logo_geo
შეიყვარეთ თქვენი შვილი ისეთი, როგორიც არის.
- +

20 მარტი. 2020. 21:07

 

 

ბავშვის განვითარება მუცლადყოფნის პერიოდიდან იწყება და უნიკალური, რთული და ხანგრძლივი პროცესია. იგი განსაზღვრას თითოეული ადამიანის სიცოცხლის ხარისხს, ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, სხვადასხვა უნარს და ქცევას.

 

კვლევების მიხედვით, მსოფლიოში 200 მილიონ ბავშვზე მეტი, 5-6 წლისათვის, ვერ აღწევს განვითარების მაქსიმუმს - სიღარიბის, არადამაკმაყოფილებელი ჯანმრთელობის სტატუსის, პერინატალური ან პოსტნატალური პერიოდის პრობლემების, არასრულფასოვანი კვების, არაადეკვატური მოვლის და მზრუნველობის გამო. სწორედ ამიტომ, მრავალი თანამედროვე კვლევა ორიენტირებულია გამოავლინოს ბავშვთა ჯანმრთელობაზე, განვითარებასა და ქცევაზე მოქმედი რისკ–ფაქტორები, რომ შემდეგში მათი პრევენცია მოხდეს.

 

ბავშვის განვითარება ეტაპებად იყოფა და როგორც პედიატრიული კლინიკა „M-მედი 22-ის“ სამედიცინო და სამეცნიერო განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი თამთა ივანაშვილი განმარტავს, ამ პროცესში ძალიან ბევრ დეტალს უნდა მიექცეს ყურადღება.

 

- რას ნიშნავს ბავშვის განვითარება?

 

- სხვადასხვა მკვლევარი თუ მეცნიერი ბავშვის განვითარებაზე განსხვავებულ თეორიებს გვთავაზობენ. ამერიკელი ფსიქოლოგის, განვითარების შესახებ თეორიტიკოსის და ბავშვის ქცევის მკვლევარის ჯეიმს მარკ ბოლდუინის აზრით, ბავშვის მიერ საკუთარი ფიზიკური და სოციალური სამყაროს გაგება სტადიებად იყოფა. ის იწყება ახალშობილთა უმარტივესი ქცევით და მთავრდება ზრდასრულის აბსტრაქტული და რეფლექსური აზროვნებით. ეს პროცესი ბავშვისა და გარესამყაროს მუდმივი ურთიერთზემოქმედებით მიმდინარეობს, კვლევებით ასევე დადგენილია, რომ სწავლისა და ქცევის ბევრი დარღვევის საფუძველი ტვინია.

 

- რა კავშირშია ერთმანეთთან ბავშვის

ჯანმრთელობა და განვითარება?

- ადეკვატური ზრდისა და განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, რომ ბავშვი იყოს ჯანმრთელი. ჯანმრთელობა სრულყოფილი ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი პირობაა. განვითარებაზე საუბრის დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მოტორული სფეროს განვითარება. მსხვილი მოტორიკა ბავშვს საშუალებას აძლევს, შეინარჩუნოს წონასწორობა და კოორდინაცია, იმოძრაოს და ჩაერთოს ფიზიკურ აქტივობაში. ნატიფი მოტორიკის განვითარება აუცილებელია დახვეწილი მოძრაობების - ხატვის, წერის, და წვრილი საგნებით მანიპულირების უნარის ჩამოყალიბებისათვის. სენსორო-მოტორიკის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ვიზუალურ-მოტორული ჩვევების განვითარება, რაზეც დამოკიდებულია აღქმის, თვალისა და ხელის კოორდინაციის უნარი. ბავშვებს, რომლებსაც არ აქვთ სათანადოდ განვითარებული მოტორიკა, ხშირად უყალიბდებათ არაკომპეტენტურობის შეგრძნება და დაბალი თვითშეფასება.

 

თანამედროვე კვლევების მიხედვით, გამოვლენილია ჯანმრთელობის სფეროს რისკ-ფაქტორები, რომლებიც ბავშვის განვითარებაზე მოქმედებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხშირი ავადობის, დღენაკლულობის, დაბადების მცირე წონის, კვებითი სტატუსის გავლენა ბავშვთა ჯანმრთელობასა და განვითარებაზე.

