logo_geo
გია ბაღაშვილი: ახალი წლის მთავარი მომმარაგებელი გახლავართ!
- +

1 იანვარი. 2017. 13:04


 


ფოლკლორისტი და ხელოვნებათმცოდნე გია ბაღაშვილი ახალ წელს ყოველთვის დიდი სიხარულით ხვდება. როგორც მუსიკოსმა „ქართულ აზრთან" საუბარში აღნიშნა, მისთვის ეს დღესასწაული განსაკუთრებულია და ულევ სიხარულთან და სურვილების ასრულებასთან ასოცირდება. ახალი წლის სამზადისშიც აქტიურად იღებს მონაწილეობას, რამეთუ ის დღესასწაულის მთავარი მომმარაგებელია. ამბობს, რომ კერძების მომზადებაში აბსოლუტურად უნიჭოა, თუმცა შეფასებასა და ქალბატონების სამზარეულოში საქმიანობის საუკეთესო დამფასებელია.


- სად ხვდებით ხოლმე ახალ წელს?

 

- ბოლო წლების განმავლობაში, ახალ წელს ყოველთვის სახლში ვხვდები. ოჯახში სამი პატარა გვყავს და ჩვენ თვითონ ვიქეცით მიზიდულობის ცენტრად. მთელი ოჯახის ერთად შეკრება, ერთგვარ ტრადიციად ჩამოგვიყალიბდა. ამ დღესასწაულს ყოველთვის განსაკუთრებით ველოდებით. შარშან ჩემი შვილი, პატარა მარიამი კი ეთამაშა ნაძვის ხეს, ახლა უკვე ორი წლის არის და უფრო დაინტერესდება ახალი წლის მორთულობებით.  


გარდა ამის, კიდევ ერთი ტრადიცია გვაქვს, რომელიც ნაძვის ხის მორთვას უკავშირდება. ყოველ წელს ჩვენი ნაძვის ხე კონფიგურაციის ცვალებადობას განიცდის. პატარები როდესაც წამოიზრდებიან, დაბალ სიმაღლეებზე შედარებით თამამად ვკიდებთ ხოლმე შუშის სათამაშოებს.


- თუ იღებთ მონაწილეობას საახალწლო სამზადისში?

 

- რა თქმა უნდა და ახალი წლის მთავარი მომმარაგებელი ვარ. საახალწლო კერძების მომზადების საკითხში კი სრულიად უნიჭო ვარ, რასაც დაგემოვნებაზე ნამდვილად ვერ ვიტყვი. ეს ჰაბიტუსზეც მეტყობა. კარგი შემფასებელი ვარ, ამასაც ხომ გარკვეული ნიჭი უნდა?! კაცზე რომ იტყვიან, პირის გემო აქვსო, ე. ი. მას რაღაც ნიჭი ჰქონია. ამასთანავე, სამზარეულოში ქალბატონების საქმიანობის კარგი დამფასებელიც გახლავართ. 


- საახალწლო სუფრის რომელი კერძი გიყვართ განსაკუთრებით?

 

- ჩემთვის საახალწლო სუფრა საცივის გარეშე წარმოუდგენელია. სიმართლე გითხრათ, გამიჭირდება კერძის დასახელება, რომელიც არ მიყვარს, თუმცა საცივი, ვფიქრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართულ კულინარიაში. გარდა ამისა, ახალი წლის განუყოფელი ნაწილია გოზინაყი. როდესაც მას თვალს მოვკრავ, მაშინ ვგრძნობ, რომ ახალი წელია.


- ბატონო გია, რომელიმე ახალი წელი სხვებისგან გამორჩეულად ხომ არ გახსოვთ?

 

- გამიჭირდება რომელიმეს გამოყოფა, რადგან ყოველი ახალი წელი განსაკუთრებული მოვლენაა და ღრმა ბავშვობიდან მოყოლებული, ჩემთვის ყველაზე გამორჩეული დღესასწაულია. გამორჩეულია იმიტომ, რომ მას თან ახლავს საყოველთაო სიხარულის განცდა, ყველა ოჯახს აქვს უკეთესი მომავლის იმედი და ყველგან სრული ურთიერთკეთილგანწყობა სუფევს. ყველა ეს შეგრძნება დღემდე უცვლელად გამომყვა. ახლა კი, როდესაც ოჯახში პატარები გვყავს, ახალი წლის მოლოდინი უფრო გამიმძაფრდა და შვილებთან ერთად თავიდან გავდივარ ამ ლამაზ შეგრძნებებს. ამ ყველაფერს, უკვე წლების მანძილზე, ტრადიციად ჩამოყალიბებული საახალწლო კონცერტებიც ემატება.


აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენი მეშვეობით, ჩვენს მაყურებელს და მათთან ერთად, სრულიად საქართველოს, მივულოცავ ახალ წელს. 2017 წელი თითოეული მათგანისთვის იმედების გამართლების, სურვილების ასრულების და ულევი სიხარულის წელი ყოფილიყოს. 




 

big_banner
არქივი