logo_geo
ახალი წელი მესხეთში
- +

13 იანვარი. 2017. 11:44


 


საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ახალ წელს განსხვავებული ტრადიციებით ხვდებოდნენ, ზოგიერთი ჩვეულება კი დღემდეა შემორჩენილი.


მესხების რწმენით, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ დაიცავს ადამიანი ახალი წლის მიგებების წესს, რადგან ამ დღეზეა დამოკიდებული მათი ოჯახის კეთილდღეობა.


მესხეთში მნიშვნელოვანია სუფრის თავში ოჯახის უფროსის დაჯდომა მას შემდეგ, რაც იგი ახალ წელს ჭიქა ღვინითა და ტკბილეულით მარანსა და საქონლის სადგომს შემოივლის. ოჯახის დიასახლისების ტრადიცია მესხური ფურნის დანთებაა, სადაც საახალწლო პურსა და ნამცხვრებთან ერთად ბედის ქადაც ცხვება, რომელიც ბედობა დღეს, ორ იანვარს, იჭრება.


ტრადიციის მიხედვით, მესხები წინასაახალწლოდ, დოვლათისა და ბარაქის დაბრუნების სიმბოლოდ, განათხოვრებულ ჭურჭელსა და ავეჯს იბრუნებდნენ. სახლის დასუფთავების შემდეგ დიასახლისი იწყებდა საახალწლო კვერების, ე.წ. ბასილას ცხობას, რომელსაც გრძელი წვერი და ნიგვზის თვალები ჰქონდა.


მესხური ტრადიციის მიხედვით, მეკვლემ ოჯახში ტკბილეული უნდა მიიტანოს და ასე დაილოცოს: ,,შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისაო, შემოვიდა ბასილიო, ეს ოჯახი პურითა და ღვინით ავსილიო". დიასახლისები მეკვლეს ფეხებში ჩუმად ქერს უყრიდნენ და მერე წიწილებს უყრიდნენ, გამრავლდებიანო.




 

big_banner
არქივი