logo_geo
ქართველი ახალგაზრდის პორტრეტი
- +

30 იანვარი. 2017. 00:03


 

 

ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა ოფისმა გადაწყვიტა, ჩაეტარებინა კვლევა 14-29 წლის ქართველ ახალგაზრდებზე. გამოეკვლია, მათი აღქმები, მოლოდინები, დამოკიდებულება ცვალებად გარემოსთან მიმართებაში.


jam-news- მა გადავწყვიტა კვლევის საფუძველზე საშუალოსტატისტიკური ქართველი ახალგაზრდის პორტრეტი შეედგინა. ნახეთ რა გამოვიდა:

 

საშუალოსტატისტიკური ქართველი ახალგაზრდა მართლმადიდებელი ქრისტიანია (85%) სრული საშუალო განათლებით (47%), რომელიც ცხოვრობს მშობლებთან (70%), მათსავე კმაყოფაზე (62%). ის კარგად ეწყობა თავის მშობლებს (55%) და ისინი მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ მის გადაწყვეტილებებზე.


მის ოჯახს ფინანსურად არ ულხინს. მშობლები საკვების, ტანსაცმელის და ფეხსაცმლის საყიდელ ფულს როგორღაც უყრიან თავს, მაგრამ, მაგალითად, მწყობრიდან გამოსული მაცივრის ან ძველი ტელევიზორის გამოცვლის საშუალება არ აქვთ (43%).


ის უმუშევარია (34%) და ძალიან უნდა სამსახური. მისი აზრით, იმისთვის რომ დასაქმდე, კარგი ნაცნობები უნდა გყავდეს (75%). არჩევანზე რომ მიდგეს საქმე, კერძო სექტორში მუშაობას, საჯარო ადმინისტრაციაში დასაქმება ურჩევნია (42%). საკუთარი საქმის ან ბიზნესის წამოწყება არასოდეს უცდია (87 %).


ასეა თუ ისე, ქართველ ახალგაზრდას ყოველ თვე რაღაც სახარჯო ფული მაინც აქვს. ამ ფულიდან ის სიგარეტზე უფრო მეტს ხარჯავს (თვეში 80 ლარი), ვიდრე გართობაზე (60 ლარი) ან წიგნებსა თუ სხვა საკითხავებზე (26, 7 ლარი).


მართალია, დიდად დაკავებული არ უნდა იყოს, მაგრამ სამოქალაქო აქტივობებისთვის მაინც ვერ იცლის. ის არასოდეს ესწრება საჯარო შეხვედრას (94%), არ გამოხატავს საკუთარ სამოქალაქო პოზიციას ონლაინ ფორუმებზე (94%), არ მონაწილეობს ისეთ სამოქალაქო აქტივობებში როგორიცაა მაგალითად, ადამიანის უფლებების დასაცავად გამართული აქციები, ან რაიმე მნიშვნელოვან პეტიციაზე ხელმოწერა ან პოლიტიკური დემონსტრაციებია.


ზოგადად პოლიტიკის მიმართ ქართველი ახალგაზრდა გულგრილია. შიდაპოლიტიკურ ამბებს მეტ-ნაკლებად თვალს კი ადევნებს, მაგრამ, აი, საქართველოს მიღმა, დანარჩენ მსოფლიოში რა ხდება, საერთოდ არ აინტერესებს (46%). ახალ ამბებს ქართველი ახალგაზრდა უმეტესად  ტელევიზორიდან იგებს (73%).


ან რა გასაკვირია, პოლიტიკა არ აინტერესებდეს, როდესაც არც ერთ სახელმწიფო ინსტიტუტს და პოლიტიკოსს არ ენდობა.


ერთადერთი ინსტიტუტი, რომელსაც ის მყარად ენდობა, ეკლესიაა (81%). მას სჯერა ღმერთის არსებობის (97%), ფიქრობს, რომ სიკვდილის შემდეგ სამოთხეში ან ჯოჯოხეთში მოხვდება (80 %) და დარწმუნებულია, რომ მორალური ნორმები და მოვალეობები ღმერთისგან მოდის (85%).


ქართველი ახალგაზრდა ამერიკაში რომ ცხოვრობდეს, დიდი ალბათობით ტრამპის ამომრჩეველი იქნებოდა - ის ფიქრობს, რომ აბორტი ყველა შემთხვევაში კანონით აკრძალული უნდა იყოს (42%).


ის უნდობლობით უყურებს ეთნიკურ უმცირესობებს, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანებს, და სხვა რელიგიის წარმომადგენლენს. თუმცა, ყველაზე დიდ უნდობლობას ლგბტ ჯგუფის მიმართ გამოხატავს (46%).


ქართველ ახალგაზრდას ქორწინება ურჩევნია (43%) არარეგისტრირებულ თანაცხოვრებას, რადგან ფიქრობს, რომ ქორწინება პარტნიორებს ერთმანეთის მიმართ მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს.


რაც შეეხება სექსს - ქართველი ახალგაზრდა კაცი ამბობს, რომ ერთზე მეტი სექსუალური პარტნიორი ჰყავდა (57%), მაშინ როცა ქალების მხოლოდ 1% ამბობს, რომ ჰქონია სექსი ერთზე მეტ პარტნიორთან.


ქართველ ახალგაზრდას არასოდეს მოუწევია მარიხუანა (88%). ის რეგულარულად ან ხშირად ლოცულობს (48%); ესწრება წირვა-ლოცვას ეკლესიაში (33%) და აღნიშნავს რელიგიურ დღესასწაულებს (83%).


ქვეყნის მთავარ პრობლემებად მას უმუშევრობა და სიღარიბე მიაჩნია.


საშუალოსტატისტიკური ქართველი ახალგაზრდა მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში (74%) და NATO-ში (68%) გაწევრიანებას. ამავე დროს, მას სჯერა, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის შედეგი შეიძლება იყოს რუსეთის მხრიდან აგრესია (52%). ასევე, ჰგონია, რომ ევროკავშირთან ინტეგრაცია გამოიწვევს ქვეყნიდან ახალგაზრდების გადინებას (45%) და საფრთხეს შეუქმნის ქართულ იდენტობას და ტრადიციულ ღირებულებებს (30%).


ქართველი ახალგაზრა ამჟღავნებს ხაზგასმულ ეროვნულ კუთვნილებას - თავს ქართველი ერის ნაწილად მიიჩნევს (56%) და არა დამოუკიდებელ ინდივიდად (20%) ან მსოფლიო მოქალაქედ (19%).


და ბოლოს კარგი ამბავი - ქართველი ახალგაზრდა ბედნიერია. ის თავისი პირადი ცხოვრებითაც კმაყოფილია (60%) და საქმიანობითაც (61%). და ოპტიმისტიც - მას სჯერა, რომ 10 წლის განმავლობაში ქვეყანაში სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება (95%).


ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) კვლევა ეყრდნობა შელის ახალგაზრდული კვლევის (Shell Youth Study) მოდელს, რომელიც 1953 წლიდან ტარდებოდა როგორც გერმანიაში, ასევე სხვა ევროპულ ქვეყნებში. კვლევის მეთოდოლოგია შეიქმნა ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის (ACT)-ის მიერ, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის მოთხოვნების გათვალისწინებით. ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 1200 პირისპირ ინტერვიუ და 24 ფოკუს ჯგუფის დისკუსია.


წყარო http://jam-news.net/

 

 

big_banner
არქივი