უბილეთო მგზავრობაზე კონტროლის გასამკაცრებლად პარლამენტში კანონპროექტი მომზადდა. პროექტი ასევე შეეხება ათიდან თექვსმეტ წლამდე ბავშვების უბილეთოდ მგზავრობაზე კონტროლის გამკაცრებას.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, უბილეთო მგზავრის ვინაობის დადგენა პრაქტიკაში რთულია, ამის მიზეზი მოწმეთა არარსებობა ან სამართალდამრღვევი პირის მიერ ოქმის გამომწერისთვის არასრულად/არასწორად მიწოდებული ინფორმაციაა. კანონპროექტის ავტორები ასევე ამბობენ, რომ ოქმის გამომწერ პირს კანონდამრღვევის პოლიციაში იძულებით მიყვანის ან/და საპატრულო პოლიციის მისვლამდე დაყოვნების ბერკეტი არ გააჩნია.
„მაგალითისთვის, 2009 წლის ნოემბრიდან 2010 წლის ივნისის ჩათვლით, აღსრულების მიზნით გაგზავნილი 23 175 საჯარიმო ქვითრიდან, არასწორად შევსებული მონაცემების გამო, ხარვეზით დაბრუნდა 11 189, რის შედეგადაც საჯარიმო ქვითარი გაუქმდა და სამართალდამრღვევი პირის ჩადენილ ქმედებაზე ვერ განხორციელდა ადმინისტრაციული სახდელის დადება“, - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტი ითვალისწინებს საჯარიმო ქვითრის შედგენისას, უფლებამოსილი პირებისთვის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზიდან სამართალდამრღვევის შესახებ ინფორმაციაზე წვდომის უფლების მინიჭებას.
დღეს არსებული რეგულაციით, უბილეთოდ მგზავრობა, ან 10-დან 16 წლამდე მგზავრის უბილეთოდ გადაყვანა 5 ლარით ჯარიმდება, ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში კი თანხა 50 ლარამდე იზრდება.
კანონპროექტის ავტორები ზაზა გაბუნია, გოგა გულორდავა და კობა ლურსმანაშვილი არიან.