logo_geo
ლალი ბადურაშვილი: მეკვლეს მოსვლამდე ოჯახში არავის ვუშვებ!
- +

2 იანვარი. 2017. 17:17



მსახიობი ლალი ბადურაშვილი მეკვლის ტრადიციას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. როგორც მან „ქართულ აზრთან" საუბრისას აღნიშნა, კარგი წელი დიდად არის დამოკიდებული მეკვლის ფეხზე და ამიტომ ერთი „ამოჩემებული" მეკვლეც ჰყავს - შვილის მეგობარი. როგორც მსახიობი ამბობს, ახალ წელს, სანამ ის არ შემოვა ოჯახში, მანამდე სხვას არავის უშვებს.


- სად ხვდებით ხოლმე ახალ წელს?

 

- ახალ წელს აუცილებლად სახლში ვხვდები, მეორე დღეს კი ახლობლებში გავდივარ. მიყვარს ახალი წელი და სამზადისშიც ვიღებ მონაწილეობას.


- მეკვლის ტრადიციაზე რას გვეტყვით?

 

- ამ ტრადიციას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ, რადგან მართლა მაქვს დაცდილი - ერთხელ ძალიან კარგი ადამიანი იყო მეკვლე, მაგრამ რაღაც ცუდი წელიწადი გვქონდა. ამის შემდეგ ოჯახის მეკვლე ჩემი შვილის მეგობარია და მისი ფეხი ყოველთვის კარგად გვაქვს დაცდილი. იცის, რომ სანამ ის არ შემოვა ოჯახში, მანამდე არავის ვუშვებ და ამიტომ სადაც არ უნდა იყოს, მირეკავს, მოვდივარო და ჩვენც დიდი სიამოვნებით ველოდებით.


- რომელიმე ახალი წელი განსაკუთრებულად ხომ არ გახსენდებათ?

 

- რომ გითხრათ, რომელიმე დღესასწაული სხვებისგან გამორჩეულად მახსოვს-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ, ცხადია, ზოგი ახალი წელი მეტი განცდით და ბედნიერებით მახსენდება, ზოგი კი - ნაკლებით.


- რას უსურვებთ ქვეყანას და ხალხს საახალწლოდ?

 

- ჩემს საყვარელ ხალხს მშვიდობას, ბარაქას და დასაქმებას ვუსურვებ. იმდენად მოსპო ჩვენი მოსახლეობა უმუშევრობამ, რომ მათ რაც შეიძლება მეტ სამუშაო ადგილს და გულით ნანატრი სურვილების ასრულებას ვუსურვებ. 


 

big_banner
არქივი