 

ბავშვის ნორმალური განვითარება გულისხმობს პროცესს, რომლის დროსაც იგი ზრდასთან ერთად ახერხებს უფრო რთული მოქმედებების დაძლევას და ეს პროცესი ეტაპებად იყოფა. ბავშვის ოპტიმალური განვითარებისათვის თითოეულ ეტაპზე საჭიროა მრავალი ფაქტორისა და კომპონენტის ერთობლიობა.

 

- აღნიშნეთ, რომ ბავშვის განვითარება მუცლადყოფნის პერიოდში იწყება. რა კავშირია ორსულობასა და ბავშვის განვითარებას შორის?

 

- ორსულობის განმავლობაში ნაყოფი განსაკუთრებულ გაფრთხილებას საჭიროებს, რადგან გარემო ფაქტორების ზემოქმედებით შესაძლოა მნიშვნელოვნად შეიცვალოს ბავშვის ფიზიკური, სოციალური, ემოციური და ინკოგნიტური სფეროს განვითარება.

 

განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ორსული ქალის დაცვა სხვადასხვა დაავადებებისაგან, ჯანსაღი ცხოვრების წესი, სწორი კვება, ადექვატური სამედიცინო მეთვალყურეობა, ოჯახის წევრების და საზოგადოების მზრუნველობა, მძიმე შრომისგან გათავისუფლება და სხვა.... ყოველივე ამის გათვალისწინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ ნაყოფის განვითარებას და აირიდებთ თავიდან მომავალში უამრავ ჯანმრთელობისა და განვითარების პრობლემას.

 

- ბავშვის განვითარებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია 0-დან 1 წლამდე ეტაპი. როგორ მიმდინარეობს ამ პერიოდში განვითარების პროცესი?

 

 

- მართლაც, ახალშობილს უხდება გარემოსთან შეგუება და იწყება განსხვავებული, დინამიური განვითარების პროცესი, რომელსაც საფუძვლად უდევს თანდაყოლილი და შეძენილი უნარების ერთობლიობა. განსაკუთრებულად საყურადღებო ასაკია დაბადებიდან 1 წლამდე. სწორედ ამიტომ, ჯანმრთელ ბავშვზე მეთვალყურეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ბავშვის განვითარების შეფასება, პრობლემების ადრეული გამოვლენა, ადეკვატური მართვა და მშობლის კონსულტირება განვითარების ხელშეწყობის საკითხებზე. მნიშვნელოვანია მშობლების და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების როლი, სწორედ მათ შეუძლიათ ყველაზე ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინონ ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები. ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტორებია: ბუნებრივი კვება, ბავშვის უსაფრთხოება, მზრუნველობა, სოციალური ფაქტორების მოგვარება, ადექვატური მოვლა და სხვადასხვა ინფექციებისგან დაცვა, ჯანმრთელობისა და განვითარების ხელშეწყობა.

 

0-დან 1 წლამდე ასაკში ბავშვს განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება და რეკომენდებულია თვეში ერთხელ თქვენი პატარა ექიმმა შეამოწმოს, ჯანმრთელობასთან ერთად იგი შეაფასებს თქვენი შვილის განვითარებას, რადგან ყოველი ახალი თვე ახალი უნარების საფუძველია. ვიზიტის დროს ექიმი დროულად აღმოაჩენს, თუ არსებობს განვითარების რაიმე დარღვევა და მოხდება დროული, ადექვატური ჩარევა.

განვითარების შესაძლო შეფერხების ნიშნების შეფასების შემდეგ, ექიმის ტაქტიკა დამოკიდებულია მიღებულ შედეგებზე: თუ ბავშვი ვერ ასრულებს ნიშანსვეტებს, მაგრამ არ ვლინდება განვითარების შესაძლო შეფერხების საშიშროების ნიშნები – საჭიროა განვითარების ხელშეწყობის საკითხებზე რეკომენდაციების მიცემა და განმეორებითი ვიზიტის დაგეგმვა განვითარების შესაფასებლად და პროგრესის სანახავად. საშიშროების ნიშნის გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა განვითარების რიგგარეშე სკრინინგის ჩატარება.

