logo_geo
მაია ნიკოლეიშვილი: იმ ღამით თბილისში 20-მდე ოჯახი დააწიოკეს!
- +

24 იანვარი. 2017. 22:57


 

„დღეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ხშირად აცხადებს, ციხის კადრები რუსებმა დადგესო, რაც აჩვენეს, სიცრუე გახლდათო. რასაც ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ყოფილი დირექტორი, მაია ნიკოლეიშვილი ყვება, ალბათ, ესეც რუსების "დადგმული" იყო. რასაკვირველია, სააკაშვილი ცდილობს, თავი დაიძვრინოს, მაგრამ ფაქტებს ვერ გაექცევა" ,- ამის შესახებ ქსპერტიზის ეროვნული ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი, მაია ნიკოლეიშვილი expressinfo-თნ ინტერვიუში საუბრობს. ნიკოლეიშვილი იხსენებს რამდენიმე მოვლენას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს მოხდა.

 

„ხელბორკილით გამომიყვანეს სახლიდან, კიბეზე ჩამოვდიოდი, უკან მივიხედე და ჩემს მეუღლეს მიხუტებული ჩვენი უმცროსი, 11 წლის ანა დავინახე. მათი სახეები ახლაც თვალწინ მიდგას. ამის აღწერა სიტყვებით შეუძლებელია. გარშემო ალბათ 15 ადამიანი იყო, ნიღბიანები და უნიღბოები... შეიძლება იმ ბიჭებს მართლა ეგონათ, რომ სახელმწიფო გადამტრიალებელს აპატიმრებდნენ, მაგრამ ვინც დაგეგმა, იმ ნაძირალამ ხომ იცოდა, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო? მოგვიანებით მეზობლებმა მითხრეს, ალყაში რომ იყავით, ვიცოდით, მაგრამ ვერ გაგაგებინეთო. თუ გამაგებინებდნენ, რა გავიქცეოდი ღამით ტყეში, დიდგორის ველისკენ თუ რა? თურმე ერთდროულად ხდება ყველგან, თბილისში 20-მდე ოჯახს აწიოკებენ. მანქანაში რომ ჩამსვეს, არავის უთქვამს, სად მივდიოდით, ეს ხომ სისულელეა-მეთქი, გაოგნებული ვიმეორებდი, რა, გაგიჟდა ყველა-მეთქი? მე არ ვფიქრობ, რომ სასაცილოდ გაქვთ საქმეო, მტკიცედ მითხრა გვერდით მჯდომმა „ოპერმა" თუ გამომძიებელმა.

 

ჩამოვყავარ თბილისში, მივდივართ ძველი თბილისის პოლიციაში, სადაც ერთი საათის განმავლობაში მიზის ავტომატიანი ნიღბიანი და მიყვირის: ძლივს დალაგდა სიტუაცია, თქვენ კიდევ რუსეთი გინდათ, რას აკეთებთო?! ბიჭო, შენ მასწავლი სამშობლოს სიყვარულს-მეთქი?! მარტო ცისფერი თვალები უჩანდა და შავი ავტომატი ეჭირა ხელში. ამის შემდეგ მივდივართ ფურცელაძის ქუჩაზე, "ანტისოროსის" ოფისში, ახლა იქ იწყებენ ჩხრეკას. ისევ მარტო ვარ, ისევ უამრავი ნიღბიანი, ისევ ჩხრეკენ კუთხე-კუნჭულს, რა თქმა უნდა, ვერაფერს პოულობენ. გულში მადლობას ვამბობდი, რომ არაფერი ჩამიდეს, თორემ რას ვიზამდი, სრულიად მარტო ვიყავი. ბოლო-ბოლო, მაჩვენეთ დოკუმენტი, რა უფლებით აკეთებთ ამ ყველაფერს-მეთქი? მაჩვენეს დადგენილება ჩხრეკის ჩატარების შესახებ, ვკითხულობ, საგამოძიებო ჯგუფში ზოგი გვარი კარგად ნაცნობია, მაგრამ რას იზამ, გამოცდილებით ვიცი, რომ ჯგუფის წევრებმა შეიძლება საერთოდ არაფერი იცოდნენ! ჩხრეკის რიგში ჩემი საცხოვრებელი სახლია, ათონელზე, ისიც უნდა გაჩხრიკონ. ამ დროს მსვამენ მანქანაში, აქეთ-იქიდან მისხდებიან უფორმოები, როგორც ჩანს, ოპერთანამშრომლები და მივდივართ საბურთალოზე. ფაქტია, ათონელზე სახლის ჩხრეკა გადაიფიქრეს, რატომ, ჯერ არ ვიცი.

 

არავინ არაფერს არ მიხსნის. ყველაფერი დილის 5 საათიდან დაიწყო, იცი, რამხელა დღე იყო? ძალიან გაიწელა დრო. უკვე საღამოს 5 საათი იქნება, შევდივართ ყოფილ „ტრამვაი-ტროლეიბუსების პარკში", ქავთარაძის ქუჩაზე. გელა, მე მსგავსი სანახაობა ამერიკულ ფილმებშიც არ მინახავს: უზარმაზარი, ნანგრევებად ქცეული ტერიტორია, დგას უთვალავი შავფორმიანი და ნიღბიანი ადამიანი ქანდაკებასავით, "კასკებით", ავტომატებით. ბევრი მანქანა, ჩართული "სირენები"... მაღლა აიხედავ და დაფრინავენ "ვერტალიოტები". დრო ისე უცნაურად იზილება, ვერ ვხვდები, რა ხდება, აქ აღარ ვარ. წინა სავარძელთან მჯდომი ოპერი თუ გამომძიებელი მანქანიდან გადადის, სიგარეტს ეწევა. ძალიან ცხელა. ერთმანეთს გადაულაპარაკეს, შეხედე, იმ "კასკიანს" კვერცხივით მოეხარშება ტვინიო. არ ვიცი, რა ხდება, რას აპირებენ, რა გვინდა ამ ნანგრევებში, ამ მიტოვებულ ტერიტორიაზე, ამდენი ავტომატიანი და „კასკიანი" რას აკეთებს, ან სირენები რატომ კივიან. ყველა დუმს. კითხვებზე არ გპასუხობენ. წინა მანქანიდან ვიღაც გადმოყავთ აქეთ-იქით ხელმკლავით და ვცნობ მაია თოფურიას ქერა ნაწნავს. უკვე ვხვდები, რომ დედამიწაზე ვარ, რეალობას ვუახლოვდები.

 

ამ დროს მოდიან, მეც მივყავარ... ხელბორკილი, აქეთ-იქით ხელმკლავით ზორბა შავფორმიანი ნიღბიანები, იქვე "სპეცნაზი" ხმაურობს, მე ცუდად ვხდები, ვეხვეწები, ერთ ხელზე ბორკილი შემხსენით-მეთქი. უკვე სხვა მანქანაში ჩამსვეს, "სირენას" რთავენ და კივილ-კივილით მიქრის მანქანა, მივდივართ მოდულის შენობაში. თურმე ტროლეიბუსების პარკში ყველანი მოგვაგროვეს და მოდულში უნდა მიგვიყვანონ, სადაც ტელევიზიები გველოდებიან. ეს მოლოდინი, მიტოვებული ტერიტორია, ნანგრევები, "სპეცნაზი", ავტომატები, ნიღბიან -„კასკიანები", სირენები, გაურკვევლობა, მარტოობა უთვალავი ძალოვანის პირისპირ-ეს ყველაფერი დათრგუნვის მიზნით იყო გაკეთებული.

