logo_geo
გიულგიუნ მამედხანოვა: ჩემს წარმოდგენაში, საქართველო მხოლოდ მარნეულით შემოიფარგლებოდა
- +

14 აგვისტო. 2020. 23:10

 

 

22 წლის გიულგიუნ მამედხანოვა, რომელიც მარნეულის მუნიპალიტეტში, სოფელი თაქალოში გაიზარდა მის ცხოვრებაზე საუბრობს და ყვება, თუ რა პრობლემებს წააწყდა საქართველოში.

 

მიუხედავად ამისა, გიულგიუნ მამედხანოვას საქართველო ძალიან უყვარს და დიდ ბრიტანეთში, მის დოკუმენტურ ფილმს  არა აზერბაიჯანის, არამედ საქართველოს სახელით წარადგენს.


"ნეტავ, ვინ არიან ეს უცხო ადამიანები და რომელ ქვეყანაში ცხოვრებენ?” - 6 წლის ვიყავი, როცა პირველად გამიჩნდა ეს კითხვა.



იმ პერიოდში, სოფელში, ყველას ძალიან უჭირდა მატერიალურად. განსაკუთრებით რთული ზამთარი და გაზაფხული იყო. ვლოცულობდი, ზაფხული მალე მოვიდეს და "უცხო ადამიანები" ჩამოვიდნენ ჩვენს სოფელში-მეთქი. მიყვარდა "უცხო ადამიანები." მჯეროდა, რომ ღმერთი გვიგზავნიდა ზღაპრული ქვეყნიდან, ჩვენი მოსავალი რომ ეყიდათ და ფული გვქონოდა. მიყვარდა მათი ენაც, ძალიან ლამაზად, სიმღერასავით ჟღერდა.



ზაფხულში, მოსავლის გაყიდვაში რომ დავხმარებოდი მშობლებს, შუადღისსიცხეში გავიდოდი გზაზე და დიდი იმედით ველოდებოდი "უცხო ადამიანების" გამოჩენას. მათ სატვირთო მანქანას შორიდან რომ დავინახავდი, სიხარულით მივრბოდი და აზერბაიჯანულად ვყვიროდი - "ჩვენ პომიდორი გვაქვს, კიტრი გვაქვს, ლობიო გვაქვს! მოდით, ჩვენთან იყიდეთ! მოდით!" მანქანას აჩერებდნენ და მიღიმოდნენ. მერე სწრაფად გავიქცეოდი სახლში და მამას ვეძახდი, მამა, მოვიდნენ-მეთქი. ძალიან ბედნიერი ვიყავი, მშობლებს რომ ვეხმარებოდი. ერთხელ მამას ვკითხე, ვინ არიან ეს ‘’უცხო ადამიანები“ და რომელ ქვეყანაში ცხოვრობენ-მეთქი. მამამ იცინა და მიპასუხა, ქართველები არიან და აქ, საქართველოში ცხოვრობენო. ამან ძალიან დამაბნია - თუ საქართველოში ცხოვრობდნენ, სად იყო მათი სახლები? ჩემს წარმოდგენაში, საქართველო მხოლოდ მარნეულით შემოიფარგლებოდა.



წლები გავიდა,გავიზარდე. ქართული კარგად არ ვიცოდი. სკოლაში ქართულ ენის მასწავლებელი აზერბაიჯანელი გვყავდა და კარგად ისიც არ ფლობდა ენას. სოფელშიც არავინ გვსტუმრობდა ქართველი ვაჭრების გარდა, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა მე-8 კლასის შემდეგ, როცა ჩვენს სოფელში ქართული ენის მასწავლებელი ნანა ჩუნტიშვილი ჩამოვიდა და ჩვენი ცხოვრება სიკეთისკენ შეცვალა. ნანა მასწავლებელი ჩვენთვის გმირი იყო. ორშაბათიდან ხუთშაბათამდე სოფელში რჩებოდა და ძალიან დიდი ენთუზიაზმით გვასწავლიდა ქართულს. გვეუბნებოდა, რომ ჩვენ საქართველოს - ჩვენი სამშობლოს მომავალი და ღირსეული შვილები ვართ და ამისთვის ქართული ენა კარგად უნდა ვისწავლოთ. ისიც გვითხრა, რომ ცნობისმოყვარეები უნდა ვიყოთ და ამ სამყაროში ყველაზე ღირებული გრძნობა სიყვარულია...


2016 წელს სკოლა დავამთავრე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავირიცხე და ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. სოფელში ჩემი პატარა სამყარო მქონდა, სადაც მეგობრობა და სიყვარული იყო, მეგონა, სხვაგანაც ასე იქნებოდა, მაგრამ თბილისში სხვა რეალობა დამხვდა. სახლისა და მშობლებისაგან შორს ვიყავი და თავს მარტო ვგრძნობდი. თავიდან, მეტროს შიშიც კი მქონდა. ცუდად ვხდებოდი, როცა უსახლკარო მოხუცებს ვხედავდი. უხერხულად ვიყავი, თუ დავინახავდი, რომ ქუჩაში შეყვარებულები ერთმანეთს კოცნიდნენ. აქამდე სხვა კულტურულ გარემოში ვცხოვრობდი და სხვა სამყაროში აღმოვჩნდი. თუმცა ჩემთვის ყველაზე რთული იმის გაცნობიერება იყო, რომ თბილისში ყველა ადამიანი ნანა მასწავლებელს არ ჰგავდა.



ერთხელ ავტობუსში ვიყავი და ტელეფონით მამაჩემს ველაპარაკებოდი. ამ დროს შევამჩნიე, რომ ორი ქალი ‘’სხვანაირად“ მიყურებდა. მერე მათი ხმამაღალი საუბარიც გავიგონე - ‘’თათრები არიან, საუკუნეებია აქ ცხოვრობენ, მაგრამ ქართული არ იციან და პატივს არ გვცემენ. აქედან თავიანთ ქვეყანაში უნდა გაყარო!“ ავტობუსიდან სწრაფად ჩავედი და შევეცადე, ყურადღება არ მიმექცია. ნანა მასწავლებელი მხოლოდ სიყვარულსა და პატივისცემას გვასწავლიდა. არ მეგონა, ადამიანი სიძულვილის მსხვერპლი თუ შეიძლებოდა გამხდარიყო, განსხვავებული ეროვნების ან რელიგიის გამო. ეს ყველაფერი ცუდ გავლენას ახდენდა ჩემს ფსიქიკასა და თვითშეფასებაზე. მეორე კურსამდე კურსელებთან კომუნიკაციაც მიძნელდებოდა - ვფიქრობდი, რომ რადგან აზერბაიჯანელი ვიყავი, ქართველი ახალგაზრდები ყოველთვის ჩემზე მაღლა იდგნენ. თუმცა ჩემი ქართველი მეგობრებისგან ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი უნივერსიტეტში და ეს მაძლევდა მოტივაციას.



სწავლა ახალდაწყებული მქონდა და ერთ-ერთმა ლექტორმა არ იცოდა, რომ მუსლიმი ვიყავი. ლექცია ახლო აღმოსავლეთსა და ისლამურ ქვეყნებს ეხებოდა. მახსოვს, როგორი სიძულვილით ამბობდა, მუსლიმები რამაზანის ბაირამის დროს მთელი დღე მშივრები არიან და საღამოს საზიზღრად იტენიან პირში ყველაფერსო. ამის მოსმენისას, ისე ცუდად გავხდი, ვერაფერი ვთქვი. მიკვირდა, როგორ შეიძლებოდა, განათლებულ ადამიანსაც ასე ეფიქრა. მთელი ლექციის მანძილზე ფანჯარაში ვიყურებოდი, ლექტორისთვის რომ არ შემეხედა. ლექცია რომ დასრულდა, დაცინვით მკითხა, მთელი ლექცია ხმა არ ამოგიღია და გეძინაო?! იმდენად ვღელავდი, გაუგებრად ამოვილუღლუღე რაღაც და ბოლომდე მაინც ვერ ვთქვი, ჩუმად რატომ ვიყავი. მერე გვთხოვა, სახელები და გვარები ჩამოგვეწერა ფურცელზე, ვინც იმ დღეს ლექციას ვესწრებოდით. პირველი მივედი მის მაგიდასთან და დავწერე - გიულგიუნ მამედხანოვა. შეშფოთებულმა რომ ამომხედა, თვალი არ მომიცილებია. შემდეგი ლექციაც იმავე თემაზე იყო და სრულიად საპირისპირო რამ თქვა - მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რამაზანი ადამიანის ორგანიზმს აჯანსაღებსო. მისი ლექციები მერეც ავირჩიე, მაგრამ მაინც გულნატკენი ვიყავი. უნივერსიტეტიდან მახსენდება კიდევ ერთი შემთხვევა, როცა ერთ-ერთმა ჯგუფელმა, ჩემი თანდასწრებით, უკმაყოფილოდ თქვა, აზერბაიჯანელები ძალიან მრავლდებიან საქართველოშიო. სხვა ჯგუფელებისაგან იმ დღეს დიდი მხარდაჭერა და ძალა ვიგრძენი - უარყოფითი რეაქცია ჰქონდათ და უთხრეს, ამას როგორ ამბობ, სირცხვილიაო.



