logo_geo
17 მარტი გალაკტიონის გარდაცვალების დღეა...
- +

17 მარტი. 2017. 11:55


 


„გალაკტიონი საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გადმოიქცა. ზოგს ეგონა, რომ გალაკტიონმა თავი მოიკლა. ზოგს ეგონა, რომ მან ექსტაზში მყოფმა, მოუფიქრებელი ნაბიჯი გადადგა. ზოგს ეგონა, იგი აგონიაში მყოფი გადმოვარდა,ზოგს კიდევ რა და ზოგს კიდევ რა...


სინამდვილეში, აი, რა მოხდა:


გალაკტიონი პარნასზე ავიდა, მან უზენაესი მწვერვალი დაიპყრო. მისთვის არც წერაყინს, არც წრიაპს, არც ბაწარს არ უღალატია. იგი დიდი ხნის წინ ავიდა ამ მწვერვალზე და რადგან გენიოსები დაპყრობილი მწვერვალებიდან უკან აღარ ბრუნდებიან, ყოველივე ის, რაც მას აღარ სჭირდებოდა და ხელს უშლიდა, მწვერვალიდან დაბლა გადმოყარა, თავად კი დარჩა სწორთა მარადიულ სამყოფელში", - ნოდარ დუმბაძე.


1959 წლის 17 მარტს გალაკტიონ ტაბიძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.



გალაკტიონზე:


1891 წლის 17 ნოემბერს სოფელ ჭყვიშში (ვანის რაიონი) დაიბადა გალაკტიონ ტაბიძე, რომელიც თავის ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებში საკუთარი დაბადების თარიღად 1892 წელს მიიჩნევს, დაბადების ადგილად კი ტობანიერს მიუთითებს.


მამა - ვასილ ტაბიძე, სრულიად ახალგაზრდა, 23 წლისა გარდაიცვალა, გალაკტიონის დაბადებამდე შვიდი თვით ადრე. იგი სოფლის მასწავლებელი იყო.


დედა - მაკრინე ადეიშვილი, ვანის რაიონის სოფელ საპაიჭოდან იყო. გალაკტიონის ავტობიოგრაფიაში ვკითხულობთ: „...ჩემი წინაპრები დედის ხაზით მოდიან აფხაზეთის მეფეების, შერვაშიძეთა გვარიდან - ჩემი დიდედის, გურული ქალის, ბერიძის დედა იყო შერვაშიძის ასული. ამგვარად, ჩემში არის სამნაირი ქართული სისხლი: აფხაზების, გურულისა და იმერლის".


ძმა-აბესალომი (პროკლე) პედაგოგი იყო.


1899 წელს გალაკტიონი შეიყვანეს ქუთაისში, დეკანოზ ნესტორ ყუბანეიშვილის სახლში გახსნილ კერძო, ერთკლასიან მოსამზადებელ სკოლაში.


1900 წელს ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში.


1908 წელს გალაკტიონ ტაბიძემ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. ამავე წელს ქვეყნდება გალაკტიონის პირველი ლექსები („მთვარე კაშკაშებს", „შავი ღრუბელი" და სხვა.).


1908 წელს გალაკტიონ ტაბიძემ გამოსცა ხელნაწერი ჟურნალი „შუქი".


1909 წლიდან გ.ტაბიძე თანამშრომლობს ჟურნალ „ფასკუნჯში".


1910 წელს გალაკტიონმა მიატოვა თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლა, რადგან იგი თავზარდაცემული იყო თავისი უახლესი მეგობრის, ნიჭიერი ახალგაზრდის ქუჩუ ქავთარაძის (ფსევდონომით „დემონი" აქვეყნებდა იგი თხზულებებს) თვითმკვლელობით.


1910 წელს გალაკტიონმა მასწავლებლად დაიწყო მუშაობა ხარაგაულის რაიონის სოფელ ფარცხნალაში, რომლის დახურვის მერე იგი მასწავლებლად გადადის ბათუმის მახლობლად.


1911 წლის ივნისში გალაკტიონ ტაბიძე მასწავლებლობას თავს ანებებს და საცხოვრებლად გადადის ქუთაისში, სადაც მუშაობდა გაზეთების: „კოლხიდის", „მნათობისა" და „თანამედროვე აზრის" რედაქციებში.


პერიოდიკაში დაბეჭდილ მის ლექსებს აღტაცებით ხვდებიან: აკ. წერეთელი, კ. აბაშიძე, ი. გრიშაშვილი, ტ. ტაბიძე, ივ. გომართელი, ალ. აბაშელი, რ. ფანცხავა (ხომლელი), აკ. პაპავა, ი. იმედაშვილი და სხვა.


1912 წელს გალაკტიონ ტაბიძემ მონაწილეობა მიიღო გაზეთ „თემის" ლიტერატურულ კონკურსში, სადაც მისმა ლექსმა „უხილავი" მესამე პრემია დაიმსახურა.


1914 წელს დიდი ხნის მცდელობის შემდეგ ქუთაისში, ტუტკუ გვარამიას გამომცემლობაში, დაიბეჭდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსების პირველი წიგნი.


1916 წელს გალაკტიონ ტაბიძე დაქორწინდა და თავის მეუღლესთან, ოლღა ოკუჯავასთან ერთად, გაემგზავრა მოსკოვში.


1918 წელს გალაკტიონმა დაამთავრა მოსკოვის სცენისმოყვარეთა ექვსთვიანი სარეჟისორო კურსები. ამავე წლის ზაფხულში იგი სამშობლოში დაბრუნდა.


1919 წელს გამოვიდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსების მეორე კრებული „თავის ქალა არტისტული ყვავილებით" („არტისტული ყვავილები").


1922 წელს გალაკტიონ ტაბიძის რედაქტორობით საქართველოს მწერალთა კავშირი სცემდა ჟურნალ „ლომისს".


1922-23 წელს პოეტმა დაარსა საკუთარი ლიტერატურული ორგანო „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი".


1924 წელს ჟურნალ „მნათობის" მეხუთე ნომერში დაიბეჭდა გალაკტიონ ტაბიძის პოემა „მოგონებები იმ დღეებისა, როცა იელვა", რომელიც მწვავე პოეტური გამოძახილია 1921-24 წლებში საქართველოში მომხდარი ტრაგედიისა. საბჭოთა მთავრობამ გალაკტიონი დააპატიმრა და მეტეხის ციხეში მოათავსა ამ პოემის დაბეჭვდისათვის, ხოლო აღნიშნული ჟურნალის ტირაჟი მთლიანად გაანადგურა.


1925 წელს ჟურნალ „მნათობის" მეათე ნომერში იბეჭდება გალაკტიონის ასი ლექსი.


1927 წელს გამოვიდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსების ერთტომეული, ე.წ. „ზარნიშიანი წიგნი", როგორც მას მოიხსენიებს ვახტანგ ჯავახაძე „უცნობში".


1927 წელს გამოდის ერთდღიური გამოცემა „გალაკტიონი", რომელშიც მოთავსებულია წერილები და ლექსები, გალაკტიონისადმი მიძღვნილი. ქ. სოხუმში იმართება პოეტისადმი მიძღვნილი დიდი საზეიმო საღამო, სადაც მას მიართმევენ ლირას წარწერით: „გალაკტიონს - პოეტების მეფეს".


1927 წელს ჩამოყალიბდა ქართველ მწერალთა ახალი ლიტერატურული დაჯგუფება „არიფიონი", რომლის ფორმალურ წევრად გალაკტიონიც ითვლებოდა.


1928 წელს ჩატარდა პოეტის მოღვაწეობის 20 წლის იუბილე.


1928 წლიდან გალაკტიონი იძულებით იწყებს თავის შემოქმედებაში ე.წ. „გარდატეხის პერიოდს" და წერს პოეტურ ციკლებს: „ეპოქა", „პაციფიზმი", „რევოლუციონერულ საქართველოს" და ა.შ.


1928 წელს გალაკტიონ ტაბიძე მიავლინეს მოსკოვში, კომუნისტური ინტერნაციონალის მე-6 კონგრესის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის სამრეწველო ქალაქებში სამოგზაუროდ.


1929 წელს მთავრობამ გალაკტიონი სომხეთში ამოგზაურა.


1929 წელს გალაკტიონის მეუღლე ოლღა ოკუჯავა უზბეკეთში გადაასახლეს, სადაც მან სამი წელი დაჰყო.


1932 წელს გალაკტიონ ტაბიძეს სახალხო პოეტის წოდება და ლენინის ორდენი მიეკუთვნა.


1935 წელს გალაკტიონმა მონაწილეობა მიიღო კულტურის დაცვის პარიზის მსოფლიო კონგრესის მუშაობაში, სადაც იგი აირჩიეს კონგრესის პრეზიდიუმის წევრად.


1937 წელს ხელმეორედ დააპატიმრეს და სამუდამოდ გადაასახლეს გალაკტიონის მეუღლე ოლღა ოკუჯავა.


1938 წელს საქართველოს მწერალთა კავშირმა გალაკტიონის სალიტერატურო მოღვაწეობის 30-ე წლისთავის იუბილე აღნიშნა.


1944 წელს გალაკტიონ ტაბიძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს.


1941-45 წლებში გალაკტიონი მუშაობდა გაზეთ „კომუნისტის" რედაქციაში და აქვეყნებდა ლექსებს ომის თემაზე.


1943 წელს -ზეიმით აღინიშნა გალაკტიონის დაბადების 50-ე და სალიტერატურო მოღვაწეობის 35-ე წლისთავის იუბილე.


1953-57 წლებში გალაკტიონი განაგებდა საქართველოს მწერალთა კავშირის პოეზიის სექციას.


1959 წლის 17 მარტს პოეტმა თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე. იგი დაკრძალულია მთაწმინდაზე.


2000 წლის ივნისში საქართველოს მართლმადიდებულმა ეკლესიამ შეუნდო მას თვითმკვლელობის ცოდვა, როგორც ლოგიკური შედეგი საბჭოთა მთავრობის მიერ მიყენებული ტანჯვისა.




 

big_banner
არქივი