logo_geo
„ყველა წამისთვის!“ – ეროვნული სკრინინგ ცენტრი და მედიაჰოლდინგი „კვირა“ სოციალურ პროექტს იწყებენ
- +

6 აპრილი. 2017. 16:59



დღეს, 6 აპრილს, ეროვნულ სკრინინგ ცენტრსა და მედიაჰოლდინგ „კვირას" შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის თანახმადაც მხარეები განახორციელებენ ერთობლივ პროექტს სახელწოდებით - „ყველა წამისთვის!"


პროექტის ფარგლებში, კრებულის გამოსაცემად მომზადდება სტატიების სერია იმ ადამიანებზე, რომელთა ცხოვრებაც ერთ წამში შეცვალა კიბოს დიაგნოზმა და რომელთა ცხოვრებაც ყოველი წამისთვის წარმატებული ბრძოლაა. სოციალური პროექტის ძირითადი მიზანი კი, კიბოს პრევენციის შესაძლებლობების მიმართ საზოგადოების ფოკუსირების ხელშეწყობა და დაავადებათა სკრინინგის პროგრამის შესახებ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაა.


„თითოეული ადამიანის ისტორია, რომელიც საბოლოოდ ერთ კრებულში გაერთიანდება, ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება გაიმარჯვო კიბოსთან ბრძოლაში. ამ გამარჯვებაში კი სკრინინგის პროგრამის როლიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ისარგებლო თბილისის მერიის დაავადებათა სკრინინგის პროგრამის უფასო გამოკვლევებით, საწყის სტადიაში აღმოაჩინო პათოლოგია და დროულად იმკურნალო - ესაა ის ფორმულა, რომლითაც კიბოს დამარცხება შესაძლებელია," - განაცხადა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა რემა ღვამიჩავამ.


„მიმაჩნია, რომ მსგავს სოციალურ აქტივობებში ჩართვა თითოეული ჩვენგანისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის საკითხია. შევეცდებით, ახლოს გაგაცნოთ ადამიანები, რომლებმაც თავის თავზე გადაიტანეს ის წუთები, როდესაც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იყვნენ და დაავადებაზე გამარჯვება შეძლეს. ეს, მათ გარდა, იმ ადამიანების გამარჯვება და დამსახურებაც არის, ვინც უშუალოდ ახორციელებს ამ პროგრამას. ადამიანები, რომლებმაც დაავადება დაამარცხეს, დღესაც ჩვენ გვერდით ცხოვრობენ და გვინდა, საზოგადოებამ ახლოს გაიცნოს ისინი. მათი ისტორიები ძალიან ჰგავს ერთმანეთს, ერთი ამბავი აერთიანებს, მაგრამ ის შესაძლოა, გახდეს მაგალითი და დაეხმაროს მათ, ვინც ან ვისი ახლობელიც, ახლა, ამ წუთას იბრძვის „ყველა წამისთვის", - განაცხადა მედიაჰოლდინგ „კვირას" მთავარმა რედაქტორმა ქეთი ხოსიტაშვილმა.


როგორც ეროვნული სკრინინგ ცენტრის სამედიცინო სამსახურის უფროსმა ლევან ხოხობაშვილმა აღნიშნა, ამ პროექტის ფარგლებში ყველა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობას მიესალმებიან და ამ კუთხით მუშაობა გაგრძელდება, რადგან პრობლემა, რომელსაც ეს პროექტი წარმოაჩენს, შესაძლოა, ყველას და ნებისმიერ წამს შეეხოს.


„ამიტომ, ამგვარი პროექტების არსებობა, დაავადებათა სკრინინგის პროგრამის პარალელურად, ხელს შეუწყობს კიბოს განვითარების რისკების შემცირებას და მის პრევენციას," - დასძინა მან.


აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში მომზადებული სტატიები პერიოდულად განთავსდება მედიაჰოლდინგ „კვირას" ვებგვერდზე - www.city.kvira.ge.

 

 

 

 




 

big_banner
არქივი