ჩემი ქართველი მეგობრები ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები არიან. ყოველთვის გვერდში მედგნენ და მეუბნებოდნენ, რომ ცუდი ადამიანები ყველგან არიან და ქსენოფობია და სიძულვილის ენა ეროვნებას არ ცნობს. ამას ყურადღება არ უნდა მიაქციო და წარმატებისთვის ბევრი იშრომეო. მარწმუნებდნენ, რომ მქონდა ძალა, უკეთესობისკენ შემეცვალა ადამიანების ცხოვრება. ეს ჩემმა წარმატებებმაც დამიდასტურა - დეკემბერში, ფილმების ფესტივალი ჩატარდა თბილისში, სადაც 90-წამიანი ფილმების კონკურსში გაიმარჯვა ჩემმა დოკუმენტურმა ფილმმა. 2020 წლის სექტემბერში, ეს ფილმი, დიდ ბრიტანეთში, ფილმების ფესტივალზე მიიღებს მონაწილეობას და საქართველოს წარმოადგენს. დიახ, მე გავხდი საქართველოს და არა აზერბაიჯანის წარმომადგენელი დიდ ბრიტანეთში. ეს ჩემთვის ძალიან საამაყოა.


კარანტინი ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული ეტაპი იყო. როცა მარნეული ჩაიკეტა და წითელ ზონად გამოცხადდა, ეთნიკური უმცირესობების, აზერბაიჯანელების მიმართ ქსენოფობია გამძაფრდა. სოციალურ ქსელში სულ ქსენოფობიური განცხადებები მხვდებოდა - ‘’თათრები გაუნათლებლები არიან და მათ გამო გავრცელდა ვირუსი", ‘’საქართველოდან უნდა გაყარო და თავიანთ ქვეყანაში წავიდნენ!", "ამდენი ხანია აქ ცხოვრობენ და ქართული არ იციან“ და ა.შ. კარანტინმა დამანახა, რამდენად სერიოზული პრობლემაა საქართველოში სიძულვილის ენა და ქსენოფობია.  მარნეულისა და ბოლნისის საკარანტინო ზონად გამოცხადების შემდეგ, დისკრიმინაციული პოსტების საწინააღმდეგოდ, აზერბაიჯანელმა ახალგაზრდებმა ერთგვარი ‘’ჩელენჯი“ წამოვიწყეთ: "ვარ მარნეულელი, ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ვიცი ქართული ენა. არ ვარღვევ სახელმწიფოს მიერ დადგენილ შეზღუდვებს, ვრჩები სახლში!"ახლა ძალიან ვნანობ, რომ მეც შევუერთდი ამ „ჩელენჯს.“ ეს იყო საზოგადოების წინაშე თავის მართლება და იმის მტკიცება, რომ მე არ ვარღვევ შეზღუდვებს და ვიცი ქართული. საზოგადოებამ ვერ გააცნობიერა, რომ კორონა ვირუსი რელიგიასა და ეროვნებას არ ცნობს, ყველა ეროვნების ადამიანი შეიძლება იყოს უპასუხისმგებლო და არ შეიძლება, ერთის უპასუხისმგებლობა ყველაზე განაზოგადო.



ეთნიკური უმცირესობების ასაკოვანმა თაობამ ქართული კარგად არ იცის. მათ განათლება საბჭოთა კავშირში მიიღეს და მაშინ განათლება რუსულ ენაზე იყო, მით უმეტეს, აზერბაიჯანელებს არ ასწავლიდნენ ქართულს კარგად. 2010 წლის შემდეგ განათლების სისტემა ამ მხრივ უფრო გაძლიერდა. აზერბაიჯანელმა ახალგაზრდებმა იციან ქართული ენა, არიან აქტიურები და საზოგადოების უკეთესობისკენ შეცვლას ცდილობენ.


ჩემთვის ადამიანის სიყვარული ყველაფერზე მაღლა დგას. მყავს სომეხი და ქართველი მეგობრები, ეკლესიაში, სინაგოგაში და მეჩეთში შევდივარ და ყველგან ვგრძნობ ღმერთს. ადამიანებს ვაფასებ ადამიანობისა და არა რელიგიის, ეროვნების, მისი სექსუალური ორიენტაციის მიხედვით. ჩემთვის საქართველო ისეთი ადამიანების ქვეყანაა, სადაც "უცხო ადამიანები", ნანა მასწავლებელი და ჩემი მეგობრები ცხოვრობენ.“

 

 

 

ავტორი: გიულგიუნ მამედხანოვა
ფოტო: ნინო ბაიდაური
ქალები საქართველოდან

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი