logo_geo
პატრიარქის დაცვის უფროსი დეკანოზ გიორგი მამალაძეზე: თუ დამტკიცდა ბრალდება, უნდა დაისაჯოს
- +

15 თებერვალი. 2017. 22:15



პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს დადებითად ახასიათებს, თუმცა, აცხადებს, თუკი მისი ბრალეულობა დამტკიცდა, ის უნდა დაისაჯოს. ამის შესახებ ოხანაშვილმა „მოამბეს" ბერლინში განუცხადა.


რა თქმა უნდა, ვიცნობდი და ვიცნობ, დადებითად დავახასიათებ. გაოგნებული ვარ, უბრალოდ და არ ვიცი... თუ დამტკიცდა ბრალდება, უნდა დაისაჯოს", - განუცხადა მან „საზოგადოებრივ მაუწყებელს" დეკანოზ გიორგი მამალაძის შესახებ დასმული კითხვის პასუხად.


ოხანაშვილი ამბობს, რომ მისი თბილისში ჩამოსვლა და გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა აუცილებელი იყო, რადგან ეს პატრიარქის უსაფრთხოებას ეხებოდა. ამასთან, მისი თქმით, გაუთქმელობის ხელწერილის გამო, დეტალებზე ვერ ისაუბრებს.


მისივე თქმით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის დახმარებით, პატრიარქის დაცვის წევრები სათანადოდ არიან მომზადებულები.


„ეჭვს ვერ შევიტან მე ჩემი ბიჭების პროფესიონალიზმში", - განაცხადა ოხანაშვილმა და აღნიშნა, რომ პატრიარქის უსაფრთხოება ყოველთვის უზრუნველყოფილია.


10 თებერვალს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს. პროკურატურის ცნობით, გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ მამალაძე ამზადებდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობას, სწორედ ამ მიზნით შეიძინა მან გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირისგან შხამიანი ნივთიერება - ციანიდი. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და დღეს ის ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს.


სოსო ოხანაშვილი აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში დასაკითხად ბერლინიდან თბილისში ჩამოვიდა და კვლავ პატრიარქთან დაბრუნდა.


 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი