logo_geo
ოთარ ჭილაძე: ცოდოა, ცოდოა საქართველო, მოუარეთ...
- +

24 მარტი. 2017. 02:40


 

მწერალი რომ თავისი ქვეყნის „თანამდევი სულია" - ეს კარგა ხანია ვიცით და დროდადრო დიდი მწერლის შემოქმედების კითხვისას კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ამ ჭეშმარიტებას. რამდენი წელიც უნდა გავიდეს, ვიდრე საქართველო იქნება, ოთარ ჭილაძე მის თანმდევ სულად დარჩება. ამიტომაც ყველა კითხვა, რომელიც შეიძლება გაჩნდეს ერის ცხოვრებაში, პასუხს მისი კლასიკოსის შემოქმედებაში იპოვის.


20 მარტი დიდი მწერლის დაბადების დღეა. ოთარ ჭილაძეს 84 წელი შეუსრულდებოდა.

 

საქართველოს ყოველთვის ჰყავდა შვილები, კბილით რომ ეჭირათ ფუძე და ჭერი! ოთარ ჭილაძე ერთ-ერთი მათგანი იყო უცვლელად.


2004 წლის მარტში დაწერა ავტობიოგრაფია, მაგრამ მესამე პირში... ხუმრობა-ხუმრობაში ძალიან სერიოზულად თქვა, რისი თქმაც ოთარ ჭილაძეს ოთარ ჭილაძეზე უნდოდა: „რაც შეეხება მეგობრებს, ბავშვობიდან ეთაყვანებოდა ამ ინსტიტუტს, შეიძლება ითქვას, დღე არ უცხოვრია უმეგობროდ; ერთგული, გულითადი, უშეღავათო მეგობრობა იცოდა და მეგობრებიც ყოველთვის მრავლად ჰყავდა. მაგრამ დრო თავისას მოითხოვს და მიაქვს კიდეც - ბევრი, ღმერთმა გაანათლოს, ცოცხალი აღარ არის, ბევრი, ღმერთმა ხელი მოუმართოს, ცხოვრებამ აცდუნა, „სხვა გზას" დაადგა. მაგრამ საბედნიეროდ, არიან უცვლელნიც და მარადიულნიც, როგორიც ვთქვათ, მისი უფროსი ძმა თამაზია".


„უცვლელნი და მარადიულნი" მხოლოდ იქ თუ იდგებოდნენ, სადაც უნდა მდგარიყვნენ, თორემ ჩრდილში წამოწოლილი, მწვადით გულმოყირჭებული ქართველები როგორ შეუდგებოდნენ მხრებით საქართველოს ჭერს...


ამისი ძალა უხორცო სხეულებს შესწევთ მხოლოდ.


ისევ ოთარ ჭილაძე ოთარ ჭილაძეზე: „ჰობი არასოდეს არ ჰქონია, ვერ შეიქმნა საამისო პირობები, მაგრამ ადვილი შესაძლებელია, ახლო მომავალში დიახაც რომ ჰობად ექცეს მაჯის თვლა და წნევის ზომვა"...


ეს ღიმილით... სინამდვილეში კი, როგორც უნდა დაედო მაჯაზე ხელი, გულისყურს ვერ მიაყოლებდა საკუთარი პულსაციის დათვლას, გული ხომ ამ დროს სხვისკენ იყო მიმართული. საქართველოს არითმული გულისცემით ნერვებდაგლეჯილს საკუთარისა რაღა უნდა გაეგო, ან გაჰკვირვებოდა...


ამიტომაც იყო, საავადმყოფოში, უკანასკნელ ჟამს მოკრებილი უკანასკნელი ძალით სამი სიტყვა უთხრა თავზე მდგომ დას: „ცოდოა, ცოდოა საქართველო, მოუარეთ..."


ეს იყო 2009 წელს და ეს იყო უკანასკნელი სიტყვები...


გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე მწერალმა უკანასკნელი ინტერვიუ გაზეთ „კვირის პალიტრას" მისცა, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:


„შიში გამართლდა. თუმცა, უკეთესის მოლოდინი მაინც შემრჩა. მომავლის შიშიც და უკეთესის მოლოდინიც უაღრესად ადამიანური გრძნობაა, მე ვიტყოდი, აუცილებელი თვისებაა სიცოცხლისა და ვიდრე ადამიანი ცოცხალია, არც მომავლის შიში გაუნელდება, არც უკეთესის მოლოდინი. მომავლის შიშს თავად მომავლის გაურკვევლობა აჩენს, ხოლო, უკეთესის მოლოდინს ჩვენი თანდასწრებითა თუ ჩვენი თანამონაწილეობით მიმდინარე ცხოვრება განაპირობებს. აქედან გამომდინარე, ერთიცა და მეორეც, დალხინებულზე მეტად, გაჭირვებულ ადამიანს უმძაფრდება. ასე რომ, არაფერია გასაკვირი, ერთდროულად მომავლის შიშიც მქონდეს და უკეთესის მოლოდინიც...

 

.... ბევრი რამ შეგვეშალა, მაგრამ (და ეს კიდევ უფრო შემაშფოთებელია), შეცდომების გამოსწორებას კი არ ვცდილობთ, ახლებს ვამატებთ. ვერ გაგვირკვევია, ვერც მწერლებს და ვერც ჟურნალისტებს, ეს შეცდომები მართლა შეცდომებია, ანუ მართლა ჩვენი უმწიფარობის, უვიცობისა და უწვრთნელობის შედეგია, თუ შეგნებული, დაგეგმილ-დამუშავებული პროექტის მეთოდური, თანამიმდევრული განხორციელება დროსა და სივრცეში.

 

ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად არსებობს ამგვარი ეჭვის საფუძველი, მით უფრო მწერლისთვის, რადგან მწერალმა თვითონაც არ იცის, რეალობაა მისთვის მთავარი, თუ წარმოდგენილი... და მაინც, ამ ბოლო დროს, ბევრი ისეთი რამ მოხდა ჩვენში, რისი წარმოდგენაც კი დაუშვებლად მიმაჩნია...

 

... ხალხი, რომელსაც ეროვნული ღირსებისა და სიამაყის გრძნობა უჩლუნგდება, ბიოლოგიურ სიცოცხლეს, მართალია, აგრძელებს, მაგრამ კი არ მრავლდება, სხვა ხალხებში ითქვიფება, ილექება... საკუთარს კი არ ქმნის, სხვათა შექმნილს იმეორებს, ხოლო სხვა კულტურის მექანიკური გამეორება ერის თვითმკვლელობას ნიშნავს და, ბუნებრივია, აღარ არის საინტერესო დანარჩენი მსოფლიოსთვის".


 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი