემბერი. 2017. 13:20



გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში იოანე ნათლისმცემლის ტაძარში კვირიკე მეფის საფლავზე ახალი წარწერა აღმოაჩინეს.


როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა თამაზ მარკოზაშვილმა აღნიშნა, საფლავის ქვაზე კიდევ ბევრი წარწერაა, რომლის გაშიფრვასაც დროს სჭირდება.


„კვირიკე მეფის საფლავზე გამოჩნდა ახალი წარწერა: „გარდაიცვალა დედოფალი ელენე ასული კვირიკე მესამისა". მეცნიერები ვარაუდობენ, რომ საქმე შესაძლოა საგვარეულო აკლდამასთან გვქონდეს. არის მოსაზრებები, რომ მეფესთან ერთად, შეიძლება, დაკრძალული იყოს მისი მეუღლე და ასული. ასომთავრული წარწერები გაკეთებულია საფლავის მოჩარჩოებულ ნაწილზე. უნდა ითქვას, რომ საქართველოში ასეთი ლამაზი კალიგრაფიით შესრულებული წარწერები სხვაგან არ გვხვდება", - განაცხადა თამაზ მარკოზაშვილმა.


თამაზ მარკოზაშვილის თქმით, საფლავის გახსნა ამ დროისთვის არ იგეგმება.

 

„საფლავის გახსნის ინტერესი დიდია, მაგრამ საპატრიარქოს პოზიციაა ასეთი, რომ ამ ეტაპზე არ მოხდეს. გამომდინარე იქიდან, რომ ეკლესია-მონასტრები საპატრიარქოს კუთვნილებაა, მათი აზრი გადამწყვეტია. საფლავის ქვაზე არის წარწერა: წყეულიმც იყოს, ვინც ხელით შეეხოს. ეს მძარცველებისგან დასაცავად კეთდებოდა. იმისთვის, რომ მომავალში სამარხი დაცული იყოს, ვარაუდობენ, ეკლესია გახდეს მოქმედი და აღორძინდეს სამონასტრო ცხოვრება. ჩატარდება არქეოლოგიური კვლევები, დასრულდება რეაბილიტაცია. საფლავი შემოიღობება და ტურისტებს ექნებათ მისი დათვალიერების საშუალება. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საუკუნის აღმოჩენა. ქართველი მეფის საფლავი ბოლო წლების განმავლობაში არსად დაფიქსირებულა", - აღნიშნა მარკოზაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის რესტავრაციისას, მარჯვენა ეკვდერში, მეთერთმეტე საუკუნის სამარხს მიაკვლიეს. როგორც ვარაუდობდნენ, საფლავი კახეთ-ჰერეთის მეფეს კვირიკე მესამეს ეკუთვნის.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი