logo_geo
მახარე სისაური: მკვდრები დასვეს სკამებზე, წინ დაუდეს ტექსტი და წააკითხეს, ეს აჩვენეს ხალხს ტელევიზიით!
- +

24 იანვარი. 2017. 23:26


 

„2011 წლის 11 მაისს დავაფუძნეთ ორგანიზაცია "ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობა". ოფიციალურად გაფორმდა ყველაფერი. ნაომარი და საკუთარ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ხალხი შევიკრიბეთ, თან ისეთი ადამიანები, რომლებსაც შეხება არასოდეს ჰქონიათ "ნაციონალებთან", - ამის შესახებ მახარე სისაური საუბრობს და 2011 წლის მოვლენებს იხსენებს.


„21 მაისს დაიწყო აქციები, გამოვედით ქუჩაში. 24-ში დევნამ კულმინაციას მიაღწია და გადავწყვიტეთ, ქალაქიდან გავსულიყავით რამდენიმე დღით. საქმეს ისეთი პირი უჩანდა, სერიოზული რაღაცა უნდა მომხდარიყო. ჩვენ წავედით რუის-ურბნისის ეპარქიაში, ერთი ღამე დავრჩით და მერე ავედით ყინწვისში. 25-ში მამაოები გაგვიმასპინძლდნენ, ვილოცეთ. მონასტრიდან 200 მეტრში დაბლობია, იქ სუფრა გავშალეთ, ვისადილეთ. ამ დროს წვიმა დაიწყო და მოვილაპარაკეთ, რაკი ხვალ წასასვლელები ვართ, მანქანები მაღლობზე გავაჩეროთო.

 

გათენდა 26 მაისი, გამოვემშვიდობეთ მამაოებს, ვსხდებით მანქანებში, უცებ თავს გვატყდება "სპეცნაზი", გადმოდიან ნიღბიანები, გვყრიან ძირს და გვადებენ ბორკილებს. ვიღაცამ გაგვცა. შეიძლება ჩვენი ტელეფონებიც ისმინებოდა... ჯერ კიდევ ვერ ვაანალიზებ ყველაფერს, ვნერვიულობ, ისევ ციხეში მგონია თავი.

 

დარწმუნებული ვარ, მაშინ ჩვენი ლიკვიდაციის ბრძანება იყო გაცემული. ბედი გვქონია, რომ იმ ღამეს წვიმა მოვიდა, მაღლა ამოვედით და მამაოები ყველაფერს ხედავდნენ. ჩვენ ჩაგვხოცავდნენ დაბლობში და მერე დაგვაყრიდნენ იარაღს, მოტანილი ჰქონდათ ყუთებით. 26 მაისის დარბევიდან ყურადღებას გადმოიტანდნენ ჩვენზე, ნახეთ, დივერსიული ჯგუფი გავანადგურეთო. როცა წამოგვიყვანეს, არ იცოდნენ, რა გაეკეთებინათ, გზაში ხშირად ჩერდებოდნენ, ვიღაცებს უკავშირდებოდნენ, პირველმა ასე თქვა, პირველმა ისე თქვა, რა ვქნათო? ყინწვისიდან ქარელის პოლიციამდე მისვლას მოვუნდით 3 საათი.

 

ქარელის პოლიციაში დაიწყო ჩვენი ცემა და უბედურება, "სპეცნაზმა" დაგვცხო, ძალიან სასტიკად გვისწორებოდნენ. არ ვიცი, რა დაემართათ, რაღაცის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, სიკვდილის პირას მიგვიყვანეს. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ერთმანეთის ცემას გვაყურებინებდნენ და თან დაუსრულებლად იმეორებდნენ, რუსებთან რა კავშირი გქონდათო?! უკვე ვეღარ არკვევდნენ, ქარელიდან სად უნდა წავეყვანეთ, ისევ პირველს ახსენებდნენ და ბოლოს იმ პირველმა გადაწყვიტა ალბათ, წამოგვიყვანეს თბილისში. საღამოს 9 საათზე შეგვყარეს სამმართველოს შენობაში და ისევ დაგვიწყეს ცემა, ახლა პოლიციელებმა. ღამის 12 საათზე მოვიდნენ პროკურორები, გამომძიებლები და დაიწყეს დაკითხვები. კითხვები იყო ერთნაირი: რატომ წახვედით, რას აპირებდით? ჩვენ ვუხსნით, მაგრამ ისინი გვიმტკიცებდნენ - არა, ასე არ იყო, თქვენ გყავდათ კბილებამდე შეიარაღებული 2 ათასი რუსი ჯარისკაცი ქართულად მოლაპარაკეო. განაჩენშიც ასე წერია.

 

აბსურდი... რა შუაშია ქართულად მოლაპარაკე? საქმის შედგენაც არ იცოდნენ, დაკითხვის ოქმებს ვერ ავსებდნენ, მაგათ იცოდნენ მარტო ცემა-წამება, ადამიანის ზიზღი... მე არ ვიცი, ადამიანს ადამიანი ასე როგორ უნდა გეზიზღებოდეს? 27-ში ჩაგვიყვანეს სარდაფში, საქმეები გააშანშალეს, დილით "მიგვაბრძანეს" გლდანის საპყრობილეში და ახლა იქ დაგვიმატეს... ცემასაც არაუშავს, წამება - ოოო... ეს უკვე სხვა საქმეა. თუმცა წამების შემდეგაც არსებობს რაღაც საშინელებები. გლდანის საპყრობილეში შეგვრეკეს ერთ ოთახში, 28 კაცი ვიყავით 12 კვადრატულში, 6 საწოლი იდგა. ამის შემდეგ ისევ დაიწყო პროკურორებისა და გამომძიებლების შემოსვლები. ღამის 3 საათზე აბრახუნებენ, აბა, სისაური, წამოგვყევი! არ იცი, სად მიჰყავხარ, შეგაგდებენ ოთახში, გხვდება 20-22 წლის ბავშვი, გელაპარაკება რაღაც სისულელეებს, თვითონაც არ იცის, რისთვის არის შემოსული.

 

ციხეში უკვე გვიმტკიცებდნენ, ბადრი ბიწაძესთან გქონდათ კავშირი, სახელმწიფო გადატრიალებას აპირებდითო. შემდეგ ღვალაძე, გოგუაძე და გუნდიშვილი - ფაქტობრივად მკვდრები დასვეს სკამებზე, წინ დაუდეს ტექსტი და წააკითხეს. ეს აჩვენეს ხალხს ტელევიზიით. დავით საყვარელიძე პარლამენტიდან ჭკუას რომ გვარიგებდა, მაშინ სწორედ ეგ გამოვიდა და გამოაცხადა, 25 კბილებამდე შეიარაღებული კაცი დავაპატიმრეთო. ამას რომ ამბობ პროკურორი, ერთი პისტოლეტი მაინც ხომ უნდა არსებობდეს მტკიცებულებად?

 

ვიმეორებ: სასტიკად ნაწამები ადამიანები დასვეს და სულელური ტექსტები აკითხეს. ყველას 20-25 წელზე გველაპარაკებოდნენ, მაგრამ ბოლოს შეადგინეს რაღაც ტექსტი, დაარქვეს საპროცესო... არ შეიძლება, ამ ტექსტის მიხედვით ადამიანი გასამართლდეს, მოგვირიგდნენ, 4-4 წელს მოგისჯითო. მიგვიყვანეს 3-წუთიან სასამართლო პროცესზე, ნანა ცერცვაძეს საერთოდ არაფერი უკითხავს და ეგრევე ჩამოგვირიგეს სასჯელები. ჩვენთან ერთად გაასამართლეს ოლეგ კეშელავა, რომელსაც არ ვიცნობდით, ჩვენთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. რამოდენიმეჯერ გამოგვიგზავნეს შეწყალება, უარი ვთქვით, ამათ მიერ შეთითხნილი ბრალდებების აღიარება შეუძლებელი იყო. ბოლოს, ოქტომბრის არჩევნების წინ მოგვივიდა გამზადებული ტექსტები, ხელი მოაწერეთ და გაგიშვებთო. არც ეს მივიღეთ, მაგრამ ეს არაკაცი სააკაშვილი არ მოგვეშვა, 23 ნოემბერს უნდოდა ჩვენი შეწყალება, არჩევნების შემდეგ.

 

რაც შეეხება ციხეს... გამორიცხულია, ასეთი რამე რომელიმე ქვეყანაში ხდებოდეს. როგორ შეიძლება, ადამიანი ისე გძულდეს, რომ ყველაფერი აუკრძალო? ლაპარაკის, მოძრაობის და დაჯდომის უფლების აკრძალვა გაგიგიათ? დავუშვათ, საკანში გაიარე, შემოგივარდებიან, გცემენ. ზიხარ - მაინც გცემენ, ასე რატომ ზიხარო? თანაც ეს არ არის უბრალო ცემა. იყო პერიოდები, ერთმანეთს ჩურჩულით ველაპარაკებოდით. თუ ცოტა ხმამაღლა მოგვივიდოდა, ამაზეც ცემა გვქონდა გამოწერილი. არ დაგავიწყდეთ, სხვებთან შედარებით ჩვენ მსუბუქად გვცემდნენ, ხანდახან "წითელი ჯვარი" შემოდიოდა და იმათ ერიდებოდნენ.

 

განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ რეჟიმის უფროსი ოლეგ ფაცაცია, ციხის უფროსი - ალეკო მუხაძე... ფაცაციას ჰყავდა 10-კაციანი ბანდა. გლდანის საპყრობილეში მუშაობდა 300 კაცი, აქედან შეიძლებოდა ამოგვერჩია 50 ნორმალური, ვისაც უბრალოდ დაელაპარაკებოდი და არ გცემდა. დანარჩენი 250 იყო ერთი სისხლის, ერთი აზროვნების და ერთი პრინციპის.

 

როდესაც "ნაცმოძრაობამ" არჩევნები წააგო, ბევრი უცებ წავიდა, მაგრამ ბევრმა აბსოლუტურად შეიცვალა სახე ერთ ღამეში. 2012 წლის 2 ოქტომბრის იღება "კარმუშკა" და ის ოფიცერი, რომელიც წინა დღეებში სულს გვხდიდა, გვეუბნება: ბიჭებო, როგორ ხართ, ხომ არაფერი გჭირდებათ? ჩვენთვის ეს იყო შოკი... ეს ადამიანი წინა დღეს "კარმუშკას" აღებდა და დედას გვაგინებდა, ასე იწყებდა მუშაობას დილით.

 

ადამიანები არ იცვლებიან, უბრალოდ ნიღაბს იცვლიან. მაგათ ჰქონდათ 500-700 ლარი ხელფასი... ისეთ რაღაცებს აკეთებდნენ, იმას ვერავინ ვერ დაგავალებს, ეს გამორიცხულია. არის ერთი მეთოდი, "შმონი" ჰქვია, გაგვიყვანდნენ, დაგვყრიდნენ ძირს, გაგვხდიდნენ ტანსაცმელს და გვასხამდნენ ზემოდან წყალს. ამას ვერ დაგავალებენ, შენ ხარ შინაგანად ასეთი და აკეთებ. დღეს ბევრი, ვინც ციხეში სამუშაოდ დარჩა, ოცნებობს, რომ ისევ სააკაშვილი მობრუნდეს და იგივე გააკეთოს. ეს არ მოხდება!!!", - განაცხადა სისაურმა. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი