logo_geo
ნანა კაკაბაძე: ნათლად დავინახე ადამიანი, რომელიც დედა-ეკლესიის წინააღმდეგ იბრძვის
- +

22 თებერვალი. 2017. 13:22



 

„ნათლად დავინახე, მეუფე პეტრეს სახით ადამიანი, რომელიც დედა-ეკლესიის წინააღმდეგ იბრძვის და მიზნად დაისახა მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაცია", - ამის შესახებ უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


ე.წ. ციანიდის საქმეზე საპატრიარქოში გამართულ შეხვედრებზე საუბრისას კაკაბაძემ აღნიშნა, რომ ამ საქმეზე ყველა ეპისკოპოსმა ერთიანი პოზიცია დააფიქსირდა, გარდა მეუფე პეტრე ცაავასი, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძის წინააღმდეგ ძიების შეწყვეტას და მის გათავისუფლებას ითხოვდა.


„ყველა ეპისკოპოსი თვლიდა, რომ გამოძიება ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი და ხალხმა უნდა გაიგოს სიმართლე ამ საქმის ირგვლივ. მეუფე პეტრე კი თავს არიდებდა გამოძიების თემას. ამბობდა, რომ გამოძიება საჭირო არ არის, რადგან ეს საქმე არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ითხოვდა მამა გიორგის გათავისუფლებას, თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებითაც, ყველა დანარჩენი ეპისკოპოსები იყვნენ ერთსულოვანი და ისინი ამბობდნენ, რომ გათავისუფლების შემთხვევაშიც, მამა გიორგის შეიძლება დაემუქროს დიდი საფრთხე და ისევ სჯობს, გამოძიების ბოლომდე ის იყოს იქ, სადაც დღეს იმყოფება, რადგან თუნდაც მისი სიცოცხლე დღეს უფრო დაცულია", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.


მისივე შეფასებით, მეუფე პეტრე ჩაება იმ ფერხულში, რასაც ჰქვია ბრძოლა მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ.


„მან საჯაროდ დაიწყო საუბარი იმაზე, რაც ერთი მხრივ, არ არსებობს და მეორე მხრივ, ის ჩაება ფერხულში, რასაც ჰქვია საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა. ეს არის ადამიანი, რომელმაც მიზნად დაისახა საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაცია, რაც ნიშნავს, ჩვენი ერის, ჩვენი ქვეყნის შესუსტებას და სწორედ იმ ძალების მხარდაჭერას, რომლებსაც უნდათ, რომ ქვეყანა იყოს დაუძლურებული და ეკლესია სუსტი", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.





 

big_banner
არქივი