logo_geo
ვახტანგ კობალაძე: ყველაზე დიდი საფრთხე სათამაშოებისგან, ბავშვის თირკმელებსა და რეპროდუქციულ სისტემას უტევს
- +

28 იანვარი. 2020. 13:55

 

 

საქართველოს მთავრობამ სათამაშოების ხარისხის გასაკონტროლებლად ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა. ამ სიახლის თანახმად, ბიზნესოპერატორებს 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშოებზე გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ. სათამაშოებს სპეციალური დოკუმენტაცია უნდა ახლდეს, სადაც პროდუქტის მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია იქნება აღნიშნული. მითითებული უნდა იყოს მწარმოებლის სახელი და სავაჭრო ნიშანი, ტექნიკური დოკუმენტაცია და სხვა მახასიათებლები. რამდენად საკმარისია ეს მოთხოვნები მავნე სათამაშოების ბაზრიდან გასაქრობად და რეალურად, როდის იგრძნობს მოსახლეობა ამ ცვლილებებს - გვესაუბრება „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ პროგრამის კოორდინატორი ვახტანგ კობალაძე:

 

- ბაზრის ზედამხედველობის სააგენტოს მხოლოდ 2021 წლიდან მიეცემა შესაძლებლობა, რომ მოსთხოვოს ბიზნესოპერატორებს მავნე სათამაშოების ბაზრიდან ამოღება, ხოლო დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მათ წინააღმდეგ გარკვეული სანქციები გაატაროს. 2020 წელს მხოლოდ რეკომენდაციების გაცემა შეუძლიათ.

 

- საკმარისია კონკრეტული რეგულაცია იმისთვის, რომ მომხმარებელმა თავი დაცულად იგრძნოს?

 

- 2021 წლიდან რეგულაციების რეალურად ამოქმედების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ხარვეზი ჰქონდეს. სიღრმისეულად ჯერ არ შეგვიფასებია.

 

- რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ევროპაში სათამაშო, რომ უსაფრთხოდ ჩაითვალოს?

 

- რა თქმა უნდა, ევროპაში უსაფრთხოების მოთხოვნები მაღალია. ჩვენი რეგულაცია, ფაქტობრივად, ევროკავშირის რეგულაციის ანალოგია. ყველა ის საფრთხე, რაც შეიძლება სათამაშომ გამოიწვიოს, ეს იქნება ფიზიკური, მექანიკური, აალებადობა, ქიმიური, რადიოაქტიურობა, გათვალისწინებულია და შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები კონტროლის განხორციელებაზე პასუხისმგებლობას იღებენ.

 

- რა არის ყველაზე დიდი საფრთხე, რაც შესაძლებელია, რომ სათამაშოსგან მოდიოდეს?

 

-გამოყოფა რთულია, რადგან სათამაშოებში ბევრი ნივთიერება გამოიყენება. თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მავნე ნივთიერებაა პტალატი, რომელიც ჩვენც აღმოვაჩინეთ და ევროკავშირშიც ძალიან ხშირადაა აღმოჩენილი. ეს არის ნივთიერება, რომელიც პლასტმასის დამარბილებლად გამოიყენება და უარყოფითად ზემოქმედებს ბავშვის რეპროდუქციულ სისტემასა და თირკმელებზე. გარდა ამისა, ძალიან ხშირია არა შემადგენლობასთან, არამედ კონსტრუქციასთან დაკავშირებული ხარვეზები. არის შემთხვევები, როდესაც სათამაშოს პატარა ნაწილი სძვრება და ბავშვი ყლაპავს. გარდა ამისა, შეიძლება სათამაშოს ისეთი კონსტრუქცია ჰქონდეს, რომ ყელზე შემოეხვიოს, რამაც შესაძლოა ბავშვის დახრჩობა გამოიწვიოს.

 

- თუ არსებობს ტყვიის შემცველობის საფრთხე?

 

- რა თქმა უნდა, თეორიულად არსებობს. მაგრამ ევროკავშირში ბევრი შემთხვევა ამასთან დაკავშირებით, არ მინახავს. არსებობს საიტი - „რაპექსი“, სადაც ბევრი არასასურსათო პროდუქტის შემოწმების შედეგები ქვეყნდება. მათ შორისაა სათამაშოებიც. თუმცა, იქ სათამაშოებში ტყვიის შემცველობა არ მინახავს. სხვა პროდუქტებში არის, მაგრამ სათამაშოებში ნაკლებად. ძირითადად პტალატებია ხოლმე. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენთან ტყვიის პრობლემა არ იქნება იმიტომ, რომ ჩვენი ბაზარი ნამდვილად უკონტროლოა, ევროპის ბაზრისგან განსხვავებით. თუმცა, კონკრეტული მონაცემები არ მაქვს.

 

- თუ მომხმარებელი დაინტერესებულია, რომ ხარისხიანი სათამაშო შეიძინოს, რა უნდა იყოს მითითებული ეტიკეტზე, რომ სწორი არჩევანი გააკეთოს?

 

- მომხმარებელს მხოლოდ საკუთარი ძალით რომ შეეძლოს გარჩევა, რომელია კარგი ან პირიქით, სულ არ იქნებოდა საჭირო არც კანონმდებლობა და არც სახელმწიფო კონტროლი. თუმცა, არსებობს რჩევები, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ. ეტიკეტზე, როგორც წესი, მომხმარებელი შემადგენლობის შესახებ ზუსტ ინფორმაციას ვერ იპოვნის, მაგრამ თავი უნდა შეიკავონ თვალსაჩინოდ უხარისხო სათამაშოების შეძენისაგან. ასევე, არ უნდა შეიძინონ ისეთი სათამაშოები, რომლებსაც სპეციფიური სუნი აქვთ და ადვილად გადასდის საღებავი. „რაპექსზე“ მუდმივად ქვეყნდება შედეგები და აქედან გამომდინარე, შეუძლიათ დააკვირდნენ, იქ რა არის გამოვლენილი და იმავე ტიპის სათამაშოს თუ იპოვნიან ქართულ ბაზარზე, არ შეიძინონ. გარდა ამისა, შეუძლიათ ვიზუალურადაც დააკვირდნენ და შეამოწმონ სათამაშოს კონსტრუქცია, ხომ არ არსებობს რისკი, რომ ნაწილები მოძვრეს და ბავშვმა გადაყლაპოს.

 

- მწარმოებელი ქვეყნის მითითება აძლევს მოხმარებელს იმის გარანტიას, რომ ხარისხიან ან, პირიქით, უხარისხო სათამაშოს ყიდულობს?

 

- სამწუხაროდ, მწარმოებელი ქვეყნის მითითება ეტიკეტზე დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. პირველ რიგში, შეიძლება წარწერა საერთოდ არ ემთხვეოდეს სინამდვილეს. ასევე, ყველამ იცის, რომ საქართველოში არ არის სახელმწიფო კონტროლი და შესაბამისი მოთხოვნები. დიდი საფრთხეა, რომ ევროკავშირში თუ სხვა განვითარებულ ქვეყნებში წარმოებული პროდუქციაც იყოს დაბალი ხარისხის.

 

- საქართველოში თუ არის იმის შესაძლებლობა, რომ სათამაშო ლაბორატორიულად შეამოწმონ?

 

- როგორც ვიცი, გარკვეულ კომპონენტებზე შემოწმება შეიძლება, თუმცა სათამაშოს სრულფასოვანი შემოწმება შეუძლებელია. ერთია, ლაბორატორიას შეუძლია თუ არა შემოწმება და მეორეა, აკრედიტაცია. ჩემი ინფორმაციით, არსებობს ერთი ლაბორატორია, რომელიც სხვადასხვა ტიპის კვლევას ატარებს, მათ შორის, სათამაშოებზე, მაგრამ შესაბამისი აკრედიტაცია არ აქვს. აკრედიტაცია არ არის აბსოლუტური გარანტი, რომ კვლევის შედეგი უტყუარია, მაგრამ ნდობის ერთ-ერთი საფუძველია. აკრედიტაცია ფასიანია. ბევრი ლაბორატორია თავს არიდებს თანხის გადახდას იქედან გამომდინარე, რომ დიდი მოთხოვნა ასეთი ტიპის კვლევებზე არ არსებობს და არც ლაბორატორიებს უღირთ მსგავსი კვლევების დანერგვა და აკრედიტაციის მიღება.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი