logo_geo
ქართული ჩურჩხელა ირანის რესტორნის მენიუშია
- +

31 იანვარი. 2017. 03:07



ორი კვირის წინ კომპანია „გრემის" მიერ წარმოებული სხვადასხვა სახის 8 000-მდე ჩურჩხელა საცდელი პარტიით ირანში ექსპორტზე გავიდა. ექსპორტისთვის მოტივაცია ფერეიდნელი მეწარმის მიერ ისპაჰანში გახსნილი პატარა რესტორანი 'Georgian Cafe აღმოჩნდა. ჩურჩხელები ფერეიდნელმა მეწარმემ თავისი ახლადგახსნილი რესტორნისთვის შეიძინა და უკვე რესტორნის მენიუშიც შეიტანა. ირანელებმა მზარეულები საქართველოდან წაიყვანეს, რომლებიც იქაურ პერსონალს გადაამზადებენ.


როგორც კომპანიის დამფუძნებელი გიორგი მაჩაბელი „საქმიან დილასთან" საუბრისას აღნიშნავს, ისინი ირანელ პარტნიორებს საქართველოში შეხვდნენ, რომლებმაც დიდი ინტერესი გამოხატეს ''გრემის" მიერ წარმოებულ პროდუქციაზე. ამ ეტაპზე კომპანიის პროდუქტი ძირითადად მეზობელ ქვეყნებში რუსეთში, უკრაინასა და ყაზახეთში გადის.

 

„ჯერჯერობით, 8 000-მდე ჩურჩხელა სატესტო რეჟიმით გავიტანეთ, თუმცა შემდეგ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ექსპორტს გავაფართოებთ. აღსანიშნავი ის არის, რომ ჩვენი ჩურჩხელა რესტორნის მენიუშია შეტანილი. ქართულ პროდუქტს მინუსიც აქვს და პლიუსიც. მინუსი ის არის, რომ მსოფლიოში ნაკლებად იცნობენ და სწორი მარკეტინგული გათვლა და კარგი პიარი უნდა გაკეთდეს. პლიუსი კი ის გახლავთ, რომ სიახლეა და ასეთი ახალი პროდუქტით სხვა ქვეყნების ბაზრები გადატვირთული არ არის", - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.


მისივე თქმით, ექსპორტზე ჩურჩხელასთან ერთად, კომპანიის ბრენდის რამდენიმე სახეობის თაფლი და სვანური მარილის გატანაც იგეგმება, თუმცა თაფლისა და მარილის შეტანაზე ირანში კანონები გამკაცრებულია და ქართულ პროდუქციას ბაზარზე მოსახვედრად გარკვეული პროცედურების გავლა მოუწევს.


კომპანია „გრემი" 2016 წელს დაარსდა. კომპანია უკვე 15 სახეობის პროდუქტს აწარმოებს, მათ შორის, მურაბებს, აფასოებს თაფლს, ჯონჯოლს, აჯიკასა და სვანურ მარილს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი