logo_geo
დღეს მგალობელ-მომღერალთა გუნდ „დიდგორის“ აუდიოალბომის წარდგენა გაიმართება
- +

9 მარტი. 2017. 12:20


9 მარტს, 20 საათზე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიმართება მგალობელ-მომღერალთა გუნდ „დიდგორის"რიგით მესამე აუდიოალბომის წარდგენა.


ალბომში „სიმღერა, როგორც ცხოვრების წესი"  შესულია სიმღერები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.


ალბომი ჩაიწერა სტუდიაში „მრავალჟამიერი".


ალბომი გამოიცა ფონდ „ქართული გალობის" ფინანსური მხარდაჭერით.


მგალობელ-მომღერალთა გუნდი „დიდგორი" 2004 წელს შეიქმნა. მისი დებიუტი 2006 წელს შედგა. „დიდგორის" საშემსრულებლო სტილი ტრადიციულია და საზრდოობს საარქივო ჩანაწერებით, მოიძიებს და აღადგენს ძველ ოსტატთა ნამღერ ვარიანტებს.


,,დიდგორი" აქტიურ საქმიანობას ეწევა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. 2012 წლიდან ანსამბლი პროექტის - „ჩემო კარგო ქვეყანავ" ფარგლებში მართავს კონცერტებს რეგიონებში ადგილობრივ მომღერლებთან ერთად.


2013 წლს რიგაში სასულიერო მუსიკის XVI საერთაშორისო ფესტივალზე ,,დიდგორი" და ლატვიის სახელმწიფო გუნდი საზოგადოების წინაშე წარდგა ერთობლივი კონცერტით, რომელზეც შესრულდა ლატვიელი კომპოზიტორების მიერ ამ პროექტისათვის ქართული ტრადიციული მუსიკის მოტივებზე შექმნილი ნაწარმოებები, მათში ორგანულად ჩართული ქართული ავთენტური სიმღერა-გალობით. კონცერტი გამეორდა თბილისის VII სიმპოზიუმის ფარგლებში თბილისის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში 2014 წელს.


ქართული სიმღერის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის - ნომინაციაში ახალი თაობა, „დიდგორს" გადაეცა ფონდ „ქართული გალობის" ჯილდო და სიგელი (2015). „დიდგორი" 2015-16 წლებში საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის პირველი ადგილის პრიზიორია.


ანსამბლი გალობს თბილისის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარში.

გამოცემული ანსამბლის სამი აუდიოალბომი.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი