logo_geo
„ძილისთვის 3-4 საათი გვაქვს… იმედია, გადავრჩებით“, – რას უძლებენ ქართველი ექიმი-ინფექციონისტები
- +

18 მარტი. 2020. 19:10

 

 

 

„საქართველოში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის გამოვლენის შემდეგ ინფექციონისტები, ფაქტობრივად, დასახლდნენ სამსახურებში, რადგანაც დღის რეჟიმი მთლიანად შეეცვალათ და ძილისთვის გამოყოფილი დაახლოებით 3-4 საათის გარდა სამსახურსა და პაციენტებს ყურადღებას არ აკლებენ. სხვადასხვა კლინიკის ექიმები, ბოქსირებული განყოფილებების თანამშრომლები და მედპერსონალი მთლიანადაა მობილიზებული. მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია საკმაოდ რთულია და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ სამომავლოდ ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება, პაციენტების მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება – პირველი ორი ინფიცირებული უკვე განიკურნა კორონავირუსისგან, რაც, ცალსახად, ექიმების მიერ პაციენტებისთვის დათმობილი არანორმირებული დროისა და თავდაუზოგავი მუშაობის შედეგია“, – წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით „ძილისთვის 3-4 საათი გვაქვს… იმედია, რომ ჩვენ გადავრჩებით“, – რას უძლებენ ქართველი ექიმი-ინფექციონისტები“.

 

„ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ სამუშაო რეჟიმი მართლაც მთლიანად შეიცვალა მას შემდეგ, რაც პანდემია გამოცხადდა. ძილი, შესვენება და სამუშაო მთლიანადაა ერთმანეთთან გადაბმული; პაციენტების მოზღვავების გამო, საჭირო გახდა პერსონალის დამატება, მაგრამ, მიუხედავად რთული სიტუაციისა, და უძილო ღამეებისა გუნდურმა მუშაობამ შედეგი გამოიღო: „ჩვენ დილის 9 საათიდან დაახლოებით ღამის პირველამდე, ორის ნახევრამდე არ გამოვდივართ სამსახურიდან. ძილისთვის ოთხი, მაქსიმუმ ხუთი საათი გვაქვს – მეტი არა. დღეში მინიმუმ ორჯერ მიწევს ყველა ინფიცირებულის გასინჯვა. შესვენების დრო გვაქვს, მაგრამ იქვე. საშუალო და დაბალი მედპერსონალი დამატებული გვყავს და ექიმებიც თავდაუზოგავად მუშაობენ, ასევე მეც (განყოფილების გამგე) და სამედიცინო დირექტორიც მუდმივად იქ ვართ – ჩვენზე ცვლა არ არის. დანარჩენი პერსონალი ენაცვლება ერთმანეთს, მაგრამ ძალიან დატვირთულ რეჟიმში“, – ამბობს ენდელაძე. მისი თქმით, იქნებოდა გაცილებით მეტი შემთხვევა, თავიდანვე რომ ვერ მოესწროთ სიტუაციის გაკონტროლება“, – აღნიშნავს გამოცემა.

 

„არ ვართ დაძაბულები, უბრალოდ, სრულიად ვიცავთ წესრიგს და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ გადავრჩებით. ვმუშაობთ მშვიდად, მაგრამ ძალიან ბევრი ფიზიკური საქმე გვაქვს და ამასთანავე გვემატება პაციენტების შეფასება, მათი ანალიზების გაკონტროლება და ა.შ.“, – დასძენს მარინა ენდელაძე. ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა, რომელიც ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მუშაობს, იმ სამუშაო გრაფიკზე საუბრობს, რომელიც კორონავირუსმა არა მხოლოდ მას, მთელ მსოფლიოს კარდინალურად შეუცვალა. მისივე თქმით, მედპერსონალის მონდომება გაათმაგებულია, რადგან პასუხისმგებლობა არა მხოლოდ საკუთარი თავის და პროფესიის მიმართ არსებობს, არამედ საზოგადოების წინაშეც“, – განაგრძობს გამოცემა.

 

„ჩვენი სამუშაო რეჟიმი კორონავირუსული ინფექციის დაწყებასთან ერთად შეიცვალა. არანორმირებულად დიდ დროს ვატარებთ სავადმყოფოში, ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტული დღის მონაცემებზე, მდგომარეობაზე და იმ საქმის მოცულობაზე, რაც გვაქვს. დღის განმავლობაში მოდის უამრავი ადამიანი, როგორც ჩვენ მიმღებ განყოფილებაში, ასევე სტაციონარში, სადაც ყველაზე საეჭვო პაციენტი თავსდება, რომელიც კორონავირუსის ინფექციაზე კვლევას საჭიროებს. ხდება ამ პაციენტების ლაბორატორიული გამოკვლევები, მათ უტარდებათ ინსტრუმენტული კვლევები, არიან ექიმების მონიტორინგის ქვეშ. ის პაციენტები, რომლებთანაც გამოირიცხება ეს დავადება, გადადიან თვითიზოლაციის რეჟიმში, ან საკარანტინო ზონებში, რის აუცილებლობაც არის. ხოლო ის პაციენტები, ვისთანაც ვირუსი დადასტურდება, უკვე სტაციონალურ მკურნალობას აგრძელებენ. ამ დროისთვის ჩვენთან სტაციონარში 44-ვე პალატა სავსეა… პანდემია მოითხოვს ძალიან დიდ ძალისხმევას, 24 საათი საავადმყოფოში ყოფნას. ეს განპირობებულია იმით, რომ პაციენტების მოდინება დიდია. საუბარია გადამდებ ინფექციაზე, რომელიც მსოფლიოში გლობალურ საფრთხედ არის გამოცხადებული. გვესმის ის დიდი პასუხისმგებლობა, რაც გაგვაჩნია, არა მხოლოდ ჩვენი თავის და პროფესიის წინაშე, არამედ ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების წინაშეც. ძილისთვის დაახლოებით 3-4 საათი გვაქვს, რადგან ყველაფერს მარტო გაწერილი მორიგე მედპერსონალი ვერ აუვა, ეს არის გლობალური საქმე, რომელშიც ინტენსიური ჩართულობით უნდა ვიმუშაოთ“, – დასძენს ალექსანდრე გოგინავა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი