logo_geo
8 მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც პანდემიის გამო შესაძლოა, გამოგვრჩა
- +

26 აპრილი. 2020. 22:17

 

 

რა ხდება მსოფლიოში კორონავირუსის გარდა - 8 მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც პანდემიის გამო შესაძლოა, გამოგვრჩა

 

 

მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიაა, საზოგადოების მთელი ყურადღება ამ მოვლენისადმი არის მიმართული და დღის მთავარი ამბებიც COVID-19-ს უკავშირდება. ადამიანებიც კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხებით ინტერესდებიან და გვერდზე რჩება მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებსაც რომ არა პანდემია, გაცილებით მეტი დრო დაეთმობოდა...

 

 

ვნახოთ ბოლო პერიოდის 8 მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც COVID-19-ის პანდემიის გამო, შესაძლოა, ვერც შევამჩნიეთ:

 

 

სირიელ ლტოლვილთა კრიზისი

 

 

სირიელ ლტოლვილთა კრიზისი ჩიხშია შესული და მისი მოგვარება ამ დრომდე ვერ ხერხდება. სირიელი მიგრანტები თურქეთიდან ევროპისკენ დაიძრნენ და საბერძნეთის საზღვართან არიან. მათ საბერძნეთი საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ აძლევს. მესაზღვრეებსა და მიგრანტებს შორის შეტაკებებიც მოხდა. არიან ისეთი მიგრანტებიც, რომლებიც საბერძნეთის კუნძულებზე, ლტოლვილთა ბანაკებში ცხოვრობენ. ბანაკებში ხშირია შეტაკებები. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა კუნძულ ლესბოსზე არსებულ მიგრანტთა ბანაკში მოხდა. უცნობმა პირებმა ორი მიგრანტი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდამსხმელებმა კი მიმალვა მოახერხეს.

 

 

ათასობით ადამიანი უკიდურესად რთულ მდგომარეობაში უსახლკაროდ ცხოვრობს. რომ არა COVID-19 საკითხი უფრო აქტიურად გაშუქდებოდა და შესაძლოა, პრობლემა უფრო მარტივად მოგვარებულიყო.

 

 

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უფლება მიიღო, ქვეყანა 2036 წლამდე მართოს

 

 

10 მარტს რუსეთის სახელმწიფო დუმამ 382 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ, მეორე მოსმენით მიიღო პრეზიდენტის კანონპროექტი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ. კანონპროექტის მიხედვით, პუტინს, არჩევნებში გამარჯვების შედეგად, 2036 წლამდე შეეძლება პრეზიდენტად დარჩენა.

 

 

 

 

ახალ ზელანდიაში მიიღეს კანონი აბორტის დეკრიმინალიზაციის შესახებ

 

 

ახალ ზელანდიაში მიიღეს კანონი აბორტის დეკრიმინალიზაციის შესახებ. კანონის მიხედვით, სახელმწიფო იზრუნებს და უმკურნალებს ყველა იმ ქალს, ვინც აბორტის გაკეთებას გადაწყვეტს.

 

 

 

 

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი, ჯასინდა არდენი

 

 

ახალი ზელანდიის მაცხოვრებლები დიდი ხანია იბრძოდნენ იმისთვის, რომ აბორტის გაკეთება უკანონოდ აღარ მიჩნეულიყო.

 

 

უდაბნოს კალიების შემოსევა

 

 

კორონავირუსის გარდა, მსოფლიო კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე დგას, რომელიც არანაკლები საფრთხის შემცველია - ეს კალიების შემოსევაა, ასობით მილიარდი კალია აღმოსავლეთ აფრიკაში მოსავალს ანადგურებს და კვების კუთხით არსებულ პრობლემებს, კიდევ უფრო ართულებს.

 

 

პრობლემა მხოლოდ აღმოსავლეთ აფრიკას არ ეხება. კალიების გუნდი სხვა ქვეყნებისკენ მიიწევს, ისინი სწრაფად მრავლდებიან და სწრაფად გადაადგილდებიან. FAO (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) უდიდეს საფრთხეებზე საუბრობს, თუმცა კორონავირუსის გამო მედია და ადამიანები ამ საფრთხეს ვერ ხედავენ, ზიანი კი, შესაძლოა კორონავირუსზე გაცილებით მეტი მივიღოთ.

 

 

გაეროს ინფორმაციით, უდაბნოს კალიები აღმოსავლეთ აფრიკას უპრეცენდენტო საფრთხეს უქმნის სურსათის უსაფრთხოებისა და საარსებო წყაროს თვალსაზრისით. ექსპერტების შეფასებით, კენიაში დაფიქსირებული კალიების გუნდი ნიუ იორკზე სამჯერ უფრო დიდ ადგილს იკავებს და ისინი დღეში დაახლოებით 3 მილიონი ადამიანის სამყოფ საკვებს ჭამენ.

 

 

 

 

აშშ-მა და თალიბანმა საზავო შეთანხმებას მიაღწიეს

 

 

29 თებერვალს აშშ-მა და თალიბანმა ისტორიულ ზავს მიაღწიეს. 10 მარტს ცნობილი გახდა, რომ შეთანხმების ფარგლებში, აშშ ავღანეთიდან ჯარის გაყვანას იწყებს.

 

 

შეერთებულმა შტატებმა 135 დღის განმავლობაში ავღანეთიდან 8 600 ჯარისკაცი უნდა გაიყვანოს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თალიბები ხელშკრულების პირობებს შეასრულებენ, ქვეყანას აშშ-სა და ნატოს მოკავშირეების ყველა სამხედრო 14 თვის განმავლობაში დატოვებს.

 

 

 

ყინული უფრო სწრაფად დნება

 

 

გრენლანდიასა და ანტარქტიდაში ყინულის დნობა უფრო სწრაფად დაიწყო. მეცნიერები ამბობენ, ყინული ექვსჯერ უფრო სწრაფად დნება, ვიდრე 90-იან წლებში. ასევე, გლობალური მასშტაბით ზღვის დონემ 17.8 მმ-ით აიწია.

 

 

ასევე, ჰაერის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურის გამო, ანტარქტიდას ახალი, გიგანტური აისბერგი მოსწყდა. აისბერგის, სახელად B49-ის ფართობი, საერთო ჯამში, 200 კვადრატული კილომეტრი იყო, თუმცა, როგორც მეცნიერები ამბობენ, ის ნაწილებად იშლება, რის შედეგადაც შედარებით მცირე ზომის აისბერგები წარმოიქმნა, ხოლო დარჩენილი, ყველაზე დიდი აისბერგის ფართობი ამ ეტაპზე 100 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.

 

 

 

ირანმა ორბიტაზე პირველი სამხედრო თვითმფრინავი გაუშვა

 

 

რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, ირანის რევოლუციურმა გვარდიამ სამხედრო თანამგზავრი ორბიტაზე გაუშვა. ინფორმაციას "ფრანს 24“ ავრცელებს. თანამგზავრი, სახელწოდებით "ნური“ 425 კილომეტრის სიმაღლეზე განთავსდა. რევოლუციური გვარდიის ინფორმაციით, სატელიტის გაშვება, "დიდი წარმატებაა“.

 

 

ცნობისთვის, ირანის სატელიტური პროგრამები, აშშ-ის შეშფოთებას იწვევს. ვაშინგტონმა 2019 წელს ირანი გადამზიდავი რაკეტის გაშვების გამო ბალისტიკური რაკეტების შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.

 

 

 

 

ჩრდილოეთ კორეამ ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

 

 

სამხრეთ კორეის სამხედროების ინფორმაციით, 21 მარტს ჩრდილოეთ კორეამ ორი რაკეტა, სავარაუდოდ, მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები გაისროლა. სამხრეთ კორეის მხარის შეფასებით, ეს ქმედება გლობალური კორონავირუსის პანდემიის პარალელურად ძალიან შეუსაბამო იყო.

 

 

როგორც სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსებმა განაცხადეს, რაკეტები ჩრდილოეთ კორეის ჩრდილოეთ-დასავლეთით არსებული პროვინციიდან, სონჩონიდან ზღვაში, კორეის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთით გაისროლეს.

 

 

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსებმა ჩრდილოეთ კორეას მსგავსი ქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდეს. ისინი მიიჩნევენ,რომ ამ ქმედებით ჩრდილოეთ კორეას პანდემიის დროს, შესაძლოა, თავისი ძალისა და თავდაჯერებულობის დემონსტრირება სურდეს. კორონავირუსის კრიზისის დროს, ფხენიანს სურს თავისი ხალხი დააჯეროს, რომ მსოფლიოში ძლიერი პოზიციები აქვს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი