logo_geo
თბილისში მდინარის სანაპიროს ათვისების ევროპული მოდელის გადმოტანა იგეგმება
- +

6 აპრილი. 2017. 01:58



თბილისის მიწათსარგებლობის განახლებულ გენერალურ გეგმაზე მომუშავე „სითი ინსტიტუტი - საქართველოს" დირექტორი, მამუკა სალუქვაძე დადებითად აფასებს, დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურების მონაწილეობით, მდინარე მტკვრის სანაპიროების გაწმენდის სამუშაოებს, თუმცა მიაჩნია, რომ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გაიწმინდოს მდინარის კალაპოტი.


როგორც მამუკა სალუქვაძემ განაცხადა, გენგეგმის ჯგუფის მიზანია, მდინარის სანაპიროს ათვისების ევროპული ქალაქებისთვის პოპულარული მეთოდი, თბილისშიც გამოიყენონ. რეკრეაციული, გამწვანებული ტერიტორიების მეშვეობით შეძლონ ქალაქში გამავალ მდინარესთან ახლოს მისვლა, თუმცა მიაჩნია, რომ აქ ბუნებრივად გადასაწყვეტი იქნება ეკოლოგიური პრობლემები, რომლებიც თავად მდინარე მტკვრიდან გამომდინარეობს.


მამუკა სალუქვაძის აზრით, პირველ რიგში საპარკე ფუნქცია უნდა შეუნარჩუნდეს იმ ტერიტორიებს, რომლებიც მდინარის ბუნებრივ კალაპოტშია მოქცეული და ასეთი ტერიტორიები მთლიანად განაშენიანებას არ დაუთმონ.


„ასეთი ტერიტორიები ბევრი არ გვაქვს. შეიძლება იყოს დიღმის ჭალები და ლისის ტბასთან არსებული ტერიტორიები. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მდინარესთან არსებულ რეკრეაციულ ზონებს შეუნარჩუნდეს საპარკე ფუნქცია და ამ ტერიტორიებზე არ აშენდეს საცხოვრებელი სახლები იქნება, თუ ცალკეული შენობა-ნაგებობები. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ისევ იმას, რომ მდინარე თავისთვის იქნება და ქალაქი თავისთვის, ჩვენ კი, ძალიან ძვირფას რეკრეაციული თვალსაზრისით ფასეულ ტერიტორიას დავკარგავთ", - აცხადებს მამუკა სალუქვაძე.


მისი თქმით, ასევე საუბარია მდინარესთან იმ რეკრეაციული ფართობების და არეალების მიახლოებაზე, სადაც ამას ხელს ავტომაგისტრალი უშლის.


„პროექტში ჩადებულია, რომ სხვა, ალტერნატიული მაგისტრალების მეშვეობით გარკვეული მონაკვეთები გამოთავისუფლდეს. ეს შეიძლება იყოს მტკვრის მარცხენა სანაპირო, ან საპარკე ზონები გავზარდოთ და მდინარემდე ჩამოვუშვათ, ან გაჩნდეს ასეთი ახალი ტერიტორიები. მდინარის სანაპიროს ათვისების ევროპული ქალაქებისთვის პოპულარული მეთოდი ჩვენთანაც გამოვიყენოთ", - აცხადებს "სითი ინსტიტუტი - საქართველოს" დირექტორი მამუკა სალუქვაძე.


წყარო: geopressnews.ge

 

 

big_banner
არქივი