logo_geo
მართლმადიდებელი ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს
- +

13 დეკემბერი. 2016. 01:44



13 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო.


ანდრია იყო იესოს პირველი მოწაფე რომელიც იქნა ამორჩეული, ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. ანდრია კაპერნაუმში ცხოვრობდა და თევზაობდა გალილეის ტბაში. გადმოცემის თანახმად ანდრია და იოანე ზებედესი იყვნენ წმინდა იოანე ნათლისმცემელის მოწაფეები.


სულთმოფენობის შემდეგ მოციქულებმა კენჭი ყარეს თუ ვის სად ექადაგა. ანდრია მოციქულს ქადაგება წილად ხვდა: შავი ზღვის სანაპირო, ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთი და სკვითეთი (დღევანდელი რუსეთი).


გადმოცემის თანახმად თავიდან მოციქული ქადაგებდა იუდეას სამარიაში, ასევე ღაზაში. ღაზადან გადავიდა პალესტინის ქალაქ ლიდაში (სადაც შემდგომში მოწამეობრივად აღესრულა წმინდა გიორგი). შემდგომ გადავიდა ანტიოქიაში და იქიდან ედესაში (ქ. ურფა, თურქეთი). 36 წელს წმინდა ანდრია მოციქული გადავიდა ბიზანტიის ბერძნულ ქალაქში, რომელიც შემდგომ გახდა კონსტანტინეპოლი. აქ მან დაადგინა ეპისკოპოსად სტაქო სამოცდაათაგანი. შემდგომ იქადაგა კაპადოკიაში, გალატიაში, ასევე იყო ბერძნულ პონტოში (დღევანდელი ჩრდ. თურქეთი), ხოლო შემდეგ გაემართა საქართველოში და შემდეგ სომხეთში. ამით თავისი ქადაგება დაასრულა და დაბრუნდა იერუსალიმში.


ქართლის ტერიტორიაზე იგი პირველად დიდ აჭარაში შემოვიდა. მას თან ჰქონდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი.


წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება.



 

big_banner
არქივი