logo_geo
ილია მეორე: მადლი ღვთის არის, რომლის გარეშე ადამიანი ვერ ცხონდება!
- +

2 მარტი. 2017. 21:50



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სიონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა, რომ „აი, ახლა, ჩვენ აქ ვლოცულობთ, ვკითხულობთ ანდრია კრიტელის კანონს და ჩვენი მორწმუნე ადამიანები სადღაც ციხეში არიან და არჩევენ ბოროტ საქმეებს".


სიონში წმინდა ანდრია კრიტელის ლოცვა შესრულდა. ლოცვის დასრულების შემდეგ ტაძარში შეკრებილებს კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგებით მიმართა.

 

„დღეს დამთავრდა ანდრია კრიტელის კანონი და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ მოგვეცა საშუალება ამ კანონის წაკითხვისა. ანდრია კრიტელის კანონი იწყება სიტყვებით: "საიდან ვიწყო მე გლოვა, საიდან ვიწყო მე ტირილი". ყოველი ადამიანი გარემოცულია ცოდვებით, სიკეთით. შენდობის კვირიაკეს მე გითხარით, საოცარია ადამიანის ბუნება. როგორ იტევს იგი ამდენ სიკეთეს და ამდენ ბოროტებას და ეს სიკეთე და ბოროტება ადამიანში გვერდიგვერდ დგას. ანდრია კრიტელი ამბობს, რომ შევქმნათ სათნოებათა კეთილთა საქმეთა კიბე, რომლითაც ჩვენ უნდა ავიდეთ ზეცად. ყოველმა ადამიანმა უნდა ჩაიხედოს თავის გულში. ქმნის თუ არა ამ კიბეს. სად დგას იგი, მარჯვენა მხარეს თუ მარცხენა მხარეს.

 

როცა ადამიანი აკეთებს კეთილ საქმეს, როცა ლოცულობს, მარხულობს, უნდა ახსოვდეს, რომ ეს შურს ეშმაკს და ეშმაკი შურით უყურებს იმ ადამიანებს. აი, ახლა ჩვენ აქ ვლოცულობთ, ვკითხულობთ ანდრია კრიტელის კანონს და ჩვენი მორწმუნე ადამიანები სადღაც ციხეში არიან და არჩევენ ბოროტ საქმეებს. შევთხოვთ უფალს, რომ "უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით". სიკეთე და ბოროტება ძალიან ხშირად გვერდიგვერდ არიან და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა დაგვანახოს, სად არის სიკეთე, სად არის ბოროტება.

 

მადლი, რომელიც კურნავს ადამიანს, ის მადლი ღვთის არის, რომლის გარეშე ადამიანი ვერ ცხონდება. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს. ამინ!", - ბრძანა ქადაგებისას უწმინდესმა.


 

big_banner
არქივი