 

ორ გოგონას ავყავარ „მოდულის" კიბეებზე, უამრავი კამერაა, ცაში ისევ ვერტმფრენები, გეგონება, ომი დაიწყო! ამიყვანეს ოთახში, გადის რამდენიმე საათი, არავინ არ მოდის, არავინ მელაპარაკება. ჩავყავარ მოდულის სარდაფში, საკანში, უკან მძიმე რკინის კარი იკეტება. საკანში სადაც ერთი უსაშველოდ გამხდარი ქალი ზის. მინდა, დავიძინო და აღარ გავიღვიძო, კოშმარში ვარ. ეს ქალი არ ჩუმდება, ოსეთიდან ნარკოტიკები გადმომქონდა და დამაკავეს, შენ რაზე ზიხარო? რა ვიცი, ჯანდაბა, პოლიტიკის გამო-მეთქი. ლაპარაკი არ მინდა. ამ დროს იწყებს: იეღოვა კრძალავს, ქალს პოლიტიკაში რა უნდაო? მოკლედ, მიკითხა ლექციები იეღოვაზე. ნარკომანს მართლაც ჰგავს, ისეთი გამხდარია, თან რელიგიურ მონოლოგს აგრძელებს, უკვე ვხვდები, რომ ფსიქიკაც არაჯანსაღი აქვს. ერთადერთი სურვილი მაქვს, დავიძინო, მოვწყდე აქაურობას, გავშორდე, მერე გავიღვიძო და ეს ყველაფერი სიზმარი აღმოჩნდეს. მაგრამ არ გინდა, ამ ქალის გვერდით საკანში დაძინება? ის ქალი წაიყვანეს, ვერაფრით ვიხსენებ, როდის, დრო აირია. ფაქტია, რომ ღამით იქ არ სძინებია.

 

შემოიყვანეს მაია. საერთოდ, ერთ საქმეზე ორი ადამიანი ერთად არ უნდა იჯდეს, მაგრამ რაკი ყველაფერი წინასწარაა გადაწყვეტილი, ამას აღარ აქცევენ ყურადღებას. ამ დროს პიროვნება აღარ ხარ, შუქს გითიშავენ, ათას რაღაცას იგონებენ, რომ გაგანადგურონ. კოვზს გაძლევენ, ჯამს, მერე ამ კოვზით აკაკუნებ, რომ ტუალეტში გინდა, მოდის მამაკაცი, მიჰყავხარ, გდარაჯობს. ერთადერთი სინათლე გამომიჩნდა: დერეფნის ბოლოში წიგნები დავინახე და ვთხოვე, მომეცით-მეთქი, ამარჩევინეს, არცერთი ავტორი არ მეცნო, ან უბრალოდ, ძალიან გაბრუებული ვიყავი, ერთი წიგნი ავირჩიე. ვკითხულობ. გავოგნდი: ბედის ირონიაა! ავტორს ვერ ვიხსენებ... სამხრეთ აფრიკის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ისტორიაა, როგორ ემზადებოდა და აწყობდა სახელმწიფო გადატრიალებას! არადა, ნამდვილად ჩემი ხელით ავირჩიე ეს წიგნი! მაინც ვკითხულობ, ვკითხულობ იმიტომ, რომ არ მოვკვდე... ვსვამ წყალს. ხის მაგიდაზე ლოცვებია. ხანდახან ჩემს მეუღლეზე მიხუტებული, ჩემი 11 წლის ანას გაოგნებული თვალები მახსენდება, ვპოულობ დედის ლოცვას ვკითხულობ და ვკითხულობ. მეტი მე არაფერი შემიძლია...

 

სამი დღის შემდეგ მოდიან და მეუბნებიან, იცით, რა? სჯობს, აღიაროთ, თქვენი შვილი მოსკოვში მარტოა, მანქანით სიარული უყვარს... შვილები... შვილები!!! რად მინდა განმარტება, დაზუსტება, ან ყვირილით თქმა, ან დენზე მიერთება? ჩურჩულით ნათქვამითაც კი გადასარევად ვხვდები რომ ფიზიკური საფრთხე მე არ მელის, მაგრამ შესაძლოა შვილებს დაემუქროს. კარგად ვიცნობ მიშას გარემოცვას და მათ ჯიშს! ვიცი, ყველაფერზე წამსვლელები არიან!!!", - აღნიშნავს ნიკოლეიშვილი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი