logo_geo
"46 წლის ვიყავი, როცა იტალიელმა კაცმა მშობლებს ჩემი ხელი სთხოვა"
- +

24 ოქტომბერი. 2020. 22:35

 

 

ქალბატონი ნუნუ გელაძე იტალიიდან თბილისში ერთი კვირით ჩამოვიდა. ის 8-10 მარტს, თბილისში წარმატებული ემიგრანტი ქალებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ერთ-ერთი მონაწილე იყო. ემიგრანტი ქალების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და მათი ღვაწლის დაფასებას ჩვენში რამდენიმე ინიციატორი ჰყავდა. კერძოდ: საქართველოს პარლამენტის დიასპორებისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, ორგანიზაცია "მე დავბრუნდები" და "დემოგრაფიული აღორძინების ფონდი". ღონისძიებების ორგანიზატორები გახლდნენ: თემურ ჭკუასელი, ინა ასანიძე და თამარ ჩიბურდანიძე. მათი მიზანია საზოგადოებას გააცნონ ის ემიგრანტი ქალები, რომლებიც საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით მოღვაწეობენ და საქართველოს პოპულარიზაციას სხვადასხვა გზით ეწევიან, უცხოეთში მყოფ ქართველებსაც ეხმარებიან და მათი სახელი არაერთ კეთილ საქმეში ფიგურირებს.

 

 

ემიგრანტი ქალების დაჯილდოების ცერემონია 10 მარტს, რუსთაველის თეატრში გაიმართა. იქ შეკრებილმა საზოგადოებამ 15 ქალბატონის ღვაწლისა და საქმიანობის შესახებ უკეთ შეიტყო. სამშობლოსგან შორს მყოფი მანდილოსნებისთვის ეს დღეები ერთგვარი სტიმული აღმოჩნდა. ისინი ბედნიერები ჩანდნენ იმ დაფასებითა და წახალისებით, რომელიც აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში დაიგეგმა.

 

ნუნუ გელაძე:

 

 საკუთარ თავზე ლაპარაკი მეუხერხულება (იღიმის). დედა რუსული ენის პედაგოგი იყო, ხოლო მამა აგრონომი, რომელიც არაჩვეულებრივ ლექსებს წერდა, გრიშაშვილის პოეზია ზეპირად იცოდა. მე და მამა ერთმანეთს ლექსების ცოდნაში ვეჯიბრებოდით და ის ყოველთვის მჯობნიდა. განათლებით ფილოლოგი ვარ, მთარგმნელი. უნივერსიტეტის თარგმანის კათედრა რომ ჩამოყალიბდა, მისი პირველი ნაკადის გამოშვება ვიყავი. რუსულ ლიტერატურას ქართულად ვთარგმნიდი. უმაღლესის დასრულების შემდეგ იტალიური ენა შევისწავლე. თარგმნილი მაქვს: იტალო კალვინოს, ჯოვანი პაპინის, ვინჩენცო კარდარელის და სხვა ბევრი ცნობილი ავტორის პროზა და პოეზია. 46 წლის ვიყავი, იტალიაში რომ გავემგზავრე. 15 წელია იქ ვცხოვრობ და დავიწყე ქართველი ავტორების თარგმნა იტალიურ ენაზე. ჩემი მისია სწორედ ეს იყო - ქართული კულტურის, ლიტერატურისა და პოეზიის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ.

 

- რამ გამოიწვია თქვენში იტალიური ენით დაინტერესება?

 

უნივერსიტეტში რომ ვსწავლობდი, ყოველთვის მინდოდა, რომელიმე უცხო ენას დავუფლებოდი. რატომღაც, ინგლისური გულზე არ მეფონებოდა. პოლონურის შესწავლით დავიწყე. სომხურსაც "ვეპარებოდი". რადგან ახალციხეში გავიზარდე, სადაც ბევრი სომეხი ცხოვრობდა, ეს ენა ხშირად მესმოდა და მეც ვლაპარაკობდი, მაგრამ შემდეგ გადამავიწყდა. რაც შეეხება იტალიურს: ჯერ ჩერდანცევას "იტალიური ენის თვითშემსწავლელი" წიგნი ვიშოვე და ენის სწავლა ასე დავიწყე, მერე შევყევი და შევყევი. საერთოდ, იტალიური ენისადმი სიყვარული იმ ფაქტმაც განაპირობა, რომ ჩემს ოჯახში ყოველთვის ისმოდა ვერდის მუსიკა. დედას ძალიან უყვარდა კლასიკა და განსაკუთრებით - იტალიური. ბაირონი ამბობდა: ინგლისელები იძულებულები ვართ, საუბრის დროს ვისისინოთ, ვიჩიფჩიფოთ, მაშინ, როცა იტალიელები მღერიანო. ახალ-ახალ მოსწავლეებთან შეხვედრას ბაირონის სწორედ ამ სიტყვებით ვიწყებ. არის ერთი ასეთი გამოთქმაც, - მტერს გერმანულად უნდა ელაპარაკო, მეგობარს ფრანგულად და შეყვარებულს იტალიურადო.

 

- 15 წლის წინ რა გახდა საზღვარგარეთ თქვენი გამგზავრების მიზეზი?

 

 ეს ცოტა სენტიმენტალური თემაა. ვახტანგ ესვანჯიას სახელობის იტალიურ სკოლაში ვმუშაობდი. ეს არაჩვეულებრივი სკოლა დღესაც არსებობს. მოსწავლეები გაცვლითი პროგრამით ერთი თვით მიგვყავდა იტალიაში. ისინი ოჯახებში ცხოვრობდნენ და იქაურ სკოლაში გაკვეთილებს ესწრებოდნენ. ერთ-ერთ ჯგუფს წავყევი და სრულიად შემთხვევით, იმ ოჯახში, სადაც ჩემი მოსწავლე დაბინავდა, მომავალი მეუღლე გავიცანი. მაშინ ალბერტო მორავიას ესეები მაინტერესებდა და მითხრა, - ბიბლიოთეკაში წაგყვებით და მათ მოძებნაში დაგეხმარებითო. ერთად წავედით, მერე ჩემი ლიტერატურული გემოვნებით დაინტერესდა. გავისაუბრეთ, ერთმანეთს დავუახლოვდით. ჩემი მეუღლე, ეჯიდიო ფუსკო პროფესიით ეკონომისტია, მაგრამ არაჩვეულებრივ ლექსებს წერს და როგორც ავტორს, რამდენიმე პრემიაც აქვს მიღებული. ძალიან კარგი ადამიანია. როგორც პროფესიონალი, ვთვლი, რომ ის უკეთესი ფოტოგრაფია, ვიდრე პოეტი. უმეტესად, პეიზაჟებს იღებს, ბევრ ფოტოკონკურსში მონაწილეობდა და მისი ნამუშევრები პრემიებითაც აღნიშნულა... მივლინებიდან რომ დავბრუნდი, ძალიან მალევე ჩამომყვა. პირდაპირ მოვიდა ჩემს მშობლებთან და მათ შვილის ხელი სთხოვა (იღიმის). ეს იყო ბედისწერა. 15 წელი გა­ვიდა და დილით რომ გავიღვიძებ, ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე, - ღმერთო, აქ რა მინდა? რამ გადამაწყვეტინა გამომგზავრება? 46 წლისას როგორი ძლიერი სიყვარული მეწვია, რომ ასე ავცეტდი ეს ასაკოვანი ქალი (იღიმის)?! ლექსებით დამიპყრო. თბილისში, სკოლაში რომ დავბრუნდი, ლექსებს ფაქსით მიგზავნიდა.

 

- მაშინ თქვენი მეუღლე რამდენი წლის იყო?

 

ეჯიდიო ჩემზე 20 წლით უფროსია.

 

- რომელ ქალაქში დასახლდით და თავიდანვე თუ გქონდათ გეგმა, რა უნდა გეკეთებინათ უცხო ქვეყანაში?

 

 რა თქმა უნდა, მქონდა. ბორგომანეროში ვცხოვრობთ, რომელიც მილანიდან 70 კილომეტრშია. ვფიქრობდი, რომ იტალიაში ბევრს ვიმოგზაურებდით და ამავდროულად, ჩემს მთარგმნელობით საქმიანობას დიდ დროს დავუთმობდი. ჩვენთან ახლოს არის ულამაზესი ორტას ტბა, სადაც ყოველწლიურად, სექტემბრის ბოლოს იმართება პოეზიის საერთაშორისო ფესტივალი. ჩასვლიდან 2-3 თვეც არ იყო გასული, რომ 2001 წელს, უკვე დავიწყე საქმიანობა საქართველოსთვის. ინგლისელი პოეტი ქალის ინიციატივით, ფესტივალზე ერთი საათი დამითმეს, სადაც ქართველი ავტორების შემოქმედებას ორ - ქართულ და იტალიურ ენებზე ვკითხულობ. 15 წლის განმავლობაში ბევრი პოეტი წარვადგინე, მათ შორის: ბაღათერ არაბული, მაყვალა გონაშვილი, გივი ალხაზიშვილი, ვახტანგ ჯავახაძე. სამჯერ ჩამოვიდა დათო მაღრაძე და იტალიაში მისი 5 კრებული გამოვეცი. სხვათა შორის, პაზოლინის ადარებენ. ქართული პოეზია დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. ახლახან თბილისის მერიის დაფინანსებით გამოიცა 32 პოეტი ქალის ინგლისურ-ქართული კრებული. მინდა, ახლა ეს კრებული წავიღო ფესტივალზე წარსადგენად. შარშან ვთარგმნე და გამოვეცი პოეზიის მცირე ანთოლოგია, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ფინანსური მხარდაჭერით. მასში შესულია 16 პოეტის ლექსები. მახსოვს, ლია სტურუას "სამშობლოს" არაჩვეულებრივი რეზონანსი ჰქონდა, ქართულად კი ის ზაზა კოლელიშვილმა წაიკითხა. დარბაზში ფეხზე იდგნენ ქართველი ქალები და ქვითინებდნენ. ამ მცირე ანთოლოგიის გამოცემასა და სხვა საქმეებში კულტურის სამინისტროს, ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრსა და მის ხელმძღვანელს, დეა მეტრეველს ყოველთვის ვემადლიერები.

 

- თანამედროვე ქართველ პოეტებს თარგმნით. რომელი ავტორი არის თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესო?

 

ჩემს სულთან ბევრი ქართველი ავტორის პოეზიაა ახლოს, მაგრამ დავიწყოთ იმით, რომ დღეს იტალიურ პოეზიაში ისეთი კარგი მდგომარეობა არ არის, როგორიც - საქართველოში. იტალიაში ქართველი პოეტი ქალების რანგის მხოლოდ ერთი-ორი პოეტი თუ იქნება. დღეს შემიძლია, თამამად დავასახელო 7 საუკეთესო პოეტი ქალი. შარშანწინ, ორტას პოეზიის საერთაშორისო ფესტივალზე მითხრეს, რომ ორი პოეტის წარდგენა შემეძლო. შევარჩიე მარიამ წიკლაურის - "რა ვუთხრათ შვილებს?" და ლელა სამნიაშვილის - "ჩეჩენი გოგოს ლექსი". საკმაოდ მძაფრი და მტკივნეული ლექსებია. ჩემ შემდეგ არაბი პოეტი უნდა გამოსულიყო, რომელსაც წამღერებით უნდა წარმოედგინა რჩეული ნაწარმოებები. ქართველი პოეტი ქალების ლექსებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მითხრა: ლექსებმა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, გამოსვლას და სიმღერას ვერ შევძლებ, მაპატიეთო.

 

- ქალბატონო ნუნუ, ჩვენში ქართველი პოეტებისა და მწერლების ნაწილი ხშირად ჩივის, რომ წიგნს მკითხველი დააკლდა, გამოცემაც ჭირს და ფასის გამო - შეძენაც. ხალხს ახალგაზრდა ავტორების შემოქმედების გაცნობის საშუალება არ აქვს. საინტერესოა, ამ კუთხით იტალიაში რა მდგომარეობაა?

 

გაცილებით უარესი მდგომარეობაა. არის ერთი არაჩვეულებრივი და ცნობილი პოეტი, ბოლონიის უნივერსიტეტის პროფესორი - დავიდე რონდონი, რომლის გადაცემას ღამის 12 საათის შემდეგ, მცირე დრო ეთმობა. ეს არის და ეს! საერთოდ, მე ყოველთვის თვალყურს ვადევნებ ლიტერატურასა და საერთოდ, კულტურაში მიმდინარე პროცესებს და გარწმუნებთ, კულტურა საქართველოში შუქდება, რასაც იტალიაზე ვერ ვიტყვი. არ არსებობს, 60-მილიონიან იტალიაში კვირა ისე გავიდეს, რომ სადმე კულტურული ღონისძიება არ გაიმართოს, მაგრამ თუ ლა-სკალას გახსნა არ არის ან მაგალითად, სტუმრად ჩამოსული სტინგი არ მღერის, არ აშუქებენ. პოეზიასა და ლიტერატურას კი საერთოდ არ წყალობენ.

 

- რამდენად ხშირად ჩამოდიხართ სამშობლოში?

 

 საქართველოში წელიწადში ერთხელ აუცილებლად, ზოგჯერ კი ორჯერაც ჩამოვდივარ. შარშან მაისში, კულტურის სამინისტროსა და მწერალთა სახლის ინიციატივით, პირველი ლიტერატურული საერთაშორისო ფესტივალი რომ გაიმართა, მაშინ მომიხდა ჩამოსვლა და ახლა - ემიგრანტი ქალებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. რაც შეეხება ჩემს მეუღლეს: 2008 წლის შემდეგ საქართველოში აღარ მოდის, ეშინია. მაშინ ჩვენ ომში მოვყევით, თბილისში ერთი კვირის ჩამოსულები ვიყავით. იტალიის საელჩომ 2 დღეში შეკრიბა თავისი მოქალაქეები და საქართველოდან წაგვიყვანეს. გარდა იმისა, რომ მიმდინარე მოვლენებს განვიცდიდი, ისეთი განცდა მქონდა, რომ სამშობლო მივატოვე. თვითმფრინავში ვტიროდი. მანამდე ჩემს ქმარს ვეხვეწებოდი, - შენ წადი, მე დავრჩები-მეთქი, მაგრამ ამის უფლება დედამ არ მომცა, რომელიც მაშინ ცოცხალი იყო. იტალიაში რომ ჩავედი, მივხვდი, სწორად მოვიქეცი, რადგან ხალხი შევკრიბე და რუსეთის საკონსულოს წინ სამი საპროტესტო აქცია მოვაწყვეთ.

 

- ყველაზე მეტად, რომელ იტალიურ ტრადიციებთან გაგიჭირდათ შეგუება?

 

უმეგობრობა გამიჭირდა. ყოველთვის მეგობრებით ვცხოვრობდი. საყვარელ ადამიანებთან ერთად გამოვიარე უშუქობა, უწყლობა. საჭმელს ეზოში, ცეცხლზე ვამზადებდით და მერე დილამდე ვქეიფობდით. თბილისში, ჩემი სახლის კარი არასოდეს იკეტებოდა. ხშირად ყოფილა, ჩემი მეგობრები რესტორანში იქეიფებდნენ და მერე ჩემთან მოდიოდნენ ან მე გავრბოდი მათთან, გიტარით ხელში. იტალიაში სადღეგრძელოს არ ამბობენ, ჭიქებს მიაჭახუნებენ და იძახიან, - "ჩინ-ჩინ". ქართული სუფრა ხომ ენერგიების გაცვლაა და სადღეგრძელო სამოქალაქო ლოცვა მგონია.

 

- წარმატებული ემიგრანტი ქალებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე თქვენი გამარჯვება ნინო ყაუხ­ჩიშვილს მიუძღვენით...

 

ძალიან სასიამოვნო იყო ამ ღონისძიების ორგანიზება და ჩატარება რამდენიმე მიზეზის გამო. საერთოდ, საზღვარგარეთ ხშირად უსვამ თავს შეკითხვას, - იქნებ აღარ ვჭირდები ჩემს სამშობლოს? კი, ძალიან ხშირად გირეკავენ საქართველოდან, მაგრამ ზოგჯერ, როცა ორი დღე ისე გავა, არავინ შეგეხმიანება, მაშინვე ისეთი განცდა გეუფლება, თითქოს სამშობლოს არ სჭირდები. ახლა კი, გამოჩნდა, რომ თურმე, აქ აფასებენ შენს ღვაწლს და რასაკვირველია, ეს ძალიან სასიხარულოა. რაც შეეხება ნინო ყაუხჩიშვილს, - ის და მისი ძმა, გიორგი ბერლინში დაიბადნენ, შემდეგ კი საცხოვრებლად მილანში გადავიდნენ. და-ძმა მიხეილ ყაუხჩიშვილის შვილები იყვნენ, დედა კი რუსი ჰყავდათ, პეტერბურგელი. მიხეილი ნოე ჟორდანიას მთავრობის დროს წავიდა საქართველოდან. გიორგი ექიმი იყო და სამწუხაროდ, გარდაიცვალა. მისი ქვრივი, ფრანჩესკა საზოგადოებრივ საქმიანობაში ძალიან გვეხმარება.

ნინო ფილოლოგი გახლდათ და პირველად საქართველოში 60-იან წლებში ჩამოვიდა. ის ბევრ კარგ საქმეს აკეთებდა, მაგრამ ამაზე არასოდეს ლაპარაკობდა. ვახტანგ ბერიძესთან ერთად გახლდათ ქართული კულტურის დღეების ინიციატორი. იტალიაში იმართებოდა არაჩვეულებრივი სიმპოზიუმები და პარალელურად, აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში გამართულ ქართული ხელოვნების სიმპოზიუმებში. ამის შესახებ დოკუმენტური ფილმებიც არსებობს. ქალბატონი ნინო რომ გავიცანი, მაშინ იტალიური არ ვიცოდი. წლების შემდეგ, როცა ორტას საერთაშორისი ფესტივალში პირველად ვმონაწილეობდი, ერთმა ჭაღარა ქალმა, კომპლიმენტები მითხრა და შემდეგ ქალბატონი ნინოს გაცნობა შემომთავაზა. ვუთხარი, რომ ვიცნობდი, მაგრამ ის დიდი ხნის განმავლობაში არ მყავდა ნანახი. ჭაღარა ქალბატონს ნინოსთვის ჩემი კოორდინატები მიუწვდია. დამირეკა და თავისთან მიმიპატიჟა. მას შემდეგ ათი წელი ვიმეგობრეთ და ვითანამშრომლეთ. ნინო ყაუხჩიშვილისა და მისი რძლის კარი ყოველთვის ღიაა და ეს არის ქართველების თავშესაფარი იტალიაში. 2005 წელს, მილანში ქართულმა სათვისტომომ პირველად აღვნიშნეთ ნინოობა და ამ დღეს მოხდა იტალიაში გაფანტული ქართველების თავმოყრა. მახსოვს, ნინო სიტყვით რომ გამოვიდა, თქვა, - არქეოლოგად ვიქეციო... მოგვიანებით, დაფუძნდა ქართულ-იტალიური საზოგადოება "სამშობლო გულით სატარებელი" და გარდაცვალებამდე ნინო მისი პრეზიდენტიც გახლდათ. ნინო 2010 წელს, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

- დაბოლოს, ალბათ სისტემატურად ეცნობით და უკვე შერჩეული გყავთ ის ქართველი პოეტები, რომლის თარგმნასაც უახლოეს მომავალში აპირებთ. ასეა?

 

თბილისიდან სისტემატურად მიმაქვს წიგნები. თებერვლის ბოლოს დავასრულე და გამომცემლობას ჩავაბარე გივი ალხაზიშვილის კრებული, მომავალი წლისთვის კი ლია სტურუას ლექსები გამოვა. უახლოეს მომავალში მინდა, ქართულად ვთარგმნო დევიდე რონდონისა და ჯულიანო ლადოლფის ლექსები. ეს უკანასკნელი ჩემი გამომცემელი გახლავთ. მასთან წლებია, ვთანამშრომლობ, დავმეგობრდით და ერთი სული აქვს, როდის ეწვევა საქართველოს. მსურს, შემოდგომაზე ეს ორი ადამიანი საქართველოში ჩამოვიყვანო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი