სტუდენტურმა მოძრაობამ „აუდიტორია 115" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი დატოვა, რომელიც გასული წლის 24 ნოემბერს დაიკავა. მოძრაობის წევრების განცხადებით, მე-6 კორპუსის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ ის ცვლილებები დაარეგისტრირა, რომელსაც "აუდიტორია 115" ითხოვდა.
„ერთწლიანი ბრძოლის შემდეგ ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარესთან. ქალბატონმა მარიამ ჯაშმა დაარეგისტრირა ცვლილებათა პაკეტი, რომლის ძალაში შესვლის შემდეგ საფაკულტეტო საბჭოში სტუდენტთა არჩევა მოხდება პირდაპირი წესით;. სტუდენტებს თანაბარი წვდომის უფლება ექნებათ უნივერსიტეტის ფინანსებზე სტუდენტური ინდივიდუალური ან ერთობლივი ინვესტიციების მხარდასაჭერად; სტუდენტური თვითმმართველობის ერთიანი ცენტრალიზებული სტრუქტურის ნაცვლად უნივერსიტეტები თავად გადაწყვეტენ, თუ რა ტიპის სტრუქტურა შეესაბამება მათ სპეციფიკას. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ეს ახალი ორგანო დაკომპლექტდეს მხოლოდ პირდაპირი წესით არჩეული სტუდენტებით. კანონის ამჟამინდელი ვერსია ამ საკითხს ღიად ტოვებს, სწორედ ამიტომ ჩვენ ვაპირებთ სამუშაო პროცესში ჩართვას და საკომიტეტო სხდომაზე ამ ინიციატივის მხარდაჭერას.
თუ აღნიშნული საკითხი არ განისაზღვრება კანონით, რჩება იმის ალბათობა, რომ მივიღოთ კვლავ მანკიერი სისტემა. ასევე "აუდიტორია 115"-ის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა უკავშირდება სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს. ჩვენ კომიტეტის თავმჯდომარისგან მივიღეთ პირობა, რომ ის უახლოეს დღეებში აუცილებლად დაინტერესდება აღნიშნული საკითხით", - აღნიშნულია „აუდიტორია 115"-ის მიერ გავრცელებულ საერთო განცხადებაში.