logo_geo
ზალიკო სულაკაური: დედა მიტირა. თავიდან არ მჯეროდა, მეთქი, რა კორონა, რის კორონა?
- +

8 დეკემბერი. 2020. 22:01

 

 

 

მხატვარმა ზალიკო სულაკაურმა კორონავირუსი დაამარცხა. მხატვრის ცოლ-შვილიც დასნებოვნებული იყო. უკვე ყველაფერი უკან მოიტოვეს.

 

როგორც ცნობილი კარიკატურისტი “პრაიმამბებთან” აღნიშნავს,  “ზალიკოს ცენტრის” დახურვამ, ისე დათრგუნა, რომ მთელი პანდემიის პერიოდში არაფერი დაუხატავს და სულიერ შიმშილს განიცდის.

 

სულაკაური ჩვენს მკითხველს თავის განცდებზე უამბობს.

 

ზალიკო სულაკაური: – თავიდან არ მჯეროდა, მეთქი, რა კორონა, რის კორონა? და დადებითიო! ცხოვრებაში არაფერი დადებითი არ გაქვს და ერთი დადებითი აღმოგაჩნდა და იმის თქმაც გიტყდებაო, ცოლი ასე ხუმროდა.

 

ჭირს რომ მოიშორებ და რაღაც დადებითის დასაწყისი რომ გგონია, ასე ვარ ახლა. თავიდან წარმოგიდგენია, რომ აუცილებლად მიწასთან უნდა გაგასწოროს, მაგრამ ასე არ არის. რამდენიმე დღე ყნოსვის შეგრძნებას რომ დაკარგავ, საზიზღარი  შეგრძნებაა. გემოს შედარებით ვგრძნობდი, მაგრამ მთლად ბოლომდე ვერა. ჯანმრთელად რომ ხარ და საჭმელს გემოს ატან, ასე ვერ ვჭამდი. ყნოსვა საერთოდ ნულზე მქონდა.

 

სხეულში ძალიან ცუდი შეგრძნება დამეუფლა. სურდო რომ გაქვს, მაგრამ ძალიან ცუდად რომ ხარ… ხელის მიკარებაც ცუდ შეგრძნებას მიტოვებდა. თითქოს მთელი სხეული მეღუტუნებოდა.

 

წყლით ვიჭყიპებოდი. თან რომ არ გწყურია და სვამ! ვბერე ბუშტები. ბავშვებს ვუბერავდი. კიდევ კარგი, ჩემი გოგოები მყავს…

 

სვანმა რომ თქვა, რა ცუდი ბავშვობა მქონდა, არც კორონა იყო, ერთი ბუშტი გვქონდა და ისიც შარდისო. არ იცოდა, რომ შარდის ბუშტის გარდა, ნაღვლის ბუშტიც ჰქონდა, თორემ უფრო ბედნიერი ბავშვობა ექნებოდა.

 

ასე იუმორით, დადებითად უნდა შევხვდეთ განსაცდელს, განწყობით. ფსიქოლოგიურად მაგრად უნდა დაუხვდე, დედას ვუტირებო, უნდა თქვა. ასე თუ მიუდგები, ონკოლოგიურ დაავადებასაც მოერევი.

 

ადვილად გადავიტანე, აი, ჩემი მამაო შეერთებულია აპარატზე, ფილტვები აქვს გათიშული. ჩემი მეგობრის მამაა. ძალიან ინდივიდუალურია. სამწუხაროდ, სიკვდილითაც სრულდება.

 

ეს რა ჭირი გვეტაკა, რა!

 

მთელი ეს ერთი წელი, რაც კორონაა, არაფერი ნაყოფიერი არ დამიხატავს. სულიერი დეპრესია ჰქვია ამას. დედა მიტირა. არაფერი მნიშვნელოვანი არ შემიქმნია. ზეთში არაფერი დამიხატავს. უნდა გამოვჯობინდე. ხვალ უნდა ჩავუჯდე, აუცილებლად უნდა ვხატო. გპირდებით, რომ რაღაც უნდა გამოვაცხო. თუ გამოვაცხე, ჩათვალეთ, რომ კორონა გადაგორებულია.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი