logo_geo
ქართულმა მხარემ Amazon-ს სადისტრიბუციო ცენტრის საქართველოში შექმნა შესთავაზა
- +

27 დეკემბერი. 2016. 13:54


 


აშშ-ში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ციკოლია და საქართველოს საელჩოს მრჩეველი ლევან ბერიძე 13-15 დეკემბერს, სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონის შტატის ქალაქ სიეტლს ეწვივნენ, სადაც კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრა გაიმართა და საქართველოსა და შეერთებული შტატების ბიზნეს პერსპექტივაზე ისაუბრეს. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა Amazon-ისა და Microsoft-ის წარმომადგენლებთან. როგორც საქმიან დილასთან საუბრისას გიორგი ციკოლიამ განაცხადა, Microsoft-ის წარმომადგენლებთან ორი ძირითადი მიმართულება განიხილეს, - განათლებისა და მეწარმეობის მხარდაჭერა. მისივე თქმით, Amazon-თან ქართულმა მხარემ რამდენიმე წინადადება წარადგინა, აქედან ერთ-ერთი სადისტრიბუციო ცენტრის საქართველოში შექმნას გულისხმობს.


„პირველი მიმართულება, სადისტრიბუციო ცენტრებს ეხება და მსოფლიო მასშტაბით კომპანიას ძალიან ბევრ ქვეყანაში, ქალაქსა თუ რეგიონში აქვს ასეთი ცენტრი. აღნიშნულ ცენტრებს ორი ბიზნეს მოდელი აქვთ. ერთი მიმართულებაა. რომლითაც Amazon საკუთარი პროდუქციის მიწოდებას ითვალისწინებს მომხმარებელთან და მეორე - როდესაც Amazon-ი, როგორც შუამავალი ისე მოქმედებს. ჩვენ ორივე მიმართულებაზე ვისაუბრეთ და ამ კუთხით საქართველოს უპირატესობა გააჩნია, რადგან ასეთი ტიპის ცენტრი ჩვენს რეგიონში არ არსებობს. Amazon-ი თავისი ბიზნესით, როგორც ჩვენს რეგიონში, ასევე შუა აზიაშიც აპირებს შესვლას. ჩვენ, რა თქმა უნდა, საქართველოს უპირატესობაზე გავამახვილეთ ყურადღება და იმაზე, თუ როგორ შეიძლება ჩვენ ამ კუთხით ჰაბი გავხდეთ. ეს წინადადება პოზიტიურად მიიღეს და შევთანხმდით, რომ მეორე ეტაპზე ინფორმაციას უკვე დეტალურად მივაწვდით", - განაცხადა ციკოლიამ.


ცნობისთვის: Amazon-ს დღეს პოლონეთში სამი ლოგისტიკური ცენტრი აქვს, სადაც ჯამში 4500 ადამიანია დასაქმებული. კომპანია სამომავლოდ დასაქმებული პირების რაოდენობის ზრდას და დამატებით 1500 სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს. კომპანია პოლონეთის ბაზარზე 2 წლის წინ შევიდა და დღემდე ქვეყანაში 460 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი