logo_geo
მდინარე მტკვრის მასშტაბური გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო
- +

21 თებერვალი. 2017. 21:24



მდინარე მტკვრის უპრეცედენტოდ მასშტაბური გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. გატარდება კომპლექსური ღონისძიებები, რომელსაც თბილისის მერიისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ. მდინარე მტკვარი სპეციალური ტექნიკის საშუალებით გაიწმინდება წლების განმავლობაში დაგროვილი სხვადასხვა სახის ნარჩენისგან, ლამისგან, ლაქაშისგან და ა.შ. განხორციელდება ხეების სხვლა-ფორმირება, ის ხე-მცენარეები კი, რომლებიც გამხმარია, ან მტკვრის ჯებირს აზიანებენ, მოიჭრება. სამუშაოებში თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურისა და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის თანამშრომლები, შპს თბილსერვის ჯგუფის წარმომადგენლები, ასევე, შსს-ს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები, მათ შორის ალპინისტები არიან ჩართულნი.


მტკვრის მასშტაბური გაწმენდითი სამუშაოები პერმანენტული ხასიათისაა და რამდენიმე დღეს გასტანს. ჯამში, დაახლოებით, 10 კმ-იანი მონაკვეთი დასუფთავდება.


გაწმენდითი სამუშაოები თავდაპირველად ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს - ორთაჭალის ჰესის მიმდებარედ და მარცხენა სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთ გზაჯვარედინთან (რესტორანი „აფხაზეთი"-ს მიმდებარედ). საგზაო შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, სამუშაოები 11:00 საათიდან 16:00 საათამდე გასტანს. დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, რომელსაც შსს და მერიის შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს მდინარე მტკვრის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რაც ქალაქის ეკოლოგიაზეც დადებითად აისახება.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი