logo_geo
დავით ნარმანია: დღევანდელი პოლიტიკური თამაში ჩვენ მოვიგეთ - 41:0
- +

11 აპრილი. 2017. 23:10



თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს საკრებულოში მისი ანგარიშის მოსმენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თვენახევრის წინ უმცირესობის მოთხოვნა, მისულიყო საკრებულოში ნაზღაიძის საქმესთან დაკავშირებით, პოლიტიკური შოუ იყო.


„მეშვიდე ანგარიში იყო საკრებულოში და ვამაყობ, რომ ყველა წინამორბედისგან განსხვავებით ყველაზე ანგარიშვალდებული მერი ვარ. რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ წარვდგები დედაქალაქის საკრებულოს წინაშე ანგარიშით. ერთი საკითხი ნიშანდობლივია, მე დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ როდესაც თვენახევრის წინ უმცირესობის მოთხოვნა იყო დედაქალაქის საკრებულოში ნაზღაიძის საქმესთან დაკავშირებით მისვლა, მაშინ პოლიტიკური შოუ უნდოდათ, დღესაც პოლიტიკური შოუ უნდოდათ და ეს კარგად გამოჩნდა, თუმცა არ გამოუვიდათ. დღევანდელი პოლიტიკური თამაში ჩვენ მოვიგეთ 41:0.

 

ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს რატომღაც არ უნდათ სიკეთეების დანახვა, რაც ქალაქში ხორციელდება. ისინი ცდილობენ ისევე სიცრუით ისაუბრონ იმაზე, თითქოს ძალიან ბევრი კითხვა დასვეს და ამ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღეს. მათი მხრიდან ერთი ყველაზე აქტუალური კითხვა, რაც დაისვა, ნაზღაიძის საქმეს ეხებოდა, თუმცა ეს არის მოქალაქე ჩოხელის საქმე, რომელთან მიმართებაშიც მე ძალიან კონკრეტულად გავეცი პასუხი. ჩვენ სტიქიით დაზარალებულ მოქალაქეს დავუდექით გვერდით. რომ არა ეს დახმარება, ჩვენი ოპონენტები მოგვიბრუნდებოდნენ, გვეტყოდნენ, რომ სტიქიით დაზარალებულ ადამიანს არ დავეხმარეთ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.


მისივე თქმით, ისინი დაეხმარნენ ჩოხელს ისევე, როგორც ყველა იმ გაჭირვებულ ადამიანს, ვისაც სტიქიის შედეგად ზიანი მიადგა. დედაქალაქის მერი მიიჩნევს, რომ ოპონენტების ყველა დასმულ კითხვას გასცა პასუხი.

 

„დამატებით თუ რაიმე აინტერესებთ, ან რაიმეში ეჭვი შეაქვთ, საგამოძიებო პროცესი მიდის თავისი გზით და შეუძლიათ მიმართონ გამოძიებას", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.


 

big_banner
არქივი