logo_geo
„კერძებს ყოველთვის მე ვამზადებ, ისეთი გემრიელი საცივი გამომდის“ - ირმა სოხაძის საახალწლო ტრადიციები
- +

2 იანვარი. 2017. 17:15


 



მომღერალი ირმა სოხაძე ახალ წელს ყოველთვის მშობლების სახლში ხვდება, მისთვის სხვა ამაზე უკეთესი ტრადიცია საახალწლოდ არ არსებობს. როგორც მან „ქართულ აზრთან" საუბრისას აღნიშნა, ღმერთს ყოველთვის მადლობას უხდის ერთი წლის ჩუქებისთვის.

 

„ახალ წელს ყოველთვის ჩემი მშობლების სახლში ვხვდები, წელს პირველი წელია მამას გარეშე და ვერ წარმომიდგენია, სუფრის თავში მამა არ იჯდეს, მაგრამ რას ვიზამთ, ცხოვრება გრძელდება. მას შემდეგ, რაც დედა მოხუცდა, კერძებს ყოველთვის მე ვამზადებ, ისეთი გემრიელი საცივი გამომდის, უბრალოდ, დედა ჩემთან ერთად ზის სამზარეულოში და ყველაფერს მიკონტროლებს", - განაცხადა ირმა სოხაძემ.


მომღერლის თქმით, ნაძვის ხეს შვილიშვილებთან ერთად აწყობს, მეკვლის ფეხს კი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს. „ქართულ აზრთან" საუბრისას სოხაძემ აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში ერთი და იგივე მეკვლე ჰყავდა, თუმცა ახლა შემთხვევით მეკვლესაც იღებს. ირმა სოხაძის დიდი სურვილია, 2017 წელი მშვიდობის მომტანი ყოფილიყოს.


„განსაკუთრებულად 2001 წლის 1 იანვარი მახსოვს, მაინც ახალ საუკუნეში გადავაბიჯეთ და რაღაც ამაღელვებელი აღმოჩნდა. 2017 წელს კი მშვიდობას და სტაბილურობას ვისურვებ, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე ჩაევლოს. ჩვენს მოსახლეობას კი დოვლათს, ბარაქას, კეთილდღეობას და სულ კარგად ყოფნას ვუსურვებ", - განაცხადა ირმა სოხაძემ.



 

big_banner
არქივი