logo_geo
რას ჰყვებიან რუსეთში მყოფი ქართველები იქ არსებულ სიტუაციაზე
- +

16 მაისი. 2020. 13:33

 

 

COVID-19-ის ინფიცირების მხრივ, ამერიკის შემდეგ, მეორე ადგილზეა რუსეთი. 15 მაისის ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში დარეგისტრირებულია 262 843 შემთხვევა, გარდაიცვალა 2 418 პაციენტი.

 

 

ამავდროულად, როგორც კრემლის მიერ არაკონტროლირებადი მედია და დასავლური გამოცემები მუდმივად იუწყებიან, რეალურად დაინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა ბევრად მეტია.

 

 

Financial Times-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ოფიციალურ სტატისტიკაზე 70%-ით მეტია. მსგავსი პუბლიკაცია გამოაქვეყნა, უცხოეთში მყოფი რუსი ბიზნესმენის მიხაილ ხადარკოვსკის მფლობელობაში არსებულმა კომპანია МБХ медиа-მ.

 

 

ამ ცნობებს, დასავლური მედიების შეტევად მიიჩნევს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელმაც მსგავს პუბლიკაციებს "უსაფუძვლო სპეკულაცია" და "მორიგი ანტირუსული ფეიკები" უწოდა და ინფორმაციების დაბლოკვა მოითხოვა.

 

 

ვირუსის ფონზე ყოველდღიურად რუსეთში ვითარება სულ უფრო მძიმდება, მაგრამ ამის მიუხედავად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების ეტაპობრივ შემსუბუქება დააანონსა. არადა, ზოგჯერ ინფიცირების ნაკადი, დღე-ღამეში 10 000-ზე მეტია. მოსახლეობის ნაწილის თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობის ფონზე ხელისუფლების გადაწყვეტილებამ ისინი გააოგნა.

 

 

AMBEBI.GE-სთან საუბარში ქართველი ემიგრანტები იმ მძიმე პროცესებზე ჰყვებიან, რომელიც ახლა რუსეთში მიმდინარეობს.

 

 

აკო დგებუაძე, მოსკოვში მცხოვრები ქართველი:

 

 

- მთელი ღამე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების ხმა ისმის. მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ ვირუსის თემა მოგონილია, ვიღაცებს, უფრო სწორად, დასავლეთს აწყობს რუსეთი მუდმივად პანიკაში იყოს, არაფერს აწარმოებდეს და გაღატაკდესო... ამიტომ, მიაჩნიათ, რომ უსაფრთხოების ზომების დაცვას აზრი არ აქვს და ძალიან კარგია თუ შეზღუდვებს მოხსნიან. ეს კატეგორია ბევრად მეტია, ვიდრე საღად მოაზროვნეები, ვინც უსაფრთხოების ზომების დაცვისა და კარანტინის გამკაცრების მომხრეა.

 

 

უმძიმესი სურათია დიდ ქალაქებში, სადაც არათუ დისტანციას იცავენ, კარანტინის დროს სახლში ჩაკეტილი ადამიანები, ეზოებსა და სახლებში ერთად ქეიფობდნენ

 

 

იმ შემთხვევაში, თუ ახალი წესების დარღვევისთვის ვინმე პოლიციას გამოიძახებდა, ზოგჯერ ისინიც მათთან ერთად სვამენ... ეს ხდება მოსკოვის გარეუბნებში. სხვაგან ალბათ უარესი ამბებია. ასე გავრცელდა ვირუსი მასშტაბურად.

 

 

ამას ემატება დაუცველი ექიმები, რომლებიც დღე და ღამე საავადმყოფოებში არიან. უამრავი მათგანი უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე მუშაობს. ხშირად, თავად დაინფიცირებულები, იძულებული არიან იმუშაონ. საუბარია ასობით დაინფიცირებულზე, საკარინტინო ზომები ყოველდღიურად ფართოვდება, მაგრამ საკმარისი მაინც არ არის... დაინფიცირებული ექიმები ჯანმრთელ პაციენტებთან მუშაობენ, ხშირად უსაფრთხოების ზომების გარეშე. ერთი სიტყვით, ქაოსია. მე ვსაუბრობ სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფ საავადმყოფოებზე. ამბობენ, რომ კერძო სამედიცინო დაწესებულებებში უკეთესი მდგომარეობაა.

 

 

ნანი დარახველიძე:

 

 

- ჩემს რაიონში ძალიან ბევრი ჩრდილოკავკასიელი ცხოვრობს, განსაკუთრებით დაღესტნელები. ამბობენ, რომ ყველაზე მძიმე მდგომარეობა დაღესტანშია, პაციენტებს პირდაპირ დერეფნებში აწვენენ... რამდენიმე მათგანმა თქვა, რომ ოჯახიდან რამდენიმე წევრი დაიღუპა, მათ შორის ახალგაზრდებიც... თუმცა, ამის მიუხედავად, კრემლში აცხადებენ, რომ შეზღუდვები უნდა მოიხსნას და სამრეწველო და სამშენებლო კომპანიები მუშაობას განაახლებენ.

 

 

რამდენიმე დღის წინ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება მოგვიწია, 4 საათზე მეტხანს ველოდით. მერე როგორც იქნა, მოვიდნენ და აქეთ გვეჩხუბნენ - ასეთ მძიმე მდგომარეობაში არტერიული წნევის გამო გვიძახებთო... კორონავირუსზე ვკითხეთ, სახლიდან გამოსვლას ერიდეთო, გვირჩიეს, თუმცა, დაგვამშვიდეს, სიკვდილობის მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჩვენთან ბევრად დაბალია, რადგან ხელისუფლებამ მომზადება მოასწროო.

 

 

არ ვიცი, რაში გამოხატება მომზადება, თავადაც არ ჰქონდათ პირბადეები და სპეცეკიპირება. როდესაც ვკითხეთ, ასე როგორ მუშაობთო, ვირუსის სიმპტომების არმქონე პაციენტთან სპეცეკიპირების გარეშე წასვლის უფლება გვაქვსო – გვიპასუხეს.

 

 

ადა გოგუა, მოსკოვში მცხოვრები ქართველი:

 

 

- მოსკოვის მერმა გაგვაფრთხილა, რომ კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების რაოდენობა იზრდება... ეს ნიშნავს, რომ ვითარება იმაზე მძიმეა, ვიდრე ამბობენ. საგანგაშოა სამედიცინო პერსონალის დაავადების კატასტროფული მაჩვენებელი. ისინი პაციენტებისგან ინფიცირდებიან, შემდეგ კი გარშემო ავრცელებენ. აქ არის შემთხვევები, როდესაც ექიმს ბინაზე იძახებენ რაიმე გართულების შემთხვევაში და ხელზე ფულს უხდიან. ამ ვითარებაში კი, დამატებითი შემოსავალი ზედმეტი არ არის და ისინიც დადიოდნენ ძველ პაციენტებთან. დიდი ალბათობით, ასეთი მასშტაბური გავრცელების მიზეზი ესეც არის. მოსკოვში, დაახლოებით, 13 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და არავინ იცის, რამდენია რეალურად დაინფიცირებულთა რიცხვი.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი