logo_geo
„ნუთუ არ გესმით, რომ თქვენი შვილის გადარჩენა თქვენს პირად განწმენდაზეა დამოკიდებული?“
- +

26 მარტი. 2017. 13:36



შვილისთვის ლოცვისას დედა სანთელივით უნდა იწვოდეს რადგან არ გიყვართ ერთმანეთი... ერთ ახალგაზრდა ცოლ-ქმარს მამა პორფირე კავსოკალიველმა უთხრა: „რადგანაც არ გიყვართ ერთმანეთი, ბავშვს, რომელიც მალე უნდა შეგეძინოთ, პრობლემები ექნება". წინასწარმეტყველება ზუსტად ახდა.


შფოთიანი ბავშვი. „რა ვქნათ, მამაო, ჩვენი შვილი ძალზე შფოთიანია და მშიშარა", - შესჩივლეს მამა პორფირეს. „ეს თქვენი ბრალია, - უთხრა მათ ბერმა, - მუცლად ყოფნისას თქვენი ერთმანეთისადმი ცუდი ურთიერთობით მას სულიერი ტრავმები მიაყენეთ, რომლის კვალიც მას მთელი სიცოცხლე გაჰყვება".


ის ჯერ პატარაა, მაგრამ ბევრი რამ ესმის. მამა პორფირე ამბობდა, რომ მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ თავიანთ საქციელს თუნდაც ძუძუთა ბავშვის წინაშე. არ უნდა იფიქრონ, რომ „ის პატარაა და არაფერი ესმის". „შეხედეთ, ჩვილები, სიარულიც რომ არ იციან, როგორი ყურადღებით ათვალიერებენ მათთან მისულ თითოეულ უცნობ ადამიანს. გაფიქრებასაც კი ვერ მოასწრებთ, რომ პატარები წამებში ასკვნიან, როგორი ადამიანი ხართ და ფსიქოლოგიურად გაფასებენ".


მოჯანყე შვილები. მამა პორფირე მწუხარებით ჰყვებოდა ერთ გზასაცდენილ ყმაწვილზე: „მისი მშობლები ძალზე განათლებული ხალხია. მშვენივრად ერკვევიან ფსიქოლოგიაში და მიუხედავად თავიანთი ცოდნისა, საკუთარი შვილი დაკარგეს. რა სიკეთეა ასეთი განათლებისაგან? მხოლოდ ღვთის მადლსა და მხოლოდ ჭეშმარიტ სიყვარულს, თუ მას საიდუმლო მსხვერპლად შევწირავთ ჩვენს მოყვასს, შეუძლია გადაგვარჩინოს ჩვენც და ისინიც".


ერთი ბიჭის მშობლებმა, რომელიც ნევრასთენიით დაავადდა, დახმარებისა და რჩევისთვის მამა პორფირეს მიმართეს. მან მაშინვე „დაინახა" ბავშვის სული და თქვა: „თქვენს შვილს კარგი სული აქვს, ჩემზე უკეთესი. ის ჯანმრთელია. ბიჭმა სულიერი ტრავმა მიიღო და აჯანყდა. ამის მიზეზი თქვენი სიამაყე და ცუდი წრეა, რომელშიც ის მოხვდა. მხოლოდ თქვენი პირადი წმინდანობა დაუბრუნებს მას ჯანმრთელობას". ეს რომ დედამ მოისმინა, ცრემლი წასკდა, ეგონა, წმინდანობის მიღწევა არ შეეძლო. მამა პორფირემ დაამშვიდა: „ნუ იფიქრებთ, რომ წმინდანობა მიუწვდომელია ადამიანისთვის. განწმენდა ადვილია. მხოლოდ სიმდაბლე და სიყვარული უნდა მოიპოვოთ".


მოჯანყე შვილი და კარგი მამა. მამა პორფირე ამბობდა, რომ კარგმა მამამ არასოდეს უნდა დაკარგოს ინტერესი შვილების მიმართ. მაშინაც კი, როცა ისინი გარდატეხის ასაკში სასტიკნი, მოჯანყენი ხდებიან, ურჩობენ, არ უჯერებენ და მათი აზრები მამათა აზრებისგან ხშირად განსხვავდება. სწორედ აქ უნდა გამოვლინდეს კარგი მამის ოსტატობა და სიყვარული. ბავშვები, სანამ მოიზრდებიან, თავიანთი გამოუცდელობით მრავალ უგუნურ ნაბიჯს დგამენ, რითაც განარისხებენ მშობლებს, განსაკუთრებით მამებს. ხშირად ოჯახისთავი გასასტიკდება, ივიწყებს, რომ აუცილებელია კარგ მამად დარჩეს და მკაცრ პოლიციელად გადაიქცევა. ზიანი, რომელსაც ამ შემთხვევაში შვილს აყენებს, ხშირად გამოუსწორებელი ხდება.


