logo_geo
გიზო ნიშნიანიძე: თბილისთან ერთი-ერთზე დაგილევიათ?!
- +

13 მარტი. 2017. 23:59



პოეტი გიზო ნიშნიანიძის მოგონებები თბილისზე:


„ხალხი თითქოს გულგრილი გახდა. ჩვენს დროს ფაშისტებისგან პირველი დაჭრილი რომ ჩამოვიდოდა თბილისში, მთელი დედაქალაქი მას დასტიროდა. მწარე მოგონებად მახსოვს, ფანჯრებზე ნაჭრები იყო ჩამოფარებული, რათა დაბომბვისას არ შეემჩნიათ. ინვალიდ ფანჯრებს ვეძახდით. ეს მაშინდელი ლენინგრადის ანალოგიური იყო, სადაც გერმანელების მიერ დაცხრილულ ხეებზე წაეწერათ: „ინვალიდი ატეჩესტვენნოი ვაინი." მაშინდელი თბილისი? - იყო გაცილებით გაჭირვებული, დამშეული, გაყინული, ჩაბნელებული, სურსათის უსასრულო რიგებით, მაგრამ გვიყვარდა-მეთქი ერთმანეთი... სიყვარულმა გვიხსნა, გადაგვარჩინა და გაგვაძლიერა, მხოლოდ სიყვარულმა!"


„ადრე ერთმა თბილისელმა მასწავლა, - თუ გინდა ნაღდი თბილისელი გაიგო, მაჯაზე მოჰკიდე ხელი, თბილისი ახსენე და გული თუ აუჩქარდება, თბილისელიაო."


„როცა კოკა იგნატოვის პანო, ჯერ კიდევ ამშვენებდა მთაწმინდას, ახალი წლის შესახვედრად ხუთასამდე კაცი ავედით მთაწმინდაზე. პურმარილის თავკაცმა გვითხრა, ერთი კარგი სადღეგრძელო მოვიფიქროთო. მაშინ ვიკითხე, ვინმეს თბილისთან ერთი-ერთზე დაგილევიათ-მეთქი? აღმოჩნდა, რომ ეს უცნაური სადღეგრძელო არავის შეესვა. წამოვუდექით დედა-თბილისს, გამოვედით აივანზე და მისი სადღეგრძელო ერთი-ერთზე შევსვით. ამის შემდეგ ვიღაცამ თქვა,-ამ ჭიქით უკეთესი სადღეგრძელო აღარ უნდა დაილიოსო. ყველამ გაუშვა ჭიქას ხელი და ხუთასი სასმისი დაიმსხვრა.
ხანდახან ვცდილობ, კოკა იგნატოვის პანოს მომპარავიც გავამართლო, ალბათ, იმდენად მოიხიბლა ნამუშევრით, ვეღარ გაუძლო ცდუნებას და თბილისის ნაგლეჯი წაიღო. იქნებ, ეს იმ განცდის მსგავსია, ჟამიდან ჟამზე რომ მეუფლება და მაშინ თბილისის მზის მოპარვაზე ვოცნებობ, იმდენად თბილია ეს მზე, იმდენად სხვანაირად, თბილისურად ანათებს".


„კარგი თბილისელი ის იყო, ვინც უადგილო ადგილას ჩემოდანსაც არ დადგამდა. თბილისურად ვინც აზროვნებს, ჩამოსული იქნება თუ აქაური, მნიშვნელობა არ აქვს, უკვე თბილისელად ითვლება. ჩამოსული იყო გალაკტიონიც, მაგრამ მოუხდა თბილისს. დარტანიანი ყველაზე ჩამორჩენილი პროვინციიდან, გასკონიიდან გახლდათ, ამის მიუხედავად, შეერწყა პარიზს და დარჩა პარიზელად. ყველა კუთხის კაცს თავისი ადგილ-სამყოფელი უყვარს და რა გასაკვირია, თბილისს ასე ვეტრფოდე".



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი