logo_geo
„სოხუმში მოსალოდნელია წვიმა“ - გურამ ოდიშარიას საჯარო ლექცია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
- +

24 ოქტომბერი. 2017. 18:55

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში კულტურის ყოფილმა მინისტრმა, მწერალმა გურამ ოდიშარიამ ლექცია წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „სოხუმში მოსალოდნელია წვიმა“. ლექციას სტუდენტები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

„მე სოხუმელი კაცი ვარ. დავამთავრე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივი და ბედნიერებაა, როდესაც მიწვევენ უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა ზურაბმა დამირეკა და მითხრა, რომ  სტუდენტებს სურთ გურამ ოდიშარიასთან შეხვედრა.

 

დღეს ვისაუბრებ ყველაფერზე, რაზეც შემეკითხებიან, თუ როგორ ვწერ წიგნებს, აფხაზეთში ჩასვლისას ვის ვხვდები და როგორ. ახალგაზრდებს განსაკუთრებით  აინტერესებთ, თუ რას ამბობენ იქაური ახალგაზრდები ჩვენზე, როგორ გვიყურებენ, ვინ ვართ ჩვენ მათთვის, ამოუცნობი, მტრები თუ მოკეთეები“, - აცხადებს გურამ ოდიშარია.

 

აქვე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ ისაუბრა გურამ ოდიშარიაზე და აღნიშნა, რომ იგი არის არა მარტო უნივერსიტეტის, არამედ ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანის მეგობარი.

 

„მინდა, გითხრათ, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დამკვიდრდა ტრადიცია, კვირაში ორჯერ გაიმართოს საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა და საჯარო ლექციები. დღეს ჩვენი სტუმარია ბატონი გურამ ოდიშარია საჯარო ლექციით. გურამი არის უნივერსიტეტის მეგობარი, ასევე ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანის მეგობარი, პირადად ჩემი მეგობარი და საინტერესო ბიოგრაფიის მქონე ადამიანი.

 

ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია მისმა მასპინძლობამ. ეს იყო სტუდენტების თხოვნა, რომ ბატონი გურამი ყოფილიყო ჩვენი სტუმარი“, - აცხადებს ზურაბ ხონელიძე.

 

აქვე ეთნოსახლის პრეზიდენტი მაია ბასარია აღნიშნავს, რომ გურამ ოდიშარიას წლების განმავლობაში ბევრი რამ გაუკეთებია იმისთვის, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის პროცესი უფრო წინ წასულიყო.

 

„ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ბატონი გურამ ოდიშარია არის ადამიანი, რომელმაც წლების განმავლობაში ბევრი რამ გააკეთა, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენის პროცესი წასულიყო წინ. ამის ნათელი მაგალითია მისი არაერთი წიგნი, რომელიც აფხაზეთს ეძღვნება. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქართველმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ბატონი გურამის ერთ-ერთი წიგნი - „პრეზიდენტის კატა“ თვით აფხაზების მიერ ითარგმნა აფხაზურ ენაზე, რაც კიდევ უსვამს ხაზს იმას, რომ ჯერ კიდევ არსებობს და ცოცხლობს აფხაზებში ინტერესი ქართველებთან ურთიერთობის აღდგენის მიმართ.

 

 

ვთვლი, რომ დღეს, როგორც არასდროს, არის მნიშვნელოვანი, ახალგაზრდული ძალა იყოს ჩართული იმ პრობლემის მოგვარებაში, რაც ორ ათეულ წელზე მეტია საქართველოში დგას“, - აცხადებს მაია ბასარია.




 

big_banner
არქივი