თუ ახალგაზრდა კაცს მტკიცედ სჯერა, რომ მამამისი მართლა კარგი კაცია და შეგნებული აქვს, რომ იგი სწორედ მამობრივი სიყვარულით ითმენს მის უგუნურ საქციელს, მაშინ მას მთელი სიცოცხლე ემახსოვრება მამა და იტყვის: „მამაჩემი წმინდა კაცი იყო, მე ის მაშინ კარგად გავიცანი, როცა ჩემში ახალგაზრდული უგუნურება ბობოქრობდა".


ბავშვის გადარჩენა მშობელზეა დამოკიდებული. ერთხელ მამა პორფირესთან მივიდნენ ერთი ბავშვის მშობლები, რომელსაც გარდატეხის ასაკში ხასიათი დაუმძიმდა და რჩევა ჰკითხეს. მამა პორფირემ დაუწყო საუბარი იმაზე, რომ მათ საკუთარ სულიერ ცხოვრებას უნდა მიაქციონ ყურადღება. მშობლები ისევ და ისევ ბავშვზე საუბარს უბრუნდებოდნენ, მაგრამ მამა პორფირე მათ კვლავ ქრისტიანულ და მშობლის მოვალეობებს შეახსენებდა. გაოცებულმა მშობლებმა უთხრეს: - მამაო, ჩვენ გამო არ მოვსულვართ, რასაც გვეუბნები, ყველაფერი ვიცით. აქ ჩვენი შვილის გამო მოვედითო. მამა პორფირემ უპასუხა: „ნუთუ არ გესმით, რომ თქვენი შვილის გადარჩენა (ცხონება) თქვენს პირად განწმენდაზეა დამოკიდებული? არა თეორიულ, არამედ პრაქტიკულ განწმენდაზე!.. თუ მართლა გიყვართ შვილი, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოთ განწმენდისკენ სწრაფვა. ახლა მე მისი სული „დავინახე"... იგი მკვდარია".


არასოდეს. მამა პორფირემ უთხრა ქრისტიან ცოლ-ქმარს:


- თქვენმა შვილებმა არასოდეს არ უნდა გაიგონ, როგორ ჩხუბობთ... ერთმანეთს ხმამაღალ სიტყვას რომ ეტყვით, ესეც კი არ უნდა გაიგონონ!


- განა ეს შესაძლებელია, მამაო?


- რა თქმა უნდა, შესაძლებელია! ამიტომაც კარგად დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა: ბავშვების წინ არასოდეს იჩხუბოთ... არასოდეს!


ლოცვის „სულიერი მოალერსება". ყოველთვის, როცა მამა პორფირე საუბრობდა, მხედველობაში ჰქონდა ღრმა და განგრძობილი ლოცვა და არა ზედაპირული, დროდადრო აღსრულებული.


ერთმა ქალმა ნაცნობის პირით მამა პორფირეს რჩევა ჰკითხა თავისი ვაჟის პრობლემებზე. ბერმა თქვა: „ბავშვს შინაგანად უჭირს. ის თავისთავად კარგი ყმაწვილია და არ უნდა, რასაც აკეთებს. მაგრამ მას აქვს შანსი, განთავისუფლდეს თავისი პრობლემებისგან. ეს რომ მოხდეს, დედამისმა წმინდანობისკენ უნდა ისწრაფოს. ბიჭმა თავისუფლება რომ მოიპოვოს, აუცილებელია გვერდით ჰყავდეს წმინდა ადამიანი, სიყვარულის ადამიანი, რომელიც მას კი არ დამოძღვრავდა, კი არ დააშინებდა, არამედ წმინდად იცხოვრებდა. მაშინ ბავშვი დაინახავდა მის წმინდა ცხოვრებას, შეშურდებოდა მისი და დაიწყებდა მის მიბაძვას. უპირველესად კი აუცილებელია, კაცმა ბავშვისათვის ილოცოს მხურვალე, ძლიერი ლოცვით. დედას უყვარს თავისი შვილის მოფერება და ალერსი. მაგრამ მან უნდა იმეცადინოს ლოცვით სულიერ ალერსშიც. როცა დედა ულოცველად ეფერება შვილს, ამით იშორებს მას... მაგრამ როცა ის მუდამ მხურვალედ ლოცულობს შვილისთვის, მაშინ ვაჟი თავის სულში გრძნობს აუხსნელ „სულიერ ალერსს", რაც მიიზიდავს დედისკენ. შვილისთვის ლოცვისას დედა სანთელივით უნდა იწვოდეს. დაე, ილოცოს მარტომ, მდუმარედ, აღაპყროს ხელები ქრისტესკენ და ამით დაფარულად მოეფეროს თავის შვილს".



ვტორი: კახაბერ კენკიშვილი


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი