logo_geo
ირაკლი აბაშიძე - „ღირს თუ არა ღირს?.. “
- +

23 ნოემბერი. 2016. 13:31



წინა პუბლიკაციებში ვწერდი, რომ ბატონი ირაკლის ცხოვრება და მოღვაწეობა რთულ დროსა და რეალობაში უხდებოდა და, სწორედ იმ დროს იყო საჭირო ირაკლისეული სიბრძნე, რომლთაც კეთდებოდა დიდი საქმეები. ეს სიბრძნე ითხოვდა პოეტი-აკადემიკოსის აქტიურ როლს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამ სფეროშიც ის გახლდათ ერთობ ანგარიშგასწევი ფიგურა. კაცი, რომელიც მრავალი წლის მანძილზე თავკაცობდა მწერალთა კავშირს, იყო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, „ქართული ენციკლოპედიის" მთავარი რედაქტორი, რუსთაველის საზოგადოების პირველი თავკაცი, საქართველოს უმაღლესი საბჭოს (მაშინდელი პარლამენტის) თავმჯდომარე, ბუნებრივია, სერიოზული გავლენით სარგებლობდა. მით უმეტეს, ძლიერნი ამა ქვეყნისანი თავადაც ილტვოდნენ მისკენ, ამაყობდნენ მასთან მეგობრობით.


ვასილ მჟავანაძე, მაშინდელი პრემიერი გივი ჯავახიშვილი, ნომინალური პრეზიდენტი გიორგი ძოწენიძე ბატონ ირაკლის უახლოეს მეგობრად თვლიდნენ. ეს გარემოება პოეტს აძლევდა იმის საშუალებას, რომ თავისი კოლეგებისთვის ბევრი სიკეთე გაეკეთებინა, ისევე, როგორც მწერალთა კავშირისთვის, მისი სტრუქტურებისთვის...


ბუნებრივია, სასიკეთო ლეგენდაც ბევრი დადიოდა და ირაკლი აბაშიძისადმი დამოკიდებულებას საზოგადოების დიდი ნაწილი სიყვარულით, მოწიწებით და პატივისცემით გამოხატავდა.


მაგრამ ცხოვრება ცხოვრებაა!


სიკეთის და საქმის მკეთებელ კაცს ჩვენში არც მოშურნე და მოქილიკე დაელევა...


ჰოდა, ამ მხრივ გამონაკლისი არც ირაკლი აბაშიძე გახლდათ...

საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ერთი პერიოდი ეს ცოცხალი ლეგენდა-კაცი საქართველოსაც კი განერიდა.


და მოხდა სასწაული: ირაკლი ისეთი პატივით მიიღო საბჭოთა კავშირის მწერლურმა ოჯახმა, ისეთი თანამდებობა და რეგალიები უბოძეს, რომ... საქართველოში ბევრს, მათ შორის, უმაღლეს ელიტაში, ძილი გაუტყდა. და ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდათ მაშინდელ ხელმძღვანელებს, რომ ირაკლი აბაშიძე ისევ თბილისს დაბრუნებოდა....


ამ პერიოდს ეკუთვნის ლექსი „სალიერები", რომელიც ამ ცოტა ხნის წინ ჩემს გვერდზე გამოვაქვეყნე და ურიგო არ იქნება, თუ აქაც გავიმეორებ:


მიძღვნა ქართველ სალიერებს

***

სალიერებო! ხომ ცნობილია

თქვენი ნიჭი და თქვენი ხელობა -

თქვენ დააბრალეთ მოხუც ილიას

საგურამოში გლეხის მკვლელობა.

თქვენ ჩვენს მიწაზე შხამს აცემენტებთ,

ფიქრობთ - სიმართლეს ჭორი დაჯაბნის;

თქვენ დააბრალეთ ღმერთ-კაც წერეთელს

განადგურება ვანო მაჩაბლის.

ბედი ბოროტი თქვენი ბედია,

ყოველ წყაროში ისვრით ანკესებს;

თქვენ მიგაჩნიათ თქვენს ტრაღედიად,

ქვეყნად თუ ვინმე საქმეს აკეთებს.

ყოვლის აღრევა, ყოვლის ადღვება

თქვენი საქმეა, ათას ფერებში;

თქვენი „ალერსი" და ყურადღება

თუ მეც მომელის ამ სიბერეში, -

მაშინ მე გეტყვით, რა გზაც მივლია,

უნიჭოებო, ცარიელებო!

გეტყვით - მე მოვკალ დიდი ილია -

მეტი რა გინდათ, სალიერებო!

(მე თქვენი დედაც, სალიერებო!)


ალბათ, უპრიანი იქნება იმის გახსენებაც, რომ მიუხედავად ურთიერთკეთილგანწყობისა, ირაკლი აბაშიძის ავტორიტეტული ფიგურა - სამართავად ძნელი, მუდამ სიმართლის მთქმელი (და ამისთვის ყოველთვის ნახულობდა ზუსტ ფორმას და ტონს), პრინციპული, ამასთან დიდი ღირსების მატარებელი პოეტი ყველა ეპოქის ხელისუფლებისთვის მეტ-ნაკლებად იყო პრობლემა. და ამ „პრობლემა-კაცის მოთვინიერებას" მავანი და მავანი ზოგჯერ „აკრძალული ილეთით" ცდილობდა. სამწუხაროდ, ამ „ილეთებს" ზოგიერთი კოლეგა-მწერალი საკუთარი ინიციატივით იყენებდა, ზოგჯერ კი „დავალებას" ნამეტნავი ენთუზიაზმით ასრულებდა... ირაკლი ასეთ „გამოხტომებს" ფილოსოფიურად უცქერდა და ცდილობდა, კეთილშობილური განწყობით განემუხტა. ზოგჯერ სარკაზმს, ირონიას, იუმორსაც იშველიებდა.


ერთმა საკმაოდ ცნობადმა, მაგრამ ნიჭიერებით საშუალო დონის მწერალმა რომ მეტისმეტად გაუტია, ბატონმა ირაკლიმ „უსაყვედურა": კაცო, მართლა რომ გავბრაზდე, თავი გადავდო, დრო დავკარგო და შენი ნაწერები ბოლომდე ჩავიკითხო, მერე სადღა მიდიხარო... ამ რეპლიკის შემდეგ ოპონენტი დაშოშმინდა.


... ერთ ლიტერატურულ ჟურნალში გამოქვეყნდა საკმაოდ უსიამო წერილი ირაკლი აბაშიძის შესახებ. ქალაქი ალაპარაკდა.


...საღამო ხანია. ზარია ჩემთან. „ეგებ, ყველაფერი გადადო და სასწრაფოდ მნახოო",- ბრძანა ბატონმა ირაკლიმ. სახლის წინ დამხვდა. ეს დინჯი, ყოველთვის გაწონასწორებული კაცი შესამჩნევად იყო აღელვებული. გულისტკენა არ დამალა. თანაც უკვე იცოდა, რომ ამ უმსგავსოებაში მაშინდელი ხელმძღვანელობის ხელი ერია.


ქუჩის ლამპიონის ქვეშ ლექსი წამიკითხა და მთხოვა, გააკეთე ისე, რომ ეს ლექსი ხვალინდელ გაზეთში დაიბეჭდოსო.


მომეჩვენა, რომ ამის გაკეთება ამ ფორმით და ამ დღეს ირაკლის ავტორიტეტს არაფერს შემატებდა. ვნება კი შეეძლო მოეტანა. მთელი ჩემი მჭევრმეტყველება, ემოციები , ფიცი დამჭირდა, რომ ერთი დღით გადამედო ამ „საზღაურის" გამოქვეყნება. დავითანხმე.


მეორე დილით მის უახლოესი მეგობრებთან - აკადემიკოს შოთა ძიძიგურთან და პროფესორ დავით ჩხიკვიშვილთან ერთად „შეთქმულება" დავგეგმეთ, რათა ირაკლის ამ ლექსის გამოქვეყნება გადაეფიქრებინა.


მანქანით მივდვართ „შეთქმულები" და ის-ის არის, ამ თემაზე საუბარი უნდა დავიწყო და... ბატონი ირაკლი კონვერტს მაწვდის და ღიმილით მეუბნება: შე მართლა  „ჟულიკო", ძალიან კარგად მესმის ეგ  ოინები, იყოს ისე, როგორც შენ გინდა და აჰა, ეს ლექსი, გქონდეს და როცა საჭიროდ ჩათვალო, მაშინ გამოაქვეყნეო... ამოვისუნთქეთ „შეთქმულებმა"...

მას შემდეგ 33 წელზე მეტი გავიდა.

ამ უსიამო „ისტორიის" არცერთი მონაწილე და „შეთქმული"(ჩემ გარდა) ამ ქვეყნად აღარ არის.

ირაკლის განქიქების დავალების გამცემები შემდგომ ნანობდნენ თავიანთ საქციელს. იმ ბრიყვული დავალების შემსრულებელმა, ქუთაისში, უნივერსიტეტში პოეტთან შეხვედრის დროს, ირაკლის უფროსი ვაჟიშვილის -ზურაბისა და ჩემი თანდასწრებით, პატიება სთხოვა ბატონ ირაკლის. ის აშკარად წესიერი კაცი იყო და საოცარი გულწრფელობით განიცდიდა თავის შეცდომას...


მაგრამ, როგორც ფრანგები ამბობენ: „სე ლა ვი!"


ამიტომ ამ ისტორიის ბოლო აკორდიც ასაღებია და ლექსს ახლა მაინც ვაქვეყნებ. მიუხედავად იმისა, რომ აბაშიძეები ამ ფაქტს აღტაცებით არ შეხვდებიან. ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ეს არ არის ერთეული და გამონაკლისი შემთხვევა. არც ამ ერთი კონკრეტული ადამიანის მისამართით გაჟღერებული. არც მხოლოდ იმ დროისთვის დამახასიათებელი. ეს კლასიკაა. სამწუხაროდ, საქართველოსთვის, ყოველ შემთხვევაში მისი ერთი ნაწილისთვის მაინც, სისხლში და ხორცში გამჯდარი თვისება.


ბატონი ირაკლის პოეტური პასუხიც, ჩემი აზრით, კლასიკაა! უმაღლესი დონის კლასიკა და იგი, ხელნაწერის სახით (მხოლოდ ერთი სიტყვის გამოკლებით) ქვეყნდება პირველად!!!!


 

 

 

 

big_banner
არქივი