logo_geo
მთავრობის ადმინისტრაცია ნიკა ჩერქეზიშვილსა და ვეფხია ღვალაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- +

15 დეკემბერი. 2016. 11:37


 


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს შესყიდვების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის ნიკა ჩერქეზიშვილისა და მრავალშვილიან ვეტერან ვეფხია ღვალაძესთან დაკავშირებით, რომლებიც მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქციებს მართავენ, განცხადებას ავრცელებს.


„საქართველოს სახელმწიფო უწყებების, მათ შორის, მთავრობის ადმინისტრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, არაერთი შეხვედრა გამართეს ნიკოლოზ ჩერქეზიშვილთან, რომელიც, საჯარო სამსახურში დასაქმების მოთხოვნით მჯდომარე აქციას მართავს. პროტესტის პირველივე დღიდან, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ნიკოლოზ ჩერქეზიშვილს შენობაში შესვლა შესთავაზეს, რაზეც მან უარი განაცხადა. ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციასთან მუდმივად მორიგეობს სასწრაფო დახმარების ბრიგადა. საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილს განემარტა, რომ საგარეო უწყებაში მისი საქმიანობის შეწყვეტა სამართლებრივი პროცედურების სრული დაცვით განხორციელდა და ამაზე მოწმობს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომლითაც ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამასთან, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილს მონაწილეობა მიღებული აქვს იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რომლის პირველი ეტაპიც გაიარა, თუმცა, არაერთი შეტყობინების მიუხედავად, მეორე ეტაპზე - ტესტირებაზე არ გამოცხადდა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილს, რომელსაც საჯარო სამსახურში დასაქმების სურვილი აქვს, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა შეხვედრებზე მკაფიოდ განუმარტეს, რომ ამის მიღწევის ერთადერთი გზა კონკურსში მონაწილეობაა. აღსანიშნავია, რომ საჯარო სამსახურის ბიუროს ამჟამად ვაკანსია საჯარო სამსახურის 213 პოზიციაზე აქვს გამოცხადებული, მათ შორის, შესყიდვების მიმართულებით. საჯარო სამსახურის ბიურო განმარტავს, რომ საჯარო სამსახურში დასაქმების ერთადერთი, რეალური საშუალება სწორედ კონკურსში მონაწილეობაა. ამის მიუხედავად ჩერქეზიშვილის მოთხოვნად რჩება იუსტიციის სამინისტროში დასაქმება, რაც ვერ განხორციელდება შესაბამისი ვაკანსიის არსებობის და კონკურსის გავლის გარეშე.

 

სახელმწიფომ დახმარება მას რამდენჯერმე გაუწია. ღვალაძეების მრავალშვილიანი ოჯახი ბოლნისის რაიონში ერთი ჰექტარი მიწის ნაკვეთისა და სახლის მფლობელია. ისინი სახელმწიფოსგან თვეში 1000 ლარამდე დახმარებას იღებენ. ბოლნისის გამგეობა მრავალშვილიან ოჯახს სახლს ურემონტებს და პირველადი მოხმარების საგნებითა და ავეჯით უზრუნველყოფს. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ, მას ორი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვიც შეუძინა. გარდა ამისა, ვეფხია ღვალაძის მეუღლემ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსგან მიიღო ფულადი კომპენსაცია ბინისთვის, 10 ათასი აშშ დოლარის ოდენობით. ღვალაძეების ოჯახის ერთ-ერთი წევრი, საჭიროებიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური პროგრამითაც სარგებლობს. ვეფხია ღვალაძემ, როგორც ვეტერანმა, მიიღო შეთავაზება ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურში დასაქმებასთან დაკავშირებით, რომელზეც მისი თანამდებობრივი სარგო 1000 ლარი იქნებოდა, თუმცა, მან სამსახურის დაწყებაზე უარი განაცხადა. ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა ვეფხია ღვალაძეს რამდენჯერმე ფულადი დახმარებაც გაუწიეს. ამასთან ერთად, ვეფხია ღვალაძე ფონიჭალასა და ვაზიანში მდებარე ორი სახლის მის მფლობელობაში გადაცემას, დაკანონებას ითხოვს. ფონიჭალაში მდებარე ე.წ. სამხედრო დასახლებაში ვეფხია ღვალაძე უკვე მრავალი წელია ცხოვრობს, საიდან გამოსახლების საფრთხეც მას არ ემუქრება. ვაზიანში კი, ღვალაძეს დაკავებული აქვს ბინა ლტოლვილებისთვის აშენებულ კორპუსში, რომელიც ექსპლუატაციაში მიღებული არ არის და საცხოვრებლად საშიშია. აღნიშნულ კორპუსთან დაკავშირებით, ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო დავა, შესაბამისად, საცხოვრებლად საშიში სახლის დაკანონება დავის დასრულებამდე შეუძლებელია. მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის პროცესში, მას შემდეგ, რაც მას სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების ფარგლებში დახმარება შესთავაზეს, ვეფხია ღვალაძემ ასევე შეცვალა მისთვის 100 თხისა და 10 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შეძენის მოთხოვნა და სახელმწიფოს ტრაქტორის გადაცემა და ჯართის შეგროვების ნებართვა სთხოვა. თუმცა, მას განემარტა, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში ტრაქტორები არ აქვს და ჯართის შეგროვებაზე ნებართვის გამცემიც არ არის. ამასთან, ვეფხია ღვალაძემ უარი განაცხადა ერთ-ერთი ბიზნესმენის შეთავაზებაზე, რომელმაც, საკუთარი ინიციატივით, მრავალშვილიანი ოჯახისთვის 10 თხისა და ორი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შეძენა გადაწყვიტა. მთავრობის ადმინისტრაცია პატივს სცემს აზრის გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა მიიჩნევს, რომ უკიდურესი ფორმების გამოყენება მიზნის მიღწევის საშუალება არ არის", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.


 

big_banner
არქივი