logo_geo
ღვინის დაყენების უძველესი ქართული მეთოდი შესაძლოა, დაბრუნდეს
- +

13 იანვარი. 2017. 14:22



ჟურნალისტი მერი ბეთ დურქინი, რომელიც კულინარიისა და მოგზაურობის შესახებ წერს, საქართველოსა და ქართული ღვინის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.


„ეს არის გეოგრაფიული სამკაული, რომელიც ჟურნალმა Vogue-მა აღიარა 2017 წლის საუკეთესო დასასვენებელ ადგილად ევროპაში", - აღნიშნავს ჟურნალისტი.


იგი წერს, რომ ნაფარეულში, „ტყუპების მარანში" დაესწრო ღვინის უნიკალური მეთოდით დამზადების პროცესს, რაც საუკუნეებს ითვლის.


„მართალია, „ღვინო და საქართველო" არ არის ასოციაცია, რომელიც მყისიერად მოგვდის თავში, მაგრამ სწორედ ამ პატარა ქვეყანაში ადგილობრივი ყურძნის დაახლოებით 530 ჯიში მოიპოვება და ზოგი მათგანის კულტივაციის ისტორია საუკუნეებს ითვლის. ეს არის რუსეთს, თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოქცეული მეღვინეობის ოაზისი, თავისი მრავალფეროვანი ბუნებით, კავკასიური მყინვარწვერებით, სუბტროპიკული ჩაის პლანტაციებით, კილომეტრებზე გადაჭიმული ვენახებითა და შავიზღვისპირეთის პლაჟებით. ეს არის გეოგრაფიული სამკაული, რომელიც ჟურნალმა Vogue აღიარა 2017 წლის საუკეთესო დასასვენებელ ადგილად ევროპაში.

 

საქართველო აცხადებს პრეტენზიას „ღვინის აკვნის" სტატუსზე, რასაც კიდევ უფრო უმაგრებს ზურგს 2016 წლის ივნისში ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი კულტივირებული წიპწა და ვაზი, რომელთა ასაკი 8 000 წელი", - წერს სტატიის ავტორი.

მასთან საუბარში საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ირაკლი ჩოლობარგია განმარტავს, რომ ღვინის დამზადების უნიკალური მეთოდის წყალობით, საქართველო იმკვიდრებს ადგილს მსოფლიო ღვინის რუკაზე, ხოლო ქვევრში დაყენებული ღვინო, ზოგადად, ქართული მეღვინეობის იდეის პოპულარიზაციის მამოძრავებელი ძალაა.


ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქვევრის მეთოდით ღვინის დამყენებელთა რაოდენობა სამჯერ გაიზარდა. გარდა ამისა, მისმა მზარდმა პოპულარობამ უბიძგა ტრადიციული მეთოდით ღვინის დამყენებლებს, შეეტანათ ქვევრის მეთოდიც თავიანთ არსენალში.


ჩოლობარგია აღნიშნავს, რომ მართალია, ქვევრში დაყენებული ღვინო დიდი ოდენობით არ მზადდება, მაგრამ მისი უნიკალური გემო და გადამუშავების მეთოდი მაინც აძლევს საქართველოს საბაზრო უპირატესობას. ამის მაგალითია ქვევრში დაყენებული ღვინის მარკების შეტანა კოპენჰაგენისა და საფრანგეთის რესტორნებში, რომლებიც შესულია ე.წ. მიშლენის მეგზურში.


მერი ბეთ დურქინი წერს, რომ ქართული ღვინის ბიზნესის აღორძინების კვალდაკვალ იზრდება ექსპორტიც ამერიკის შეერთებულ შტატებში (2015 წელს 30%-ით 2014 წელთან შედარებით), ასევე 40%-ით სხვა ქვეყნებში (მაგალითად, იაპონია, ჩინეთი, რუსეთი და დასავლეთ ევროპის ქვეყნები).2015 წელს "ტყუპების მარანში", ჩამოისხა ქვევრის ღვინის 5 000 ბოთლი, ხოლო დღეს ამ რიცხვმა გამაოგნებელ ნიშნულს-350 000 ბოთლს მიაღწია!


„სულ ახლახან ქვევრმა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც გაიკვლია გზა.მე ვეწვიე აწ პენსიაზე გასულ ღვინის მოყვარულებს, ტერი და კეიტი სალივანებს, რომლებიც უკვე ორი წელია ამზადებენ ქვევრებს ქალაქ კოლუმბიაში საქართველოში მეორედ სტუმრობის დროს მათ შეიძინეს პატარა ქვევრი. სალივანებმა მთელი საქართველო მოიარეს, სტუმრობდნენ სხვადსხვა საღვინე მეურნეობას და წიგნიც კი დაწერეს თავიანთი მოგზაურობის შესახებ.

 

ტეხასის შტატში კერამიკოსი ბილი რეი მენგემი ამზადებს ქვევრებს საწარმოში Sleeping Dog Pottery. იმან ეს ხელობა ქართველი ოსტატი მექვევრისგან შეისწავლა და დღეს "ქვევრის პროექტის" მონაწილეა.

"პროექტის მისიაა მაღალხარისხიანი ქვევრის ღვინის დამზადება და ქართული ვაზის ჯიშების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრებზე, ასევე ქვევრის ღვინის წარმოების შესახებ კვლევების მხარდაჭერა და წახალისება", - ნათქვამია პუბლიკაციაში.


სტატიის ბოლოს აღნიშნულია, რომ საქართველოდან ჩამოტანილი ქვევრის ღვინო ხელმისაწვდომია ნიუ-იორკის, ლოს-ანჟელესის, სან-ფრანცისკოსა და ვაშინგტონის რამდენიმე მაღაზიაში. ვაშინგტონში ქართული ღვინის სახლის დისტრიბუტორი ვაშინგტონში ნოელ ბროკეტი აცხადებს, რომ ფართო მასებზე გასვლას შეიძლება დრო დასჭირდეს, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ღვინის გურმანები სულ უფრო დიდ ინტერესს იჩენენ ქვევრის ღვინის მიმართ, ხოლო ღვინის ბაზარი, ზოგადად, ნელ-ნელა ნამდვილი, ადგილობრივი წარმოების ღვინისკენ იხრება.


https://medium.com/@foodmatters/




 

big_banner
არქივი