logo_geo
ვასილ მაღლაფერიძე: მეკვლის ტრადიცია არის უმნიშვნელოვანესი ტრადიცია. ბევრმა არ იცის, რომ...
- +

1 იანვარი. 2017. 20:09



 

როგორია ვასილ მაღლაფერიძის წინასაახალწლო სამზადისი, აქვს თუ არა განსაკუთრებული ტრადიცია და რას უსურვებს 2017 წელს მოსახლოებას, ამის შესახებ პუბლიცისტი „ქართულ აზრს" ესაუბრა.

 

- ბატონო ვასილ, სად ხვდებით ხოლმე ახალ წელს?

 

- ახალ წელს ყოველთვის ოჯახში ვხვდები.


- რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია ხომ არ გაქვთ?

 

- რაიმე განსაკუთრებული არა და ალბათ, როგორც ყველა, ამ დღესასწაულს გოზინაყით და საახალწლო სუფრით ვხვდები.


- თუ იღებთ საახალწლო სამზადისში მონაწილეობას?

 

- კი, რა თქმა უნდა. არის კერძები, რომლებსაც მე თვითონ ვაკეთებ ან სხვას ვეხმარები მომზადებაში. შეიძლება, ნიგოზი დავამტვრიო ან დავჭრა და ა.შ.


-რას გვეტყვით მეკვლის ტრადიციაზე?

 

- მეკვლის ტრადიცია არის უმნიშვნელოვანესი ტრადიცია. ბევრმა არ იცის, რომ საქართველოში თოვლის პაპა მხოლოდ 1936 წლიდან გაჩნდა, მანამდე კი, მეკვლე იყო. ჩვენთან ახალი წელი სწორედ მას მოაქვს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მეც მყავს ოჯახის მეკვლე და ამ ტრადიციას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ.


- თავად თქვენ თუ ხართ ხოლმე მეკვლე?

 

- ვყოფილვარ, მაგრამ, ვინაიდან ახალ წელს უფრო მეტად სახლში ვხვდები და არსად გავდივარ, მეკვლეს სახლში ველოდები ხოლმე.


- რომელიმე ახალი წელი განსაკუთრებულად ხომ არ გახსენდებათ?

 

- განსაკუთრებულად მახსენდება ის ახალი წლები, როდესაც ბებია, ბაბუა და მშობლები ცოცხლები მყავდნენ და ახალ წელს ყველანი ერთად ვხვდებოდით.


- როგორ მიულოცავთ მოსახლეობას ახალ წელს და რას უსურვებთ?

 

- მოსახლეობას, პირველ რიგში, მშვიდობას და ჯანმრთელობას ვუსურვებ. შემდეგ კი კეთილდღეობას, გონიერებას და შრომისმოყვარეობას.  ქვეყანას კი - წინსვლასა და განვითარებას.  



 

big_banner
არქივი