ავტორი სალომე უერთაშვილი
„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" დირექტორი ირაკლი გოგავა საახალწლო სამზადიში ყოველთვის მონაწილეობს. როგორც მან „ქართულ აზრთან" საუბარში აღნიშნა, მეკვლის კეთილი ფეხის არ სჯერა, თუმცა ტრადიციას იცავს.
- სად ხვდებით ახალ წელს?
- ახალ წელს ტრადიციულად ოჯახში ვხვდებით, ხოლო 1 იანვარს ჩემი უახლოესი მეგობრის დაბადების დღეს აღვნიშნავთ მეგობრები.
- წინასაახალწლო სამზადისში თუ იღებ მონაწილეობას?
- კი, ყოველთვის ვმონაწილეობ, კარგად ვერკვევი კულინარიაში და საცივს თავად ვამზადებ, თუმცა, ნაძვის ხის მორთვაში არ ვერთვები.
- ოჯახში რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია ხომ არ გაქვთ?
- განსაკუთრებული არა, ალბათ ისე, როგორც ყველგან, წინასაახალწლოდ ვამზადებთ კერძებს და ვიძენთ საჩუქრებს ბავშვისთვის და ოჯახის სხვა წევრებისთვის.
- მეკვლის ტრადიცია თუ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი?
- არა მგონია, მეკვლეზე რამე იყოს დამოკიდებული, მაგრამ მაინც ვიცავთ. უმეტესად, ჩემი და არის ხოლმე მეკვლე.
- განსაკუთრებულად თუ დაგამახსოვრდათ რომელიმე ახალი წელი?
-1992-93 წლები მახსოვს, როდესაც სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, ყველაზე დამთრგუნავი ახალი წლები იყო.
- რას უსურვებდით ქვეყანასა და მოქალაქეებს?
- ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბევრ სიყვარულს და იღბალს, სხვა ყველაფერის ყიდვა შეგვიძლია.