logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი SNGP-ის საინფორმაციო შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა
- +

23 ოქტომბერი. 2020. 13:43

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მიღებიდან 5 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. ირაკლი ღარიბაშვილმა SNGP-ის ინიციატივების განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. მინისტრმა NATO-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს არსებითი პაკეტის წარმატებით განხორციელებაში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

მინისტრმა არსებითი პაკეტით განსაზღვრული ინიციატივების წარმატებით განხორციელებაში გერმანიის ხელმძღვანელობით NATO-ს ძირითადი ჯგუფის ჩართულობა ხაზგასმით აღნიშნა.

 

„საქართველოსა და NATO-ს სამეთაურო სტრუქტურას შორის გაზრდილი თანამშრომლობა არის დასტური ჩვენი პრინციპისა - მეტი NATO საქართველოში და მეტი საქართველო NATO-ში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს NATO-საქართველოს მტკიცე თანამშრომლობას“, - განაცხადა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა 2019 წელს საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში არსებითი პაკეტის განახლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც წლის ბოლოს განახლებული არსებითი პაკეტით NATO-საქართველოს ურთიერთობაში ახალი, კიდევ უფრო ინტენსიური ეტაპი დაიწყება.

 

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში, რომელმაც უელსის სამიტზე მიღებული SNGP-ის იმპლემენტაცია და საქართველოსთვის მისი მნიშვნელობა მიმოიხილა. სიტყვით გამომსვლელებს შორის, ასევე, იყვნენ საქართველოში პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი და NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როსარია პუგლისი. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციაც, რომელიც საქართველოში 5 წლის განმავლობაში NATO-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებების ანგარიშს ასახავდა.

 

SNGP-ის საინფორმაციო შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და მისი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე დაესწრნენ. ღონისძიება „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ საქართველოში გერმანიის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.

 

big_banner
არქივი