„საქართველოს ტურიზმის სტრატეგია შემოსავლიანი ხდება", - აღნიშნული სათაურით ამერიკული გამოცემა Forbes სტატიას აქვეყნებს.
„საქართველო ტურიზმს სერიოზულად, ძალიან სერიოზულად ეკიდება. ჰკითხეთ ჯესპერ ბლეკს. როდესაც 2016 წელს ჰოლანდიელი ტურისტი ჩაფრინდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და ქვეყნის მეექვსე მემილიონე ვიზიტორი გახდა, მას წითელი ხალიჩით დახვედრა მოუწყვეს და პრემიერ-მინისტრთან სავახშმოდ „მერსედესით" წაიყვანეს", - წერს სტატიის ავტორი სტეფან რაბიმოვი.
როგორც მასალაშია აღნიშნული, 2011 წელს საქართველოში 2,8 მილიონი ვიზიტორი ჰყავდა, 2016 წელს კი ექვსი მილიონი, ეს ნახტომი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისთვის დიდი გამოწვევაა. „მოულოდნელად, ქვეყანა თითქოს ყველა მოგზაურის რადარზე გაჩნდა", - წერს ავტორი და აღნიშნავს, რომ 2015 წელს "ნიუ-იორკ თაიმსმა" მსოფლიოში მოსანახულებელ 50 ადგილს შორის საქართველო 25-ე ადგილზე დაასახელა.
სტატიაში ნათქვამია, რომ ტურიზმის განვითარებასთან ერთად ევროპის ქალაქებში ახალი ავიარეისები დაემატა.
"ეს შემოსევა არის ყველა ფრონტზე განხორციელებული ინვესტიციისა და ბიძგის კულმინაცია, რომ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრია მდგრად, ძირითად მამოძრავებლად გადაიქცეს, რათა გაუმჯობესდეს ქვეყნის გლობალური ეკონომიკური მდგომარეობა.
საქართველო ყოველთვის იყო მასპინძლობისა და თბილი მიღების სინონიმი, სადაც ამბობენ, რომ სტუმარი უფლის საჩუქარია", - წერს ავტორი.
სტეფენ რაბიმოვი საქართველოს ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ მრავალი ახალგაზრდა ქართველი, რომელმაც განათლება საზღვარგარეთ მიიღო, ბრუნდება სამშობლოში, რომ ბიზნესის მრავალი სფეროსა და ტურიზმს განვითარების ბიძგი მისცეს.
ამასთან, საქართველოს მთავრობამ ტურიზმის ინდუსტრიაში ამბიციური გეგმა დაისახა: მან უახლოესი ორი წლის განმავლობაში 25 ახალი სასტუმრო უნდ ააშენოს, გააუმჯობესოს ინფრასტრუქტურა, შავი ზღვის პირეთში საოჯახო სასტუმროების განვითარებისთვის ადგილობრივებთან იმუშაოს და აამაღლოს ტურისტული სტანდარტები.