 

საშიშროების ნიშნების არსებობა ყოველთვის არ მიუთითებს განვითარების დარღვევაზე, თუმცა აუცილებლად მოითხოვს ექიმის კონსულტაციას, რისკების გამოვლენის, სკრინინგისა და განვითარების შემდგომი ხელშეწყობისთვის. მაგალითად, მიმართეთ ექიმს, თუ თქვენი პატარა მოცემულ ასაკში ვერ ასრულებს შემდეგ მოტორულ უნარებს: 3 თვე – ვერ იჭერს თავს; 4 თვე – ხელის მოკიდების და წამოწევისას არ იწევს დასაჯდომად; 5 თვე – არ ბრუნდება ზურგიდან მუცელზე; 9 თვე – დაუხმარებლად ვერ ჯდება; 11 თვე – დახმარებითაც ვერ დგება ფეხზე; ასეთ პატარებთან უნდა ჩატარდეს მიზნობრივი სკრინინგი, რადგან პაციენტი მონიტორინგის დროს ვერ ასრულებს ნიშანსვეტებს და უვლინდება განვითარების შესაძლო შეფერხების საშიშროების ნიშანი.

 

 

- როგორია მშობლის როლი ბავშვის განვითარების პროცესში?

 

ბავშვის დაბადების შემდეგ, ჭიპლარის გადაჭრასთან ერთად წყდება მუდმივი ფიზიკური კავშირი ბავშვს და დედას შორის, თუმცა გრძელდება ძლიერი ემოციური ურთიერთკავშირი, რომელიც განუსაზღვრელი დროით ნარჩუნდება, მაშინაც კი, როცა ბავშვი და დედა ერთმანეთს სცილდებიან. მიჯაჭვულობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ბავშვისთვის. დედასთან კავშირი ყველაზე მეტად ეხმარება ბავშვს განვითარებაში.

 

სიცოცხლის პირველ წელს ბავშვი ასევე სპეციფიკურ ემოციურ კავშირს ამყარებს მასზე მზრუნველ ადამიანთან, ოჯახის წევრებთან. ემოციურად ახლობელ ადამიანებთან ბავშვის ფიზიკურ და ემოციურ კონტაქტს შეუძლია მას მოუტანოს უდიდესი სარგებელი განვითარების თვალსაზრისით. ასაკის მატებასთან ერთად იზრდება საკონტაქტო პირების სია და სოციუმი თავისთავად მოქმედებს ბავშვის ჩამოყალიბებაზე.

 

მშობლები და ოჯახის წევრები უდიდეს როლს თამაშობენ ბავშვის განვითარების პროცესზე. მშობელთა განათლება, ასევე ოჯახის სოციო-ეკონომიური სტატუსი გადამწყვეტ როლს თამაშობს ბავშვთა ჯანმრთელობის, განვითარების და განათლების დონეზე.

 

გასათვალისწინებელია, რომ აღზრდის დეფექტები, ქრონიკული ფსიქიკური ტრავმები, უსამართლობა, წყენა, სისასტიკე, მშობელთა კონფლიქტები _ ყველაფერი ეს ბავშვის ხასიათის დეფორმაციას, ემოციურ და ქცევით პრობლემებს იწვევს. მთელი შემდგომი ცხოვრების მანძილზე ადამიანი შორეულ ბავშვობაში მომხდარ მოვლენათა შთაბეჭდილებების ქვეშ რჩება.

 

პირველ რიგში, შეიყვარეთ თქვენი შვილი ისეთი, როგორიც არის. სერიოზულად მოეკიდეთ მის აზრებს და გრძნობებს, დაინტერესდით მათი საქმიანობით, იდეებით, პრობლემებით. აჩვენეთ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია ყველაფერი, რასაც ისინი ფიქრობენ და აკეთებენ. წაახალისეთ, ხაზი გაუსვით იმას, რაც კარგად გამოსდის და არა იმას, რაც არ გამოსდის. ასწავლეთ ბავშვს ზრუნვა. ზრუნვა თქვენზე და ერთმანეთზე. ასწავლეთ თანაგრძნობა, მიეხმარეთ იმაში, რომ გაუგონ ადამიანებს და გაუჩნდეთ მათი დახმარების სურვილი. შეეცადეთ, ბავშვმა თავი იგრძნოს საჭირო და მნიშვნელოვან პიროვნებად.

 

კავშირი ბავშვსა და მის ოჯახს შორის, ასევე ბავშვსა და საზოგადოებას შორის, ფოკუსირება სწავლაზე და განვითარებაზე, დაიცავს ბავშვებს პრობლემებისაგან და უზრუნველყოფს მათ უკეთეს განვითარებას.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი