logo_geo
გელა ზედელაშვილი: კიდევ კარგი, კახა კალაძე ბალეტმაისტერი არ იყო, თორემ ესენი „ელასტიკებით“ ირბენდნენ!
- +

5 ოქტომბერი. 2017. 18:45



„ალეკოს გაუკეთებია ვიდეორგოლი, სადაც ამბობს: მეო, აი, მეო, კახის შევთავაზე ნებისმიერ ტელევიზიაში სადებატოდ დაჯდომა, მაგრამ გაურკვეველი მიზეზებით მივიღე უარიო", - ამის შესახებ ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სტატიას აქვეყნებს.


„აი, ხალხნო და ჯამაათნო, ფოტოზე თქვენ ხედავთ ალეკო ელისაშვილს. ნახეთ, როგორ სპორტულად იქნევს ფეხებს, რომლებსაც თავი არ აძლევს მოსვენებას. ალეკოს გაუკეთებია ვიდეორგოლი, სადაც ამბობს: მეო, აი, მეო, კახის შევთავაზე ნებისმიერ ტელევიზიაში სადებატოდ დაჯდომა, მაგრამ გაურკვეველი მიზეზებით მივიღე უარიო. კაცო, კახი რომ საქართველოს სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი მაგარი ფიგურაა, ორი აზრი არ არსებობსო, მაგის საყურებლად ღამეები მითენებია და ძაან ამაყიც ვიყავიო... თუმცაო, აი, თუმცაო, როცა ეგ ბურთს დასდევდა, მე თბილისის პრობლემებს ვიკვლევდიო. ჰოდა, ახლა კალაძემ რომ ბურთაობაში გამომიწვიოს, არ გავალ, აზრადაც არ მომივა, გავიდე და შევეჯიბროო... კალაძე კი აპირებს, გამოვიდეს და თბილისის პრობლემების გადაჭრაში შემეჯიბროსო.

 

ისე, ჩემო კახიო, - მიმართავს ელისაშვილი კალაძეს, - შენ დაჯექი რომელიმე ტელევიზიაში, მედებატე და მერე აირჩიე ნებისმიერი სტადიონი, თუ გინდა, ბურთაობაშიც შევეჯიბროთ ერთმანეთსო. ესე იგი, ტელევიზორში მე დაგამარცხებ, სტადიონზე - შენ და ბარი-ბარში ვიქნებითო, ოღონდ თბილისის მერობა მე დამრჩებაო. აბა, დროებით, ველოდები პასუხსო და ისევ იქნევს ფეხებს.

 

ეტყობა, ალეკოს დაავიწყდა, რომ ის თბილისის სპეციალისტი კი არა, ჟურნალისტი იყო და იქიდან გაქანდა საკრებულოში. თავისივე ლოგიკით, არ ჰქონდა უფლება, ეფიქრა საკრებულოს წევრობაზე. ამიტომ, დიდ სისულელეს ღაღადებს, როცა კახა კალაძეს ფეხბურთელობას შეახსენებს და თან ბოლოს ორი თითით მიანიშნებს, ორი გოლი რომ გაიტანე საკუთარ კარში, ეგეც მახსოვსო. ეს ერთი, ახლა მეორე - ალეკოს თუ არ სურს, რომ გაიხსენოს, საზოგადოებას ახსოვს, იმავე ალეკოს რამდენი გოლი აქვს გატანილი თავის კარში - მარტო ხუთამდე აქვს გატანილი, როცა ტელეკომპანია „კავკასიაში" გარემარბის როლი ითამაშა!

 

აშკარაა, წყალწაღებულებს პოლიტიკა აგიჟებს - აგერ, ერთი პაციენტი სახეზეა. კიდევ კარგი, კახა კალაძე ბალეტმაისტერი არ იყო, თორემ ესენი ბურთებით კი არა, „ელასტიკებით" ირბენდნენ. ალბათ გახსოვთ, საქველმოქმედო მატჩის დღეს ელენე ხოშტარიამაც აკენწლა ბურთი და გიგილო უგულავას facebook-გვერდზე ატვირთა. ახლა, წესით, ზალა უდუმაშვილი უნდა გამოგვეცხადოს ბურთით... და, რა თქმა უნდა, შპაგით!" - წერს ზედელაშვილი.









 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი