logo_geo
პატრიარქის რა დანაბარები გადასცა თიკა მახალდიანს მამა შალვამ და რაზე ესაუბრა ბრალდებულის ოჯახის წევრი მის ქმარს
- +

18 მაისი. 2020. 14:38

 

 

აღდგომის ღამეს 50 წლის თამუნა ანთელავა ვაჟა–ფშაველას გამზირზე, საკუთარი სახლის მეშვიდე სართულზე იმყოფებოდა, როდესაც პოლიციელის, სოსო გაბრიაძის გასროლილი უმისამართო ტყვია თავის არეში, კერძოდ, კეფაში, მოხვდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ის მომღერალ თიკა მახალდიანის დედა გახლდათ.

სამართალდამცველებმა პოლიციელი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით დააკავეს. თუმცა, მოგვიანებით პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციითვე, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სოსო გაბრიაძემ საკუთარი საცხოვრებელი ბინის აივნიდან „ვიკინგის“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართო გასროლა განახორციელა, რასაც 550 მეტრით დაშორებულ კორპუსში მცხოვრები ქალის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. ამ საზარელ შემთხვევას კი გარდაცვლილი ქალის მოხუცი დედა, ქმარი და შვილი შეესწრნენ.

 

 

თემო პირველაშვილი (გარდაცვლილის სიძე, თიკა მახალდიანის ქმარი): ძალიან რთულია ამ ყველაფრის გააზრება. ოჯახი განადგურებულია – საოცარი ადამიანი, დედა, მეუღლე, ბებია და მეგობარი მოგვიკლეს. გამორჩეული სიყვარული, გვერდით დგომა და ურთიერთობა შეეძლო. ვირუსის გამო ერთი თვე თავის გაზრდილ, ერთადერთ და უსაყვარლეს შვილიშვილს არ ნახულობდა. ამბობდა: სული მიმდის, ისე მინდა მისი ჩახუტება, მაგრამ ცოტა ხანიც უნდა მოვიცადოო. მკაცრად იცავდა ყველა რეგულაციას, გარეთ არ გადიოდა და ნაქეიფარი „ვაჟკაცის“ ბრმა ტყვიამ აღდგომის ღამეს სიცოცხლეს გამოასალმა. ჩვენს სახლში ყოველი დღე ვიდეოზარით იწყებოდა, ბებია-შვილიშვილის ერთსაათიანი საუბრითა და ერთმანეთის დისტანციური მოფერებით. ეს დღეებია, ბავშვი ბებოს ეძებს, დარეკვას გვთხოვს… მართლა აღარ ვიცი, რა ვუთხრა. ხან რას ვიგონებ, ხან რას. მიჭირს ჩემი მეუღლის გათიშული სახის ყურება. მართლა გაუსაძლისად მტკივნეულია ის, რაც ახლა ჩემს ოჯახში ხდება. თიკა ხომ განადგურებულია. ჩემი კირა კი თამუნას გაზრდილია და ბებიას რომ ვეღარ დაელაპარაკება და ჩაეხუტება, ამის წარმოდგენაც მზარავს.

 

– აღდგომის ღამეს სწრაფად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ქალი სახლში ბრმა ტყვიას ემსხვერპლა და ის ცნობილი მომღერლის დედა იყო. თქვენ როდის გაიგეთ, რომ თიკას დედა იყო, ვინ შეგატყობინათ ეს ამბავი?

 

– თიკა გარდაცვალებამდე ნახევარი საათით ადრე ესაუბრა დედამისს. დაახლოებით, ათის წუთები იქნებოდა, ბავშვს ვეთამაშებოდით, როცა სალომე ბაკურაძემ დარეკა. თიკამ, ჩვეულებრივად, აღდგომის მისალოც ზარად ჩათვალა. ჰკითხა: ვაჟაზე სროლები იყო და რამე ხომ არ იცით, ხომ მშვიდობა აქვთ თქვენებსო. თიკამ უპასუხა: არ ვიცი, არ გამიგიაო. მიხვდა, არაფერი ვიცოდით და უთხრა: ლაშას უნდა თემოსთან ლაპარაკიო. სალომეს ქმარს, ლაშას და მე საერთო მეგობრები გვყავს იმ ეზოში და მისთვის დაურეკავთ ბიჭებს. მითხრა: გადი ცალკე, რაღაც მინდა, გითხრაო. ყველაფერს ვიფიქრებდი, ამის გარდა. მითხრა: სროლა იყო, თამუნა ფანჯარაში იყურებოდა, მხარში მოხვდა და იცი რამეო? რა თქმა უნდა, ვუპასუხე, რომ არაფერი ვიცოდი, ერთი კი ვკითხე: ვინ დაგირეკა, ვინ გითხრა, მე გავარკვევ-მეთქი და გავუთიშე ყურმილი. გადავურეკე ჩემს ძმაკაცს, ჩემი შვილის, კირას ნათლიას, რომელიც პოლიციაში მუშაობს და ვკითხე, რამე ხომ არ იცოდა. მიპასუხა: ფილარმონიასთან ვდგავარ, აქ გავიგე სროლის ხმა და ახლავე გავარკვევო.

 

– პირდაპირ, სახლში რატომ არ დარეკე ამბის გასაგებად?

 

– არ ვიცი, ვერ გეტყვით. ისე დავიბენი, რას ვაკეთებდი, არ ვიცოდი. მოკლედ, სანამ ჩემი ძმაკაცი გაარკვევდა, მანამდე, თიკას დეიდაშვილმა დამირეკა და პირდაპირ მითხრა: დაიღუპა, აქ ვარ საავადმყოფოში, არ უთხრა თიკას, უბრალოდ, სახლში მოიყვანეო. თიკას ვუთხარი: ჩხუბი მომხდარა ეზოში, თამუნა ფანჯრიდან იყურებოდა და მხარში მოხვდა ტყვია, საავადმყოფოში წაიყვანეს-მეთქი. პოლიციის მანქანით მოგვაკითხეს და წავედით. გზაში ველაპარაკებოდი: არ ინერვიულო, ბავშვზე იფიქრე-მეთქი. სახეზე ემჩნეოდა, რომ აღარ მისმენდა, თითქოს ხვდებოდა, რაც მოხდა და კორპუსთან მისულმა, ხალხი და პოლიცია რომ დაინახა, ყველაფერს მიხვდა. ერთი თვის უნახავი დედა მიცვალებული ნახა. თიკას ბებია, თამუნას დედა 83 წლისაა, თვალწინ მოუკლეს შვილი და რომ გვეგონა, ჭკუიდან გადადგებოდა, იქით გვაწყნარებს. თიკას მამა და ძმა, გიორგი, განადგურებულები არიან. ფაქტობრივად, გიორგის ჩააკვდა ხელებში დედამისი – ფანჯრის მინის მსხვრევის ხმაზე რომ გამოვიდა და დაინახა, ეგონა, ცუდად გახდა, კრიჭა შეეკრაო და ენას უღებდა პირიდან. რომ წამოაჯინა, მერე დაინახა, თავიდან როგორ მოსდიოდა სისხლი. თამუნა მუხათგვერდის სასაფლაოზე დავკრძალეთ და ალბათ, მას მთელი ცხოვრება ვერ მოვინელებთ.

 

– ახლა როგორ მდგომარეობაშია თიკა? ვიცი, არ პასუხობს ტელეფონის ზარებს, კონტაქტს ერიდება… რა რეაქცია აქვს, როცა ბავშვი ბებოს ითხოვს?

 

– რთულია ამის სიტყვებით გადმოცემა. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, განადგურებული. ჩაიკეტა, არავის ელაპარაკება. ისევ ბავშვის ხათრით ახერხებს თავის ხელში აყვანას. ვაძალებ, ეკონტაქტე მეგობრებს, ასე უფრო მარტივად გადაიტან-მეთქი, მაგრამ, ალბათ, დრო სჭირდება. ერთადერთი, რითიც თავს იმშვიდებს, არის ის, რომ თამუნა აღდგომას გარდაიცვალა და სამოთხეშია. დაწერა კიდეც სოციალურ ქსელში: ჩემი სილამაზე აღარ მყავს, დედა მომიკლეს საკუთარ სახლში! ჩემი მზეთუნახავი დედიკო… მარტო ის მაძლიერებს, რომ სამოთხეში წავიდაო. ეს მისთვის ერთადერთი შვებაა. მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო ჩვენს პატრიარქს პირადი თანაგრძნობისთვის, რაც ჩემი ოჯახის მიმართ გამოიჩინა და ასევე, უღრმესი მადლობა მამა შალვას, რომელიც მობრძანდა, პატრიარქის დანაბარები გადმოგვცა და მისი ლოცვა-კურთხევით პირადად აღუსრულა თამუნას პანაშვიდი. მეცხრე დღეს ვიყავით ეკლესიაში მისულები, საათ-ნახევარი ცალკე ისხდნენ მამაო და თიკა. მამა შალვასთან საუბარი ამშვიდებს. ყველას მადლობა, ვინც მოვიდა და ვერ მოვიდა ამ მდგომარეობაში, ყველას თავისი პრობლემა აქვს… ვიცით, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. მადლობა იმ უცხო ხალხს, რომელთაც საერთოდ არ ვიცნობ და დღემდე მწერენ და მისამძიმრებენ. ბოდიში – ვისაც ვერ გიპასუხათ თიკამ და ალბათ, კარგა ხანი კიდევ ვერ გიპასუხებთ. ძალიან უჭირს იმ სახლში მისვლა და იმ დივანზე ჩამოჯდომა, სადაც დედა მოუკლეს. თუმცა, მითხრა: დედის ხსოვნის პატივსაცემად, რაც მას უყვარდა და გაუხარდება, იმას გავაკეთებო. თამუნას უნდოდა, თიკა ბევრგან გამოსულიყო, ემღერა და პატარა ბავშვივით უხაროდა, თუ ჟურნალში მასზე დაიწერებოდა.

 

– ერთ–ერთ სატელევიზიო გამოსვლაში ბრალდებულზე თქვი: მინდა, კაცობა ეყოს, დანაშაული აღიაროს და მოითხოვოს სასჯელი, ეს მისი მხრიდან მონანიება იქნებაო. ის დაკავებულია, ბრალი წაყენებული აქვს, მიმდინარეობს გამოძიება და რა სასჯელს გულისხმობდი?

 

– ვისაც იარაღთან შეხება აქვს, ყველას უსვრია უმისამართოდ, მათ შორის, ყოფილი პოლიციელი ვარ და მეც. თუმცა, ამ გასროლასაც, თავისი წესი აქვს – ჰაერში უნდა გაისროლო. თანაც, აღდგომა დღეს იარაღის გასროლა არ გამიგია. გადმოდგე აივანზე და ცამეტი ტყვია გაისროლო, არა ჰაერში, არამედ კორპუსისკენ, ამას რა გამართლება აქვს? რაც შეეხება სასჯელს, ის ვიგულისხმეთ, რომ სასჯელის შემსუბუქებაზე და გამოძრომაზე კი არ უნდა იფიქროს, კაცურად უნდა გაიაზროს და აღიაროს დანაშაული.

 

– მისი ადვოკატი ამბობს, რომ ფსიქოლოგიურად მძიმე მდგომარეობაშია და ძალიან ნანობს მომხდარს.

 

– არაადამიანი უნდა იყო, იმას არ ნანობდე და განიცდიდე, რომ შენს უაზრო გასროლას უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლოს საკუთარ სახლში. გულწრფელად მეცოდება მისი ცოლი და სამი შვილი, რომლებმაც მთელი ცხოვრება მამის ცოდვა უნდა ატარონ. მაგრამ თვითონ ის არ და ვერ შემეცოდება. ვურჩევ, გაიაზროს, რაც ჩაიდინა და ეყოს კაცობა, სასამართლოზე აღიაროს და თვითონ მოითხოვოს სასჯელი. ეს იქნება მისი მონანიება. თუმცა, მისი ვერანაირი დასჯა თამუნას ვერ გააცოცხლებს. ძალიან მიჭირს, ჩემს ცოლ-შვილს ვერ ვუყურებ ასეთ მდგომარეობაში. ერთადერთი, ვიდეოები და ფოტოები დაგვრჩა, სადაც თამუნა ულამაზესი და ბედნიერია… და მოგონება. თამუნა ჩემი სიდედრი არ იყო, ის იყო ჩემი მაგარი ძმაკაცი, ასეთი დარჩა და ძალიან დამაკლდა მისი გვერდით დგომა.

 

– გავიგე, თითქოს ბრალდებულის ოჯახის წევრი დაგიკავშირდათ და რაზე ისაუბრეთ?

 

– არ უარვყოფ, იყო ზარი, დამიკავშირდა თამუნას მკვლელის ოჯახის წევრი, მომისამძიმრა და მითხრა, ძალიან განვიცდით და ცუდ დღეში ვართო. სხვა საუბარი არ ყოფილა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი