logo_geo
მაკა ცაავა: სულ იმას ვიძახდი, საკუთარ სიცოცხლეს გაჩუქებ შვილო, ოღონდ შენ იცოცხლე-მეთქი - ვერ ვეხმარები. სამართალია?
- +

9 აგვისტო. 2020. 19:13

 

 

 

 

2 თვის გიორგი ვახანია ახლა თურქეთში, აჯიბადენის კლინიკაში უმძიმეს მდგომარეობაში წევს. ის რამდენიმე დღის წინ თბილისიდან რეანომობილით სტამბოლში გადაიყვანეს. ბავშვმა საქართველოში ჰემორაგიული ინსულტი მიიღო. თავის ოპერაცია ჩაუტარდა. ინსულტის მიზეზად ღვიძლის მწვავე უკმარისობა დასახელდა, თუმცა ღვიძლის უკმარისობის მიზეზს საქართველოში ვერ ადგენდნენ. სწორედ ამის გამო გახდა საჭირო თურქეთში მისი სასწრაფოდ გადაყვანა.

 

ოჯახმა ხალხის დახმარებით ბავშვის თურქეთში ჩაყვანა შეძლო, მარტო დიაგნოსტირება 10 000 დოლარი დაჯდა, ამას ემატებოდა რეანომობილით ბავშვის გადაყვანის ხარჯები. დიაგნოზი მძიმეა,

 

პატარა ღვიძლის გადანერგვას საჭიროებს. ამისთვის ოჯახს დამატებით 85 000 დოლარის მოგროვება სჭირდება, ამას ემატება კიდევ ერთი პრობლემა, რადგან გიორგი ჯერ პატარაა, ექიმები ჯერჯერობით ოპერაციასაც ვერ აკეთებენ, სანამ ბავშვის ორგანიზმი არ მომჯობინდება და 3 თვე ოჯახს ფაქტობრივად ბეწვის ხიდზე უწევს გავლა. ამ თვეების განმავლობაში პატარა გიორგი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს და ამასაც სოლიდური თანხები სჭირდება. მართლაც უმძიმესი პრობლემის წინაშე მდგარ ოჯახს, ისევ ხალხის დახმარების იმედი აქვს. იმედია, ამ შემთხვევაშიც, გაერთიანებით კიდევ ერთი სიცოცხლე, ოჯახის ნანატრი გიორგი ვახანია გადარჩება.

 

 

მაკა ცაავა, გიორგის დედა:

 

ცოტა მოვიკრიბე ძალა და პირველ რიგში მინდა კეთილ ადამიანებს მივმართო, რომლებიც ასე ძალიან დაუდგნენ ჩვენს ოჯახს გვერდში. მადლობა, ჩემო კეთილო ადამიანებო. თქვენ მე მომეცით ძალა ფეხზე წამოდგომის. პირველ რიგში ყველას მადლობას გიხდით ამ გაუგონარი თანადგომისთვის და მხარდაჭერისთვის. თქვენი გაერთიანების წყალობით მოვახერხეთ გიორგის თურქეთში ჩაყვანა.  ახლა ის საჭიროებს ღვიძლის გადანერგვას. კიდევ ერთი უბედურება, რაც დამატყდა თავს ის არის, რომ ჩემს შვილს დონორად ვერ გამოვადგები, სხვადასხვა ჯგუფის სისხლი გვაქვს. ამ უმძიმეს დღეებში სულ იმას ვიძახდი, საკუთარ სიცოცხლეს გაჩუქებ შვილო, ოღონდ შენ იცოცხლე-მეთქი და ღვიძლსაც კი ვერ ვაძლევ. ეს არის სამართალი? მაისში, გიორგობას დაიბადა ჩემი გიორგი, ამაზე უბედნიერესი წუთები ალბათ არასოდეს მექნება, დედა გავხდი, ცას ვეწიე სიხარულით. გიორგი ოჯახის ნანატრი შვილია. ნანატრი შვილიშვილი. მთელი ფეხმძიმობის პერიოდში კონსულტაციებზე დავდიოდი, მაქსიმალურად ვცდილობდი არაფერი გამომპარვოდა, ორ ექოსკოპისტთან ვამოწმებდი ყველაფერს.

 

ვეკითხებოდი, ყველა ორგანო ხომ აქვს ჩემს შვილს წესრიგში-მეთქი. გულიდან დავიწყე და რამდენიმე ორგანო ჩამოვუთვალე კიდეც ექიმს. შეშინებული ვიყავი, რადგან ბევრი პატარას ავადმყოფობაზე ვრცელდება სოციალური ქსელით ინფორმაცია და ყველას გასაჭირი გულთან მიმქონდა. გაჩნდა გიორგი და დავბრუნდით სახლში. მალე ბავშვს სახეზე გამონაყარი გაუჩნდა, ამას ფაღარათი დაემატა. ექიმები მეუბნებოდნენ რომ ეს ასაკობრივი იყო და ნელ-ნელა ალაგდებოდა პრობლემა. ბავშვი 2 თვის გახდა, ჭამას მოუმატა, წონაშიც მოიმატა, იზრდებოდა და დღითი დღე უფრო მეტად გვაბედნიერებდა. უცებ ღებინება დაეწყო და სასწრაფოდ მარტვილის ინფექციონისტი მოვიყვანეთ სახლში. მან როგორც კი გასინჯა ბავშვი, მაშინვე მითხრა, ღვიძლი არ მომწონს, სასწრაფოდ ქუთაისში გადაიყვანეთო. დრო არ დაგვიკარგავს, პირდაპირ ქუთაისში წავედით. იქ ბავშვს სიცხე გაუზომეს და 37 ნახევარი აღმოაჩნდა, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო პრობლემა - გვითხრეს, პროტოკოლით უნდა ვიმოქმედოთ, ბავშვი ჯერ კოვიდზე უნდა შევამოწმოთო. 4 საათი ხელში ისე მეჭირა ჩემი შვილი, ყურადღებას არავინ გვაქცევდა, არადა ვხედავდი, ბავშვის მდგომარეობა რომ მძიმდებოდა - ჩემს ხელში ერთ მხარეს ხელ-ფეხი გაუჩერდა ბავშვს. ეს რომ ვუთხარი ექიმს, მიშველეთ, ბავშვი ხელ-ფეხს ვერ ამოძრავებს-მეთქი, მითხრეს, შენ ხარ არაადეკვატური, ბავშვს არაფერი სჭირს, უბრალოდ, ოთახში შუქი ანათებს ცუდადო.

 

ბავშვი უფრო დამძიმდა და ავტეხე წივილ-კივილი, ყურადღება მომაქციეთ, შვილი მიკვდება-მეთქი... არც ერთ დედას არ ვუსურვებ ამის განცდას, ეს საშინელებაა. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ დაგვეტოვებინა კლინიკა და ბავშვი თბილისში გადამეყვანა. ხელი მოვაწერეთ საბუთსაც, რომ მიმყავდა ჩემი სურვილით. ამ დროს ფაქტობრივად ბავშვი გამტაცეს, რადგან ამ გაწამაწიაში უკვე გონებაც დაკარგა... აღმოჩნდა, რომ ბავშვმა კლინიკაში, ჩემს ხელში ინსულტი მიიღო.

 

ახლა ჩემთვის მთავარია, ჩემი შვილის სიცოცხლე შევინარჩუნო და მერე აუცილებლად დავაყენებ იმ ექიმების პასუხისმგებლობას, რომლებიც ასე მომექცნენ, რათა ჩემს მსგავსად სხვა დედებიც არ გააუბედურონ. დროულად რომ მოეხედათ და მიეღოთ ზომები ინსულტს გადავურჩებოდით. მერე იმავე კლინიკაში, სხვა განყოფილებაში აღმოვაჩინეთ ნაცნობი ექიმი, ჩემი მაზლი ექიმია და მისი მეგობარი აღმოჩნდა ერთ ერთი განყოფილების უფროსი, ის ჩაერია მერე და დაიწყეს ბავშვის დახმარება, მაგრამ ბავშვს უკვე სისხლჩაქცევები ჰქონდა თავში და მდგომარეობა ძალიან გართულდა.

 

მეორე დღეს რეანომობილით იაშვილის კლინიკაში გადმოგვიყვანეს. იაშვილის კლინიკის ექიმებს უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა, ჩემი შვილის გადარჩენისთვის, მართლა ყველაფერი გააკეთეს, მთელი ცხოვრება ვილოცებ ედიშერ მაღალაშვილის ოჯახისთვის, რომელმაც ურთულესი ოპერაცია შუა ღამეს გაუკეთა, რადგან დრო არ ითმენდა.... ექიმები მეუბნებიან, თავში პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება, მაგრამ ამით არ მთავრდება ჩვენი პრობლემა. გაირკვა, რომ ინსულტის გამომწვევი მიზეზი ღვიძლია, ატრეზია აქვს და იწამლება ორგანიზმი, ღვიძლი არ ფუნქციონირებს. ინსულტიც ღვიძლის მწვავე უკმარისობამ გამოიწვია. სამწუხაროდ, ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. სასწრაფოდ ბავშვის თურქეთის კლინიკაში გადაყვანა იმიტომ გახდა საჭირო, რომ ექიმებმა ღვიძლზე დიაგნოზი აქ ვერ დასვეს- თურმე საქართველოში ამისთვის საჭირო აპარატურა არ აქვთ. ექიმმა პირდაპირ მითხრა, ჯობია, დრო არ დაკარგოთ და გადაიყვანეთ თურქეთშიო.

 

- თურქეთში გიორგის დიაგნოსტირება დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, ახლა ცნობილია, რომ მას ოპერაციაც დასჭირდება და დონორიც უნდა მოიძიოთ...

 

- ჩემი მეუღლე სახანძრო სამსახურში მუშაობს და ბავშვს დაზღვევა ჰქონდა, თუმცა 15 000 ლარი საქართველოში სრულად ამოიწურა. მარტო გამოკვლევებისთვის თურქეთიდან 10 000 დოლარის კალკულაცია მოგვივიდა, ამას დაემატა ბავშვის რეანომობილით თურქეთში გადაყვანისთვის საჭირო თანხები. ახლა ოპერაციის თანხა რომ გავიგე, ლამის გული გამიჩერდა, 85 000 დოლარი გვჭირდება. ოჯახს ბავშვის თურქეთში წასაყვანი თანხაც კი არ გვქონდა. ეს რომ ჩემმა მეგობრებმა გაიგეს, გვითხრეს, რომ საზოგადოებისთვის გვეთხოვა დახმარება. ეს ძალიან ძნელია მშობლისთვის, მაგრამ, როცა შვილის გადასარჩენად სხვა გზა არ გაქვს, უკან ვერ დაიხევ ადამიანი. მეგობრების დახმარებით, სოციალურ ქსელში გაიხსნა გიორგის დახმარების ფონდი და ბევრი ადამიანი გვეხმარება. უდიდეს მხარდაჭერას და დახმარებას ვგრძნობთ მე და ჩემი მეუღლე სრულიად უცხო ადამიანებისგან, გვერდში დაგვიდგა ჩემი მეუღლის სამსახური - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, ბატონი დავით სუხიშვილი და მთელი კოლექტივი. დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ ჩემი რაიონის მაცხოვრებლებისგან, ახლობლებისგან. ბიოფსიის ორი ანალიზი გაუკეთდა და კვლევებიც ჩატარდა. ღვიძლის გადანერგვა სჭირდება.

 

თურქეთში ამ ოპერაციის ჩატარება ჩვენთვის წარმოუდგენელია, რადგან კოლოსალურ თანხებზეა  საუბარი, ბავშვის ზუსტი დიაგნოსტირების შემდეგ ისევ ვაპირებდით საქართველოში დაბრუნებას და ოპერაციის საქართველოში გაკეთებას, მაგრამ გარანტიას არ გვაძლევენ. რადგან ძალიან პატარაა, გვეუბნებიან, ოპერაციის შემდეგ შეიძლება მართვა გაგვიჭირდესო. ახლა ხელზე ამხელა თანხა რომც გვეჭიროს, ამ წუთას თურქეთიც უარს ამბობს ოპერაციაზე. ბავშვი უნდა მოძლიერდესო, რამდენიმე თვე უნდა გავქაჩოთ, რომ ოპერაციამდე მივაღწიოთო. მაგრამ არც რისკები დაუმალავთ, იმასაც ამბობენ, რომ მართვის ეს პერიოდი იქნება რთული. რადგან ორგანიზმი იწამლება. იმის იმედი მაქვს, რომ გიორგი ძლიერია, გიორგობას დაიბადა და პეტრე-პავლობას თავის უმძიმესი ოპერაცია გაუკეთდა. უფლის იმედად და ხალხის გვერდში დგომის იმედად ვარ. ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, მაგრამ თითოეული ლარი ჩვენთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია.

 

ხალხის გვერდში დგომამ ჩამოგვიყვანა ამ კლინიკამდე. ძალიან ძნელია, როცა დედას ხელში გიჭირავს შეშუპებული, გაყვითლებული უსუსური პატარა და მას ვერ ეხმარები. არავის ვუსურვებ ამის განცდას. ადამიანად აღარ ვვარგივარ, ბავშვს  შია და საჭირო დოზას ვერ ვაჭმევთ, იმიტომ რომ ღვიძლის პრობლემაა. ახლა ვეძებთ დონორსაც, ვერც მე და ვერც ჩემი მეუღლე ვერ გამოდგება დონორადო. ამაშიც ვერ ვადგები ჩემს შვილს და ეს უფრო მანადგურებს... ისევ ხალხის დახმარების იმედი გვაქვს. ვიცი, ბევრმა დედამ შვილი ასე ხალხის გვერდში დგომით გადაარჩინა და მეც დღეს ამ იმედს ვებღაუჭები. მადლობა ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩემი პატარა გიორგის და ჩვენი ოჯახის უდიდესი გასაჭირი. თქვენ აჩუქეთ ჩემს გიორგის ამ დრომდე სიცოცხლე, მჯერა, რომ ჩემი პაწაწუნა ბიჭი მოიკრებს ძალებს და თქვენთან ერთად გაიმარჯვებს.

 

მიმღების ბანკი: "საქართველოს ბანკი" (Bank of Georgia)

ბანკის კოდი (SWIFT):BAGAGE22

ანგარიშის ნომერი: #GE04BG0000000034711800

მიმღები (დედა): მაკა ცაავა (Maka Tsaava)

 

მიმღების ბანკი: თიბისი ბანკი (TBC Bank)

ბანკის კოდი (SWIFT) : TBCBGE22

ანგარიშის ნომერი: #GE14TB7695945064300010

მიმღები (დედა): მაკა ცაავა (Maka Tsaava)

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი