logo_geo
მერაბ გეგეჭკორი: ქვეყანასა და ჩემს თავზე უბედურება ერთდროულად ტრიალებდა…
- +

14 დეკემბერი. 2016. 14:07



„ქართულ აზრთან" საუბრისას მსახიობმა და პაროდისტმა მერაბ გეგეჭკორმა ის ეტაპი გაიხსენა, როდესაც მშობლები გარდაეცვალა და მარტო დარჩენილს სხვადასხვა ადგილას მუშაობა უწევდა.


„ჩემში 2 ახალი განცდა დაიბადა, ერთი იყო სრული თავისუფლების და მეორე სრული მარტოობის, როდესაც არავინაა გამკითხავი. ორივე ერთმანეთს აბალანსებდა. სრული მარტოობის განცდა თუ დამძლევდა, მახსენდებოდა, რომ შემეძლო, დამოუკიდებლად მიმეღო გადაწყვეტილება, არავისთვის მეკითხა არაფერი, ვყოფილიყავი პასუხისმგებელი ჩემს ქცევებზე.

 

მაშინ ყველაზე მთავარი იყო, მარტო არ დავრჩენილიყავი, ამიტომაც მოვძებნე ასეთი საშუალება - სამსახურები, სულ ვმუშაობდი და სულ სხვადასხვა ადგილას, ხან მეწაღე ვიყავი, ხან დარაჯი, ხან სტამბაში ვმუშაობდი, ყველგან, სადაც შემეძლო, ამით საზოგადოებასთან ვურთიერთობდი. ამ განცდებით გავიარე ცხოვრება.

 

ერთხელ დარაჯად ვმუშაობდი და მომიჯნავე დარაჯმა, როდესაც გაიგო, რომ სრულიად მარტო ვიყავი, მითხრა, წადი ამ სამსახურიდან, მარტოობას არ შეეჩვიო და ხალხს არ გადაეჩვიოო. დღემდე არ ვიცი ვინაა ეს ადამიანი, თუმცა ჩემთვის უსახელო ფილოსოფოსია.

 

მაშინ საომარი დრო იყო, ყველა თავის საბუდარში იკეტებოდა, არავის ეცალა სხვისთვის, ისე გამოვიდა, რომ ქვეყანასა და ჩემს თავზე უბედურება ერთდროულად ტრიალებდა, როდესაც ქვეყანაში შედარებით დალაგდა სიტუაცია, ჩემს თავზეც გამოანათა და მოვიდა პროექტები: „დიდების ზღაპარი", „იუმორინა", პაროდიები", - განაცხადა მერაბ გეგეჭკორმა.


 

big_banner
არქივი